აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში  მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების გაძლიერების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს აფხაზეთის სკოლების ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელიც 80 მოსწავლეს აერთიანებს.  2022 წლის იანვარში კი, შეიქმნა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“,  რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხელშეწყობა.

შეხვედრას  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“  ხელმძღვანელი ანა კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.