აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სახალხო დამცველთან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა კონფლიქტურ რეგიონებში და უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზები. ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.