მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე თამარ კობერიძის მონოგრაფიის - „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ წიგნის ავტორსა და რედაქტორებს მნიშვნელოვანი ნაშრომის მომზადებისა და გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მონოგრაფიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაძლიერების თვალსაზრისით.

თამარ კობერიძის მონოგრაფიაში აფხაზეთი განხილულია როგორც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ როგორ აისახა აფხაზეთი სხვადასხვა პერიოდის მწერალთა შემოქმედებაში, ისტორიულ წყაროებსა და მხატვრულ ტექსტებში. ავტორის მრავალმხრივი მიდგომა აფხაზეთის თემას წარმოაჩენს როგორც უწყვეტ და ცოცხალ პროცესს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ეროვნულ ცნობიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში.

ნაშრომის რედაქტორები ნინო მინდიაშვილი და ლადო ჭელიძე არიან. გამოცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სვანეთში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბიოტექნოლოგიების ბანაკი გაიმართა. მესტიამ 6 დღის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტიდან 15-17 წლის 10 ახალგაზრდას უმასპინძლა.

შერჩეული 100 მონაწილე ბანაკის ფარგლებში ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და სხვადასხვა სფეროში მათ გამოყენებას გაეცნო; აგრეთვე, პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ ტრენინგები მოისმინა და ვორქშოპებში მიიღო მონაწილეობა.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე დაესწრო. მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს შესწავლილი მასალის საფუძველზე გუნდურად შექმნილი პროტოტიპები და სტარტაპ იდეები წარუდგინეს, ასევე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

მინისტრის მოადგილემ მოზარდებს ბანაკის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ორგანიზატორებს კი მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებისთვის, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მსგავსი საგანმანათლებლო და განვითარებაზე ორიენტრებული შესაძლებლობის შექმნისთვის.

დასკვნით ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ნადარაია, 9 მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერისათვის 135 600 ლარს გამოყოფს.

 საპროექტო განაცხადების მიღება 2026 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური კულტურული და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქმიანობენ.

 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:

  • შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოები;
  • საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების პროექტები;
  • ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა;
  • ვიზუალური ხელოვნების მიმართულების ხელშეწყობის პროექტები;
  • აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულების პროექტები;
  • თემატური ვორქშოფები/სემინარები.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია: სამინისტროს ვებგვერდზე 

აფხაზეთის ა/რ მთავრობს ერთიან ელექტრონულ პორტალზე 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „აფხაზეთის სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო და  2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში სპორტის სახეობების პოპულარიზაციასა და განვითარებას, სპორტული კლუბებისა და გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას.

ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა და კლუბების უწყვეტი ფუნქციონირებისა და ოფიციალურ ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის უზრუნველყოფას.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე იურიდიულ პირებს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია:

სამინისტროს ვებგვერდზე 

აფხაზეთის ა/რ მთავრობს ერთიან ელექტრონულ პორტალზე 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო და  2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს ინიცირებული სპორტული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისა და სპორტსმენების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას, მათი შესაძლებლობების განვითარებას და ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მასობრივი და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ინკლუზიური სპორტული პროექტები.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს - არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ).

ერთი განაცხადის ფარგლებში მოთხოვნილი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია:

სამინისტროს ვებგვერდზე 

აფხაზეთის ა/რ მთავრობს ერთიან ელექტრონულ პორტალზე 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე აბესალომ რამიშვილის სახელობის აფროსნობის ტრადიციული ტურნირის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ტურნირის დაწყებამდე გური ბაქრაძემ მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აფროსნობის ტრადიციის აღდგენისა და მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სპორტსმენებს მრავალი წარმატებული ასპარეზობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება უსურვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ხუთი საიალქნო კლუბის აფროსნებმა მიიღეს - მათ შორის იყო აფროსანთა კლუბი „ცხუმი“.

ტურნირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და აფროსნობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა სპორტსმენების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში საზღვაო სპორტის ტრადიციების გაგრძელებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას აჭარის ა/რ აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი აფაქიძე, აფროსანთა კლუბ „ცხუმის“ დირექტორი ვახტანგ ხაბურზანია, მწვრთნელები და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად, ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს - გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენებს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა, საქარველოს 15 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში ბესო ქალდანი და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი კოლექტივების ,,აფხაზეთისა" და ,,შავნაბადას" კონცერტს უმასპინძლა.

