აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოში კლასიკური მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალ ”ღამის სერენადები”-ს ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.