აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია წიგნის „მე თქვენთან მოვალ“ პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე თქვენთან მოვალ" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

წიგნი სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს - 27 სექტემბერს ეძღვნება და იგი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქვეყანა ვალშია ამ გმირების წინაშე.

წიგნში ილუსტრაციებად გამოყენებულია ასევე ომში დაღუპული მხატვრების - სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნახატები. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.

„მათ სიკვდილი დაამარცხეს, რადგან იმ ავადსახსენებელ ოთხმოცდათორმეტში სამშობლოსგან არ გაქცეულან და მუზარადი არა თავის სიცოცხლეს, ქვეყნის ღირსებას გადააფარეს. მათ იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე შეეძლოთ, რადგან ოთარ ჭილაძისა არ იყოს, არ იყვნენ იმ ბედნიერი ერის შვილები, ვისაც სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობა არ ეოცნებებათ", - ამბობს ავტორი, პროფესორი  სალომე კაპანაძე წიგნის წინასიტყვაობაში.