ანსამბლები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამით წარდგნენ - ქართული ტრადიციული ხალხური კომპოზიციები შეასრულა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ,,შავნაბადამ"; კონცეპტუალური ფოლკლორული პროგრამა “ქორეონიკონი" წარადგინა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა", პროგრამაში სხვადასხვა კუთხის, სტილისა და ჟანრის ქორეოგრაფიული ნომრებია თავმოყრილი.

კონცერტს წინ უძღვოდა ფოტო-გამოფენა ,,კადრები აფხაზეთიდან", რომელიც სოხუმის პეიზაჟებსა და ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

საღამოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და კიდევ ერთხელ გააცნო ფართო აუდიტორიას აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბანაკის 35-მა მონაწილემ შესწავლილი მასალები, პრეზენტაციები და შემოქმედებითი ნომრები წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

საღამოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, პროგრამების მენეჯერი ანი კუდუხაშვილი, ბანაკის ლიდერები და მასწავლებლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა აფხაზეთიდან დევნილ 35 მოზარდს 8 დღის განმავლობაში უმასპინძლა. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებში; გაიღრმავეს ცოდნა ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის მიმართულებით; მოინახულეს გელათის ტაძარი, სათაფლიას მღვიმე, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი და სხვა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჯერად საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი იმართება; აფხაზეთიდან დევნილი მონაწილეებისათვის არაერთი შემეცნებითი და კულტურული აქტივობა ეწყობა. მათ შორის იყო ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, სადაც მოზარდებმა ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო, სამეწარმეო სივრცეები და თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ბანაკის მონაწილეები აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ, ასევე თავიანთი ინიციატივები და სურვილები გაეზიარებინათ.

შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იაკინთე ჩხარტიშვილი და პროგრამების მენეჯერი ანი კუდუხაშვილი, ბანაკის ლიდერები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი 35 მოზარდისათვის საგანმანათლებლო ბანაკში შექმნილია საინტერესო და მშვიდი გარემო, სადაც მონაწილეებს ცოდნის გაღრმავების, ახალი უნარების დაუფლების, თანატოლებთან დაახლოებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა აქვთ. პროგრამა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებს მოიცავს.

8 დღის განმავლობაში, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლები ბავშვებს, არაფორმალური განათლების მეთოდებით, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, ღირებულებით განათლებისა და სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით გაკვეთილებს უტარებენ.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოწვეულ სტუმრებს ბანაკის ფარგლებში მომზადებულ მასალებსა და პრეზენტაციებს წარუდგენენ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში 14-17 წლის ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

8 დღის განმავლობაში მონაწილეებს ისტორიის, ეთნო-კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სემინარები, აგრეთვე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ქორეოგრაფისაგან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია წყალტუბოსა და ქუთაისის ისტორიულ ადგილებში - მოზარდებმა მოწამეთას მონასტერი, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები მოინახულეს.

ბანაკის განმავლობაში შესწავლილი მასალები, კულტურული და საცეკვაო ნომრები მონაწილეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს, რის შემდეგაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

საზეიმო დახურვას წყალტუბოს მერის მოადგილე გიორგი კვასტიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.

საზაფხულო ბანაკის ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურული იდენტობის, მეხსიერებისა და ეროვნული ფასეულობების გაღრმავებას.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მფლობელი მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე, ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში, შერეულ წყვილთა ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

მარიამ მარშავამ გუნდურ შეჯიბრში, მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილთან ერთად, ოქროს მედალიც მოიპოვა.

ვულოცავთ ჩვენს სტიპენდიატებს მოპოვებულ მედლებს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მხარდაჭერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მისანიჭებლად, აბიტურიენთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაცხადების მიღება 4 სექტემბრის ჩათვლით.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიან ელექტროულ პორტალზე

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი და პირობები“ დამტკიცებულია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების შერჩევისა და რეგისტრაციის პროცესს იწყებს.

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ აბიტურიენტები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაცხადების მიღება 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიან ელექტროულ პორტალზე

,,სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამას" საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოსახლეობას შუამთობას ულოცავს.

ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული სანახაობა მოეწყო, გაიმართა საპატიო ხულოელების დაჯილდოების ცერემონია.

მაღალმთიან აჭარაში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

შუამთობის დღესასწაულს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მეთაური ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შუამთობა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სახალხო დღესასწაულია, რომელიც მთის ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის შენარჩუნებას ემსახურება.