აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „უეცრად გასულ ზაფხულს“ პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის 138-ე სეზონი სპექტაკლის „უეცრად გასულ ზაფხულს“ პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

სპექტაკლი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესის მიხედვით რეჟისორმა ჯეისონ ჰეილიმ დადგა. პიესა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მოქმედება 1930-იანი წლებში, ახალ ორლეანში ვითარდება.

პრემიერის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს თეატრის ახალი სეზონის გახსნა მიულოცა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ბოლოს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოხუმის დრამატული თეატრის ისტორიის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას გასცნობოდნენ - მიწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.