აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდის ანგარიში წარადგინა

ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ  ზუგდიდში შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი, მათ შორის სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, დევნილთა დაბრუნება, განათლება ოკუპირებულ გალის რაიონში, ცეცხლის განუახლებლობის გარანტიები

შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს რაუნდი წინა რაუნდებისგან განსხვავდებოდა იმ მძიმე ფონის თვალსაზრისით, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ შექმნა. 

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ეს არ დასტყობია, თუმცა იგრძნობოდა აფხაზური მხარისგან გარკვეული უხერხულობა მომხდარის გამო. მით უფრო, რომ ერთობლივად უყურეს იმ კადრებს, სადაც ფაქტია ასახული. 

ყოლბაიას განმარტებით, ამ რაუნდმა და ქართული მხარის აქტიურობამ ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, მოიტანა ის შედეგი, რომ მკვლელობაში ბრალდებული დღეს შინაპატიმრობაშია. მისი თქმით, ჟენევაში მუდმივად მტკივნეული საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა და ამ საკითხზე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მხარდამჭერთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ასე მოხდა ბოლო შეხვედრაზეც. 

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აქტიურად აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაა. აფხაზური მხარე კი მუდმივად მოითხოვს ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და გარანტიებს თბილისიდან. 

ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ სერვისებზე, რომელსაც ისინი აფხაზებს სთავაზობენ. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დარეგულირებას ნდობის დაბალი ხარიხი აფერხებს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. 

„ჟენევის პერსპექტივა ის არის, რომ გულნატკენობის მიუხედავად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ერთადერთი საერთაშორისო არენაა და ფორმატი, სადაც ყველანი ერთად ვსაუბრობთ. მთავარია არ დავარღვიოთ ის, რასაც ჰქვია ნდობის მოპოვების პროცესი, რთული, ფაქიზი, მაგრამ აუცილებელი, რამეთუ ნდობის გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ იმ ხიდებს, რომელიც ერთმანეთთან მიგვიყვანს“, - განმარტა ყოლბაიამ.

მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერლისა და პუბლიცისტის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცაიალა არდაშელია არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი.

გამოცემული აქვს რამდენიმე მხატვრული და პუბლიცისტური წიგნი, მათ შორის ორი მითოსური რომანი: „იათნანელი ამორძალები“ და „ჟამი მოვალს“; პიესა - „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“ („შენი რაშები ჭიხვინებენ, აქილევს!“); პუბლიცისტური წერილებისა და ისტორიულ-მხატვრული ნარკვევების კრებულები: „უძლური ჭირისუფალი“, „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, „საუნჯე სათნოებისა“, „ყვირილი გვამრთებს დღისით, მზისით“, „ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი“, „მოდი-ნახეს“ მეციხოვნენი“, „საყრდენი“ და სხვ.

 

შემოქმედებითი საღამო გახსნა და მწერალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პოეტი ლია ნაროუშვილი.

ციალა არდაშელიას წლების განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და ღვაწლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და მწერალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა არდაშელიას შემოქმედება ვრცლად მიმოიხილა კრიტიკოსმა ეკა ჩილაჩავამ. მწერალს ასევე მიესალმნენ კოლეგები და ახლობელ-მეგობრები, მკითხველები: ერეკლე საღლიანი, თაკო ჩარკვიანი, აკაკი გასვიანი, თემურ ქორიძე, დავით ბახტაძე და სხვ. მსახიობმა ელდინო საღარაძემ ციალა არდაშელიას რომანიდან „იათნანელი ამორძალები“ ამონარიდები წაიკითხა. 

საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა

აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის.

გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების საქმეში.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104-მა წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.

მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები" გაიმართა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართა.

მრგვალ მაგიდასთან განიხილეს შემდეგი თემები: „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებიდან - აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემებამდე: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა აგრობიზნესში" და „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის".

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე გოჩა ცოფურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოგვარების გზები, აჩვენოს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დევნილთა აგრობიზნესში მონაწილეობის პერსპექტიული მიმართულებები.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა და მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.

