აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მრგავლი მაგიდა თემაზე „აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლების დანერგვის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს. გამოიკვეთა კონკრეტული შეხედულებები და წინადადებები, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო, არასამთავრობო და უნივერსიტეტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აფხაზური ენის შესწავლის საქმეში, თუნდაც აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი თემურ გვანცელაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის წარმოამდგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური განათლების სამინისტროს ძალისხმევით, სულ მალე, თბილისში, აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება. „როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვაჩნია 13 საჯარო სკოლა, რომლებიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განკარგულებაშია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ შევძელით ამ სკოლებში დაგვენერგა აფხაზური ენა, რადგან არ არსებობდა არც ლიტერატურა, არც მეთოდიკა და არც პროგრამა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენის ფაკულტეტი, სადაც გარკვეული რაოდენობის სტუდენტები სწავლობენ.

ჩვენს განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ ამ საკითხისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყო დღევანდელი კონფერენცია, სადაც საუბარი გვქონდა პრაქტიკული მიდგომებისა და აფხაზეთის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროექტების შესახებ. სავარაუდოდ, ეს იქნება 2 სკოლა თბილისში. შესაბამისი დახმარების გაწევას დაგვპირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ძალიან სერიოზულად შევუდგეთ ამ პროგრამის განხორციელებას". - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

წარმოდგენილი იყო აფხაზოლოგიის სასწავლო ლიტერატურა და აფხაზური ენის სასწავლო გაკვეთილების დისკი.