აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიაში გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი“ გაიმართება

დღეს ჰოლანდიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი" გაიხსნა. აფხაზეთის ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების - ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას შემოქმედებას 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ლეიდენის პრესტიჟული გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" მასპინძლობს.

გამოფენის ორგანიზატორის, დალი უბილავა დე-გრააფის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების: ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც 20 წლის წინ ომის გამო იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა ინსპირირებული.

გამოფენას „ჩემი სახლი - აფხაზეთი" ჰოლანდიური ფონდი „არტექო" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჰოლანდიელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად წარმოადგენს.