„მომავლის ბანაკში“ გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ!

წლეულს , 15 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად  ახორციელებს „მომავლის ბანაკს“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, დაბა შაორში).

ბანაკში ჩართული იქნება 1280  ახალგაზრდა.რომლებიც ბანაკში გაემგზავრებიან  ათ ნაკადად.

ბანაკში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას გაივლიან მუნიციპალური სერვისების პორტალზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის Facebook-ის გვერდზე:

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კვარტეტი „აფხაზეთი“, ბავშვთა ანსამბლი „კავკასიონი“, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მომღერალი მარიკა გულორდავა , პიანისტები ანა და გიგა პაპავები. თეატრის  ფოიეში მოეწყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება.

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2015 წლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცა და საგანმანათლებლო ასპარეზზე შემდგომი წინსვლა და წარმატებები უსურვა.

2015 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში სრული კურსი ოქროს და ვერცხლის მედლებზე 14-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდანაა.

აფხაზეთის ავტონომიურმა ხელისუფლებამ ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა და ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საგანგებო საღამო მიუძღვნა.

საღამოზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“, კვარტეტმა „აფხაზეთმა“, ბავშვთა ანსამბლმა „კავკასიონი“, მომღერალმა მარიკა გულორდავამ , ნორჩმა პიანისტებმა: თეო ხელაძემ, ანა და გიგა პაპავებმა. საქართველოს სახალხო არტისტმა დიმიტრი ჯაიანმა წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის ლექსი „აფხაზური კანტატა“.
თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრები.
 
ლტოლვილთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, მსოფლიოში კონფლიქტური რეგიონების გაზრდაზე, იმაზე რომ მსოფლიოში ამჟამად 65 მილიონი ლტოლვილია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკმა.
 
საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცენტრალური აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო 

საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაფართოებულ სხდომაზე „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გამართა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობაზე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის თემა მუდმივად დღის წესრიგში გვაქვს, რითაც კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ძირძველი აფხაზეთი, რომელიც გარემოებათა გამო დავკარგეთ და ამხელა უბედურება დაატყდა თავს ქვეყანას. ჩვენ ცხადია, არც იმას უარვყოფთ, რომ აფხაზებთან ერთად ვაშენებდით აფხაზეთის კულტურის ძეგლებს, რომლებიც ახლა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დაცვა სჭირდება. ასევე გვინდა მომავალმა თაობებმა, ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ კუთხის შესახებ.“

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მან ასევე ისაუბრა რუკაზე დატანილ ძეგლებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე, ამ ფასეულობათა დაცვის მიზნით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2014 წლის 11 ნოემბრისა და 2016 წლის 24 მარტის სხდომების რეკომენდაციების შესასრულებლად, ამ სამსახურის მიერ გაწეულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის თქმით, „აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“, რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მის შესადგენად სპეციალიტებმა და კომპეტენტურმა ექსპერტებმა ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწიეს. რუკა ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს“. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა: „დარწმუნებული ვარ, ამ რუკის გამოცემა ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნების გარდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. საგულისხმოა, რომ არსებობს რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ბოლოს განიხილეს რეზოლუციის ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს ერთი მთავარი მიზნისკენ, საქართველოს გამთლიანებისკენ მიმართული სტრატეგიული გეგმა, სადაც განხილული საკითხები ფართოდ აისახება. მეტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა აფხაზეთის შესახებ. საერთაშორისო პარტნიორები მეტად ინფორმირებულები და ჩართულები უნდა იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, ამისთვის კი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის სხდომებიც 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება.

დასასრულ მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.

 
 
 
 
 
 
 
 
 
ვახტანგ ყოლბაია ღონისძიებას „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით" დაესწრო

მცხეთაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით  ღონისძიება გაიმართა, სადაც სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3-წლიანი ანგარიში  იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საპატიო თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.

