მთავრობის აპარატი

საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან ამ ახალგაზრდა მოსწავლეებმა, რომელთა დიდ ნაწილს შესაძლოა თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი, ასეთი სიღრმით გადმოსცეს თავისი აზრი და ემოცია.
ეს ახალი თაობა გვაძლევს იმედსა და ძალას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი საერთო მომავლისთვის, რადგან სწორედ ამგვარი ინიციატივები აძლიერებს ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირებს. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესია, რომ მეტად ისმოდეს აფხაზეთის ხმა ჩვენ საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი წარდგნენ.
კონკურსი აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ტრადიციების და ეთნოგრაფიის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და აფხაზეთის შესახებ 1270 ნაშრომი შეიქმნა.
გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.