აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიზნად ისახავდა კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენას. შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში".

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობაზე და ამ გზით კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და კულტურულ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მათ მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და აფხაზი და ოსი მოსახლების განწყობებზეც ისაუბრეს. მათი დიდი ნაწილის მოსაზრებით, საჭიროა სამშვიდობო მიმართულებით საქმიანობა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პოპულარიზაცია. ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდობას გაუჩნდეს სამშვიდობო პროცესში ჩართვის მოტივაცია, რათა პროცესი წინ წავიდეს.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და მოსაზრებები წარმოადგინეს დასმულ საკითხთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, უნდა შეიქმნას კომპლექსური მიდგომა, რომელიც კონსოლიდირებულად უნდა გატარდეს და რისი კონტურებიც სახელმწიფოს მხრიდან გამოიკვეთა. რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მხარეს, ექსპერტთა შეფასებით იგრძნობა, რომ ისინი მზად არიან ურთიერთობის დათბობისათვის.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „შეხვედრაზე გამოთქმული კონკრეტული წინადადებებიც და საპირისპირო მოსაზრებებიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია სტრატეგიის დაგეგმვისას და ხედვების ჩამოყალიბებისას. მე ვფიქრობ, ასეთ წარმომადგენლობით ფორმატში კარგია შეხვედრა, მაგრამ მომავალში სექტორებად უნდა დაიყოს ვინც მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობაზე, სახალხო დიპლომატიის მიმართულებით, ასევე არსებობს სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტიკაზე მუშაობენ, მათთან უშუალოდ გავაგრძელებთ მუშაობას.

დღეს კონკრეტულად წინადადებების, მოსაზრებების შეფასებაზე საუბარი ნაადრევია. დღევანდელი შეკრების მიზანია, გაერთიანდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალიასხმევა იმისათვის, რათა სწორ სტრატეგიულ ნაბიჯებამდე მვიდეთ. გავაანალიზოთ, ჩამოვაყალობოთ, კიდევ რამდენჯერმე შევხვდეთ და საზოგადოებას შევთავაზოთ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული მიდგომები, რომელსაც იზიარებს ექსპერტთა დიდი ნაწილი".

შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა.