აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე. ასევე, ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და აქვე მინდა შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროექტები და პროგრამები დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ შეგნებულად, მიზანმიმართულად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას. მინდა ინფორმაციისთვის გაგიზიაროთ კონკრეტული მონაცემი, რომ 1500-ამდე პაციენტს უმკურნალა სახელმწიფომ, იგივე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოვახდინეთ რუხის საავადმყოფოსა, აქ შეიქმნა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისი, 14-ზე მეტი მიმართულებით ვაწვდით ჩვენ სამედიცინო სერვისებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სწორედ ამ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურეობა.

ჩვენ ვეხმარებით ასევე სტუდენტებს, რომლებიც უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.

რა თქმა უნდა, ჩვენი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.

ასე ვთქვათ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, აქაც მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა პრემიერმა.