აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

დღეს, 27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მრავალი ღონისძიება გაიმართა.

სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდელმთავრებთან ერთად ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას ასევე დაესწრო ქართული ჯარის ნაწილი.

ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ  დღეს ილოცეს ყველასთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც აფხაზეთის ომში დაეცა. შემდეგ პატრიარქმა  აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხდა. 

ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატი მიაბრძანეს. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. აფახზეთში დაღუპულ გმირებს პანაშვიდი პატრიარქმა გმირთა მოედანზეც გადაიხადა, აფხაზეთის მთავრობას კი გადასცა იერუსალიმიდან ჩამნოტანილი სადაფის ჯვარი, რომელიც მისი თქმით, გახსნის გზას აფხაზთა გულებისაკენ. „ეს ჯვარი ჩამოიტანეს იერუსალიმიდან, მე მას გადავცემ აფხაზეთის მთავრობას და ის იქნება მთავრობაში მანამ, ვიდრე აფხაზეთში არ დავრბუნდებით", - თქვა პატრიარქმა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მუშაკებმა, სპორტსმენებმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

გმირთა მოედნიდან ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და  ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დააბრძანებენ.

დღესვე ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყო ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". ასევე დარიგდა სალომე კაპანაძისა და ქეთევან ჩემიას ავტორობით გამოცებული წიგნები. მონუმენტი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავჯდმომარემ გია გვაზავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დევნილმა საზოგადოებამ. სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ძალიან ამაღელვებელი, იმედიანი, ცრემლის მომგვრელი ფლეშმობი - „გამარჯობა სოხუმო" მოაწყო (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე".

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა და აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწეების საფლავები ყვავილებით შეამკეს.