ასევე, ფონდი და კომიტეტი სხვა რეგიონებსაც ეწვევა და მოსახლეობას გააცნობს იმ პროგრამას, რაც უკვე განხოციელდა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებისთვის სამედიციო აქცია ჩატარდა

 

18 ივნისს ქ. ქუთაისში მოქმედი მრავალპროფილური კლინიკა „მედიქალსიტის" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ურთიერთანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში სამედიცინო აქცია მოეწყო, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო სამედიცინო კონსულტაციას ქ. ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მათ შორის კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში) მცხოვრები აფხაზთიდან დევნილი მოსახლეობისათვის. სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლა 73-მა ბენეფიციარმა.

19 ივნისს აქციაში „მედიქალსიტის" მოწვევით ინგოროყვას სახელობის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები ჩაერთვნენ, რომლებმაც მრავალპროფილური უფასო კონსულტაცია გაუწიეს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის  ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს პარლამენტში  „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დამსწრეებმა  რუკისა და აფხაზეთის არქიტექტურული ნაგებობების მდგომარეობაზე იმსჯელეს. მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.

ასევე გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკაზე დატანილი ტაძრების მდგომარეობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკა წარმოაჩენს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტ რიცხოვნობას, რაც სამომავლოდ  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ფართო საზოგადოებისთვის, მეცნიერეული წრეებისთვის, სპეციალისტებისთვის, ექსპერტებისთვის  რუკის მნიშვნელობა ძალიან დიდია. არსებობს მისი ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.

„საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის  რეკომენდაციით, ჩვენი კულტურის სამინისტრო მუშაობდა რუკაზე, რომელიც მოიცავს აფხაზეთში არსებულ ყველა ძეგლს.  ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, ჩვენმა სპეციალისტებმა საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავეს ეს ძალზე საინტერესო რუკა. ამ რუკაზე  დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს აფხაზეთში დღეს არსებული კულტურული ძეგლის ადგილმდებარეობა. საზოგადოება ასევე აღმოაჩენს იმასაც, რა სავალალო მდგომარეობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული ძეგლები. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.  დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ რუკის გამოცემა  მნიშვნელოვანი  მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს  სპეციალისტების  და ექსპერტების დასკვნების გარდა სჭირდება  ერთობლივი ძალისხმევა,  რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. აქვე დავამატებ, რომ გვაქვს ამ რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ცხოვრებაშვილი მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მსოფლიო თასის ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში ირაკლი ცხოვრებაშვილს შეხვდა და მას გამარჯვება მიულოცა.

2016 წლის 9-12  ივნისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში, რომელშიც მონაწილეობდა 411 სპორტსმენი 15 ქვეყნიდან. საქართველოდან ამ შეჯიბრებაზე გაემგზავრა 6 სპორტსმენი. მათ შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ცხოვრებაშვილი, რომელმაც 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე დაამყარა ევროპის რეკორდი 222, 5 კგ. შედეგით წოლჭიმში. სულ საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სამუშაო შეხვედრა თემაზე: ,,სამართალშემოქმედებითი საქმიანობა-საკანონმდებლო ტექნიკა”

2016 წლის  16 ივნისს  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  იუსტიციის  დეპრტამენტში  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის თემაზე: ,,სამართალშემოქმედება – საკანონმდებლო ტექნიკა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტაჟიორები.  სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამართალშემოქმედების (საკანონმდებლო ტექნიკის) მნიშვნელოვანი ასპექტები, სამართალშემოქმედებითი პროცესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენისას ხარვეზების თავიდან აცილების თეორიული და ტექნიკური წინამძღვრები,  ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, განზოგადებულ იქნა  ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებისას მიღებული პრაქტიკა.  ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, სამართალშემოქმედების პროცესის სრულყოფისათვის ხელის შეწყობა და ამ კუთხით დაწესებულებათა კოორდინირებული მუშაობის წარმართვა.  

14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი გაიმართება

14-15 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად გაემგზავრა.

დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

36-ე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას. ასევე, განხილვის მთავარი თემა იქნება  ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.