აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მინი-ფეხბურთში ალექსეი ილიადის სახელობის ტურნირი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თებერვალს თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, სპორტის ოსტატის ალექსეი ილიადის სახელობის ტურნირი ჩაატარა მინი-ფეხბურთში. ტურნირი ალექსეი ილიადის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი გამართვის იდეა ალექსეი ილიადის მეგობარს ლავრენტი ბიბლაიას ეკუთვნოდა.

ალექსეი ილიადი 1945 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 17 წლის ასაკში იგი ჯერ სოხუმის ,,დინამოში“, შემდგომ კი თბილისის ,,დინამოში“ თამაშობდა. ალექსეი ილიადი სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი და  სპორტის ოსტატია ფეხბურთში. იგი ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.

ალექსეი ილიადის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ,,ვიტ ჯორჯიასა“ და ,,ლომებს“ შორის, ,,ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. საპრიზო ადგილდები კი ასე გადანაწილდა:

I ადგილი - "ვიტ ჯორჯია";
II ადგილი - ,,ლომები“ (თბილისი);
III ადგილი - ,,იბერია 2017“.

ტურნირში აგრეთვე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: ,,საუკეთესო მეკარე“ - საბა ტარტარაშვილი (,,ვიტ ჯორჯია“); საუკეთესო ფეხბურთელი - დავით რამაზაშვილი (,,იბერია 2017“); საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ახავეტიანი (,,ლომები“).

ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა დააჯილდოვეს.

ალექსეი ილიადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოს საპატიო სიგელი მიენიჭა.