აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისი „არტ-ჰოლში“ მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისი „არტ-ჰოლში" აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები", საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი", ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი", სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანასამბლი „ნართები", ფოლკლორული გუნდი „დიოსკურია", აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ვეტერანი მოცეკვავეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფები, ხელოვანები და ოჯახის წევრები.

საიუბილეო ღნისძიებაზე მიხეილ კაკაბაძეს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ღირსების ბრწყინვალე ორდენი გადასცა. მას ასევე გადაეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მადლობის წერილი და სხვა საჩუქრები.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძე 1928 წლის 10 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა კუხში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და ქართული ცეკვის ხელოვნებასაც აქ, ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში, ამ სფეროს დიდ ენთუზიასტებთან თენგიზ დავითაიასა და ვალოდია თოლორდავასთან ეზიარა. ამის შემდეგ მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად იწვევენ.

1958 წელს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიხეილ ვასილის ძე კაკაბაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. მის მიერ აქ დადგმული ცეკვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ცეკვა „ნაბდურა", „სატრფიალო", „მთიულური", „აფხაზური", „ოსური", „დავლური", „აჭარული", „ფერხული", „სადარბაზო" და ცეკვა „ქართული". 2002 წელს მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.