-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ 2018 წელს სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა.
კერძოდ, მანანა ქვაჩახიას მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი იყო სამინისტროს უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების შესწავლა და მათი მოგვარებისთვის ზრუნვა. გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფატებზე გამოხმაურება და ამის თაობაზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების ინფორმირება; აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 2018 წელს დააფინანსა აფხაზეთიდან დევნილი 180 წარმატებული ახალგაზრდა. თუ 2018 წელს შესაბამისი ბიუჯეტი შეადგენდა 90 ათას ლარს, შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, ეს თანხა 2019 წლისთვის თითქმის გაორმაგდა და 150 ათასით განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით იყო საუბარი გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
ხარისხიანი განათლების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სკოლების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, გასულ წელს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების შენობების შეკეთება, სპორტული დარბაზების რეკონსტრუქცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მათი ინვენტარით, თვალსჩინოებებითა და სხვ. უზრუნველყოფა, სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება და ა. შ.
აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა. აქედან გამომდინარე, მის დაცვა-განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა და სამინისტრომ მთელი წლის განმავლობაში კვლავინდებურად ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების თანადაფინანსება, აგრძელებდა აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამას და ა. შ. თქვა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში კიდევ უფრო ღრმავდება აფხაზური ენის სწავლება, აფხაზურ ენას ეუფლება 300-მდე მოსწავლე.
2016 წლიდან აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციისა და ახლებურად გააზრების მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდებისთვის დაწესდა ჟიული შარტავასა და დიმიტრი (არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიები. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების წახალისების მიზნით კი, კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. შესაბამისად, უკვე გვყავს პირველი სტიპენდიანტები, რაც სხვებისთვის სტიმულისა და მაგალითის მიმცემია.
სამინისტრომ შარშან დაიწყო და წლეულსაც აგრძელებს საინფორმაციო ბანკის შექმნას აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებზე. ამ პროექტის ფარგლებში კი გამოსცა კრებული „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ (პირველი ნაწილი), რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს.
სამინისტროსთვის ასევე პრიოტიტეტულია „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიზანია აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე მეცნიერების ხელშეწყობა, მათი კვლევების წარმოჩენა და ყოველივე ამის ამსახველი კრებულების გამოცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში მათ მივლინებას.
უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. 2018 წელს სამინისტროში კონკურსის წესით სტაჟირება გაიარა 5 სტუდენტმა. მათგან ერთი გამორჩეულად წარმატებული სტაჟიორი სამინისტროში დასაქმდა კიდეც.
ცალ-ცალკე და გამოკვეთილად ითქვა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისა და მასში შემავალი სიიპ-ების: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და სხვ. საქმიანობაზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
კერძოდ, კი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნების მქონე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა კეთილმოწყობილი, კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოყვანილი აკუსტიკის მქონე სარეპეტიციო დარბაზი; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა სტატუსი - აკადემიური; სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დაარსებიდან 30 წლისთავი იზეიმა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 25 წლიანი ლოდინის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო თეატრს გადაეცა დიმიტრი ჯაიანის სახელობის ახლად გარემონტებული დარბაზი.
ითქვა ამავე სამსახურის მიერ „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა“ და „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის“ პროგრამებზე.
საინტერესოდ წარმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის შექმნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების რუკის შედგენა და დაბეჭდვა; სამეცნიერო კონფერენციის - „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში“ ჩატარება და შესაბამისი კრებულის გამოცემა; აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და ამ მიზნით ლევან რჩეულიშვილის წიგნის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ და ალბომის - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - (მოკლე მიმოხილვა)“ გამოცემა და სხვ.
ასევე ვრცელი და მრავალმხრივი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამას, ტურნირებსა და აფხაზეთის ღია პირველობებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მასშტაბურ ცერემონიალს და სხვ.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო საქმიანობაზე და შესაბამის პრიორიტებებზე.
მანანა ქვაჩახიას მოხსენების შემდეგ დამსწრეთ გამოთქვეს აზრი და ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზნით მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა მოსმენილი ანგარიში, შესაბამისად, სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგები მიმოიხილა და განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით მომავალში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გასატარებელ საქმიანობაზე ისაუბრა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში იხილეთ ბანერზე


სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მის შემადგენლობაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს.
სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის პრიორიტეტებზე და განათლების რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„განათლების სისტემური რეფორმის“ მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დეპუტატებს სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები გააცნო. მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ფორმატის შეხვედრა პირველად ტარდება და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს წინაშე მდგარი პრობლემები, საკითხები განხილულ იქნეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტთან და განათლების ცენტრალურ სამინისტროსთან ერთად.
მანანა ქვაჩახიამ განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გალის ოკუპირებულ ზონაში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კონკრეტული ფაქტებიც მოიხმო და აღნიშნა, რომ ამ რეალობის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა და მასზე რეაგირება ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით გაიმართა.


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცემული კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს.
წიგნის იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია, რომელიც თავადვე უძღვებოდა პრეზენტაციას. მისი თქმით, „კრებულში თავს იყრიან აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი განსაკუთრებული მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას? მიუწვდებათ თუ არა ხელი აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში? აქვთ თუ არა ურთიერთობა აფხაზ თანატოლებთან?“
კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში.
პრეზენტაციაზე წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ცნობილმა ჟურნალისტმა მანანა კარტოზიამ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიგლა გობჩიამ, პუბლიცისტმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ და სხვ.
საღამოს ესწრებოდნენ კრებულში შესული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, თავად ერთ-ერთი ახალგაზრდა ქეთი სულავა, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.


გუშინ თბილისში მდიდარი წარსულისა და უდიდესი თეატრალური ტრადიციების მქონე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა. 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და საშხაპეები აქვს.დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაშია განთავსებული.
დარბაზი ასევე დაეთმობა სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს და სხვა დევნილ შემოქმედებით კოლექტივებს. ეს შენობა ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრად იქცევა რომლის მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებაა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, სოხუმის თეატრის ოქროს ხანად წოდებული პერიოდის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქავთარაძემ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთიასიაშვილმა. გამომსვლელებმა გაიხსენეს თეატრის სოხუმში მოღვაწეობის მდიდარი ისტორია, ასევე, მათ მიერ დევნილობაში გატარებული ის პერიოდი, როდესაც საკუთარი დარბაზის უქონლობის გამო შეკედლებულნი იყვნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელის, სამეფო უბნისა თუ თავისუფალ თეატრებში და სპექტაკლების გამართვა მათ სცენებზე უწევდა.
„დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ შენობას, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც ქართულ-აფხაზური კულტურის კერას. დღევანდელი დღე - 2019 წლის 12 თებერვალი - სოხუმის თეატრის უახლეს, 25-წლიანი დევნილობის ისტორიაში განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ თარიღად შევა - დღეიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საკუთარ სპექტაკლებს აქ, ამ კეთილმოწყობილ დარბაზში, ანუ საკუთარ სცენაზე წარმოგვიდგენს.
სოხუმის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში მრავალი გამოჩენილი მსახიობი მოღვაწეობდა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო დიმა ჯაიანი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა იგი დღეს, რა ცეცხლს დაანთებდა მის ამ დიდი ხნის ნაოცნებარ სცენაზე და როგორი ემოციით, ცრემლნარევი ხმით შემოსძახებდა ყველა დროისა და ეპოქის ქართველისა და აფხაზის გასაგონად - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.
ვულოცავ ამ დიდებულ დღეს თეატრალური დასის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელობას და თითოეულ თქვენგანს, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ“.
შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით პატრიოტული იდეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განსაკუთრებული ჯილდო „მაჩაბელა“ მიენიჭა.
სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) სოხუმის თეატრს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.
საღამოზე ნაჩვენები იყო სოხუმის დრამატული თეატრის შესახებ 1953 და 1983 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. საზეიმო ცერემონიალში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლიმა „აფხაზეთი“, ანსამბლმა „ფორტემ“, „თეატრალურმა კვარტეტმა“, ნეკა სებისკვერაძემ, ნუკრი კაპანაძემდა სოფო ბათილაშვილი მონაწილეობდნენ.
საღამოს ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს ახალი დარბაზის სიმბოლური გასაღები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით დარბაზს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახელი მიენიჭა.
თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.


