აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გურამ ოდიშარიამ და ვახტანგ ყოლბაიამ გამოჩენილი აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლი გახსნეს

14 თებერვალს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

ძეგლი გვირგვინით შეამკეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

მწერლის სკულპტურა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაზიანებული, ცნობილმა რესტავრატორმა ელდარ ციციშვილმა აღადგინა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას დაზიანებული ძეგლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აღდგა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

2014 წელი დიმიტრი გულიას 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო წელია.