აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, მოეწყო ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, გასტრონომიული და კალიგრაფიის მასტერკლასები. „აფხაზურ ეზოში“ ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსის, ფოტო მასალისა და ბეჭდური გამოცემების გამოფენა.

თბილისობაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სოხუმურად ქვიშაზე მოდუღებული ყავა დაეგემოვნებინათ და საკუთარი სურვილები და ოცნებები გზავნილის სახით, სიმბოლურად აფხაზეთში გაეგზავნათ.

თბილისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ წარდგნენ, რომლებმაც აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.