4 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ,,თეთრი ტალღა" დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე აღინიშნა.
საიუბილეო საღამო ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ მინიატურული დადგმით გაიხსნა (რეჟისორი გიორგი რატიანი). შემოქმედებითი საღამოს მსვლელობისას თეატრის დამაარსებელმა გიორგი რატიანმა მოიგონა, თუ რა რთულ პირობებში დააფუძნა მან 1988 წელს თეატრი, თუ როგორ გადააკეთეს იმ დროისთვის სოხუმის მასწავლებელთა სახლის კინოდარბაზი თეატრის სცენად და დადგეს პირველი სპექტაკლი იოზებ კალაბის პიესის მიხედვით - „ჩვენი ეზო“. სპექტაკლის პრემიერა 1991 წლის 10 მაისს გაიმართა. თეატრს კიდევ ერთი პრემიერა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 14 აგვისტოს ომი დაიწყო და თეატრის სოხუმური ცხოვრება გაწყდა... საიუბილეო საღამოზე უჩვენეს გიორგი რატიანის მიეს შესრულებული როლების რეტროსპექტივა,
საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა თეატრის საქმიანობის კულტურული როლი და მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიხეილ რატიანს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.
,,თეთრი ტალღის” მსახიობები სხვადასხვა ნომინაციებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გიორგი რატიანს გაწეული საქმიანობისათვის და ისურვა: ძალიან მალე ერთად ჩავსულიყავით სოხუმში და გვეთქვას: ,,გამარჯობა, სოხუმო!“
საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი რატიანს „სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია“ გადასცა, ხოლო თეატრ ,,თეთრი ტალღას“ კი - მადლობის სიგელი. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს და თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა ჯილდოები გადასცა.
თეატრისა და გიორგი რატიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე მეუფე დანიელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სხვ.
დასასრულ, თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლი ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ ავანსცენაზე გადაჭიმული გემის ბაგირთან საფინალო სცენა გაითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ბაგირთან მდგარმა არაერთმა თაობამ იცის, რა განუმეორებელი იყო აფხაზეთი და ისინიც მოუთმენლად ელოდებიან იქ დაბრუნებას. ამ თეატრის უმთავრესი მისიაც ეს არის: ახალგაზრდობას არ დაავიწყოს სოხუმი და იქ დაბრუნებისთვის შეამზადოს!


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.
პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინფორმაცია ბანერზე: ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტი ბარბარა ტომფსონ ვიუ ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია.
შეხვედრაზე სტუმარს გააცნეს ქართული კულტურის თავისებურებანი და მისი მნიშვნელობა, როგორც მსოფლიოს კულტურის ნაწილისა. ითქვა, რომ კარგი იქნებოდა მისი პოპულარიზაცია ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამ ჭრილში ილაპარაკეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ შემოქმედებაზე, თანამშრომლობის პერსპექტივაზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.


აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოადგილეებთან ბესიკ ოდიშარიასა და ჯაბა ჯაიანთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი გიორგი გობეჩია.
საჯარო დაწესებულების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თანამშრომლების კვალიფიკაციაზე. ამ რეალობის გათვალისწინებით წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქვეპროგრამა „...თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგები“ განახორციელა.
სამინისტროს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, თავიანთი მიმართულებებისა და პოზიციების მიხედვით გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები (ტრეინინგები). ტრენინგებს წარმართავდნენ ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროგრამა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების სრულყოფა/განახლებას ითვალისწინებდა.


27-28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო ტრადიციული საახალწლო ზეიმი, რომელზეც წლულს გლდანის ბავშვთა სახლის 49 აღსაზრდელიც იყო მოწვეული. აფხაზეთის ა/რ განათლებისა დკულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დევნილ ბავშვებს ტკბილეული, ხოლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეულთან ერთად თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები, სახატავი ქაღალდები და საღებავები დაურიგა.
საახალწლო ზეიმს ესწრებოდა ასეულობით დევნილი ბავშვი, რომელთაც სამინისტროს განახლებულ დარბაზში სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიო“ წარუდგინა. ზეიმზე განსაკუთრებულ წინასაახალწლო განწყობას ქმნიდა თოვლის ბაბუა, რომელთან და ნაძვის ხესთან ბავშვები ფოტოსესიას აწყობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. მან დაწესებულების მსჯავრდებულებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები, მათ შორის წიგნები, გადასცა.
N16 პენიტენციურ დაწესებულებას მანანა ქვაჩახიასთან ერთად სტუმრობდა სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ (ანსამბლის ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია ), რომელმაც მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გამართა.
შეხვედრა და კონცერტი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლობით შედგა.


გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ.
ზვიად ბოლქვაძემ მადლობა გადაიხადა დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობისათვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კაპელას მომავალი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გამორჩეულობას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ სიხარულისა და სიამაყის განცდას, რასაც მათი შემოქმედება იწვევს და კვლავაც თანადგომა აღუთქვეს. გულისტკივილით გაიხსენეს ამქვეყნიდან ნაადრევად გასული ადამიანები: აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემქნელი, გამორჩეული მუსიკოსი გურამ ყურაშვილი და კაპელის დიდი გულშემატკივარი და ამ დარბაზის გარემონტების ინიციატორი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. ვინაიდან დარბაზი მუსიკალური კოლექტივისთვის სარეპეტიციოდ მორგებული სივრცე არ იყო, წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარბაზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
კერძოდ, დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვის შემდეგ გადაწყდა, რომ დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად დარბაზის ჭერი დაფარულიყო Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამისთვის ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ იქნა სპეციალისტი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში პირველად მოაწყო დარბაზის აკუსტიკა. აფხაზეთის სარეპეტიციო სივრცეში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა და მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო ოთახები.
დასასრულ აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის კონცერტი გამართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, მართავს საახალწლო ზეიმს 4-14 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისათვის, რათა მათ შეექმნათ საახალწლო განწყობა და მხიარულად შეეგებონ ახალ წელს.
წლეულს, 27-28 დეკემბერს, 14:00 და 16:00 საათზე, საახალწლო ზეიმი გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში (დ. უზნაძის 68), სადაც სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ წარმოადგენს კარლო კოლოდის ზღაპარს „პინოქიო“. სპექტაკლის დასასრულს თოვლის ბაბუა ბავშვებს გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს.
მის: ქ.თბილისი. უზნაძის 68.


სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი.
პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ და წიგნისა და სტამბოლში მისი წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები.
,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" დოკუმენტური ხასიათის წიგნია. ის 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყნიდან ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ადამიანებისა, რომლებიც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობდნენ საქართველო ბოლშევიკური ოკუპაციისგან დაეხსნათ. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).
დარბაზში გამოფენილი იყო აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები. აქვე უჩვენეს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი.
პრეზენტაციის ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს საინტერესო საღამოს მოწყობისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისათვის


დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. დიმიტრი ჯაინის ოჯახის, ახლობელ-მეგობრების, თანამშრომლებისა და კოლეგებისთვის მის გარეშე ჩავლილი ტკივილიანი ერთი წელი გავიდა.
დიმიტრი ჯაიანი იყო პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა და ძალიან ეამაყებოდა, რომ ამ თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავნია. სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც განგებამ ხომ იმ უმძიმეს პერიოდში მასვე დააკისრა.
ცალკე აღინიშვნის ღირსია დიმიტრი ჯაიანის, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე...
დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების დღეს მის უახლოეს ადამიანებს, კოლეგებსა და მეგობრებს, თანამშრომლებს ისევ განუახლდათ ტკივილი, ამ წუთისოფლიდან მისი ნაადრევად გასვლის გამო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.
კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრები და საკითხით დაინტერესებული პირები. მათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოებზე აღბეჭდეს. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ანაკოფიის ციხის; ახალი ათონის, ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის, ფიჩორის, სოფელ წარჩეს ეკლესიების; სათანჯოს ჯიხას; ალოიზის სასახლის და სხვა არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტო-მასალა. ფოტოკონკურსში გამარჯვებული პირების მიერ გამოგზავნილი ფოტოები მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად აღწერს და გადმოსცემს. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფოტომასალა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არქივში არ მოიპოვებოდა. ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები (3 გამარჯვებული კონკურსში) და ისინი მობილური ტელეფონით დააჯილდოვა.
პროექტის შედეგად განახლდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.
