აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან შემოტევისას გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1993 წლის15-16 მარტსსოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი   ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
 
1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ გუმისთას მიდამოებში განხორციელებულ შეტევაში, რომელიც რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა, ჩაბმული იყო რუსეთის რეგულარული და სადესანტო ჯარები, ავიაცია, ფლოტი. აფხაზების მხარეს იბრძოდა შამილ ბასაევის ბატალიონიც. მიუხედავად ამისა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს ისეთი მარცხი მიაყენეს, რომ გუმისთას ფრონტზე აფხაზებს ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები აღარ დარჩათ და უკან დაიხიეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა.

ბაბუშერიდან გადმოსვენებული ქართველი მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას თბილისის მისადგომებთან წინ აღუდგნენ ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

იუნკერებმა თავდადებული ბრძოლებით ერთხანს უკუაგდეს მტერი. თუმცა მომდევნო შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. აქვე დაიღუპა მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.

სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში კოჯრის მახლობლად  დაღუპული იუნკერები  დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად  საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2010 წლიდან  ყოველწლიურად, 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად ეშვება სახელმწიფო დროშა და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები დღეს საქართველოს ცენტრალური ხელკისუფლების წარმომადგენლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან  მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.

შეხვედრაზე CIU-ს სტუდენტებისთვის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძემ სამინისტროს პროექტები, სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა - კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე.

მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,, ახალი თაობის ხიდი“.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები.

კლუბის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა.

შეხვედრას სამინისტროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.