აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის ხელოვანები ჰოლანდიელ ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში   აფხაზეთის  შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„ ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვანდაიკს შეხვდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფების“ფარგლებში შედგა. აქვე ჰოლანდიური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.
 
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც სტუმარს  შესთავაზა სიურპრიზი- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები, რამაც ოსკაროსანი ქალბატონის აღფრთოვანება გამოიწვია.

სილია ვანდაიკი 1978 წლიდან ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მან დააარსა ანიმაციური ფილმების სადისტრიბუციო სააგენტო„ ანიმირებული ადამიანები“ (“Animated People”), რომლის კოლექციაშიც 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. სილია ვანდაიკს„ ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“გადაეცა. გარდა ამისა, მის  პორტფოლიოს ამშვენებს მრავალი წარმატებული ფილმის წარმოება და ისეთი უმღლესი ჯილდოები, როგორიცაა საფრანგეთის კინო აკადემიის სახელმწიფო პრემია,  ორი „ოქროს დათვი“,  „ოქროს ხბო“ და სხვ.

პროექტი „ოსკარი გადაეცემა... -  სილია ვანდაიკის ვორკშოფები“ჰოლანდიური ფონდი„ არტექოს“ მესამე პროექტია საქართველოში. ფონდი აფხაზეთის მკვიდრმა, პროდიუსერმა დალი უბილავა-დე გრააფმა ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა და მან ჰოლანდიაში უკვე ქართულ ფესტივალ „იბერიას“, აფხაზეთის მხატვრებს და სხვ. უმასპინძლა.  ახლახან დალი უბილავა ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის„ წარმატებული ემიგრანტი ქალის“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება საქართველოში ნატოს კვირეულის ჩატარებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება ნატოს დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით ნატოს კვირეულის გამართვას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან დღემდე მოწოდებული იყო დაეცვა არამარტო რეგიონალური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოება, რომელიც პირველ რიგში თავისთავში მოიცავდა  კონსტრუქციულ - პოლიტიკურ თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების შესანარჩუნებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ საქართელოში გამართული ნატოს კვირეული კიდევ ერთი დამაახლოვებელი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული მისწრაფებების გზაზე, რომლისკენაც საქართველო წლებია მიზანმიმართულად მიისწრაფვის და თავისი სერიოზული წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო უახლოეს მიომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

31 მარტი რეფერენდუმის დღეა

1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.

რეფერენდუმი ჩატარდა 25 წლის წინ 31 მარტს, როდესაც ქართველმა და აფხაზმა ხალხმა ერთად დაადასტურა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების ნება.

დღევანდელი დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

სწორედ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

31 მარტი რეფერენდუმის დღეა

1991 წლის31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.

რეფერენდუმი ჩატარდა 25 წლის წინ 31 მარტს, როდესაც ქართველმა და აფხაზმა ხალხმა ერთად დაადასტურა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების ნება.

დღევანდელი დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის-ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

სწორედ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.

აფხაზეთის 
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეხვედრა თემაზე „აფხაზეთი დღეს, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა თემაზე „აფხაზეთი დღეს. პრობლემები და გამოწვევები" გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის თემით დაინტერესებულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს და აფხაზეთში პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35 -ე რაუნდის შედეგებზე.

მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები სისტემატიური ხასითის ატარებს და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მეტად ჩართულობა აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს და ამ პრობლემებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდა.

დამსწრეთ მოისმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მოხსენება სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმეებსა და გეგმებზე. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი მუდმივად დგას საგარეო უწყების დღის წესრიგში, როგორც UNESCO-სთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების დროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხში მისი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მისივე განცხადებით, სამინისტრო ყველა საშუალებას იყენებს UNESCO-ს  მისიი სსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მივლინების უზრუნველსაყოფად. სხდომაზე ითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, 2015 წლის მარტიდან გაიხსნა „აფხაზეთის დარბაზი-  სოხუმი“, სადაც გამოფენილია კულტურული მეკვიდრეობის ნიმუშები(იგეგმება ასევე ყოფილი ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დარბაზის შექმნა).

აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის  მიზნით შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმეა და თანამშრომლობისთვის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2015 წელს შეიქმნა აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ-  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ   კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მომზადებული სააღრიცხვო ბარათების  საფუძველზე გალის მუნიციპალიტეტის ხუთ ეკლესიას და ერთ ციხეს- ჩხორთოლის, ოქუმის,  ღუმურიშის, წარჩეს ნათლისღებისა, ჭუბურხინჯის წმ. გიორგის ეკლესიებს და წარჩეს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა;  გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე- „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“, აქ წარმოდგენილი თემები გამოიცა კრებულის სახით და გავრცელდა ამ პრობლემატიკაზე მომუშავე  სამთავრობო, არასამთავრობო სამეცნიერო წრეებსა და ბიბლიოთეკებში;

მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის, აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის შექმნაზე,  სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის სამუზეუმო ექსპონატები, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლები და საარქივო მასალები და სხვა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2016 წლის 22 მარტს ქ. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.

მომხდარი ტერაქტები არ ეხება კონკრეტულ ქვეყანას, არამედ წარმოადგენს გამოწვევას ყველა სახელმწიფოსთვის. მთელი კაცობრიობის ძალისხმევაა საჭირო, რომ 21-ე საუკუნეში არ ხდებოდეს მსგავსი სახის ბარბაროსული აქტები და არ იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები.

კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს და ამ მძიმე წუთებში ვდგევართ ბელგიელი ხალხისა და ხელისუფლების გვერდით.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი გაიმართება

საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მთავარი თემები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხება ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გმობს 2016 წლის 16 მარტს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადამღებ ჯგუფზე განხორცილებულ თავდასხმას.

აგრესიულად განწყობილმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ჟურნალისტსა და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს არა მხოლოდ აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა და  ჟურნალისტების, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან შემოტევისას გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1993 წლის15-16 მარტსსოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი   ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
 
1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ გუმისთას მიდამოებში განხორციელებულ შეტევაში, რომელიც რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა, ჩაბმული იყო რუსეთის რეგულარული და სადესანტო ჯარები, ავიაცია, ფლოტი. აფხაზების მხარეს იბრძოდა შამილ ბასაევის ბატალიონიც. მიუხედავად ამისა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს ისეთი მარცხი მიაყენეს, რომ გუმისთას ფრონტზე აფხაზებს ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები აღარ დარჩათ და უკან დაიხიეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა.

პრაქტიკული ტრენინგი მეფუტკრეობაში

საქართველოს მეფუტკრეობის „გილდია“-სთან არსებული მეფუტკრეობის კოლეჯის მსმენელთა ჯგუფს პრაქტიკულ მეცადინეობას უტარებს კოოპერატივ „კოდორი2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მეფუტკრე დ. დარსანია, თემაზე „ფუტკრის დაავადებები და მკურნალობის წესები“

ზუგდიდში დევნილთა ახალ ჩასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ზუგდიდში დევნილთა ახალ ჩასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ, ქალაქ ზუგდიდის მერიის, წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.

გამწვანების აქცია ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ასზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები დაირგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2016 წლის 13 მარტს ქ. ანკარას ცენტრში მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.

„შეუძლებელია გულგრილი დარჩე თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებს კვლავ შეეწირა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე" - აცხადებს აფხაზეთის მთავრობა.

ამ მძიმე წუთებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის გვერდით დგას.

აფხაზეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქში დევნილებთან შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, კერძოდ სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გამართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქების სხვადასხვა ჩასახლებებში დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

პრობლემები ძირითადად შეეხებოდა  სოციალურ სფეროს, ბინების დაკანონებას, ახლად აშენებულ კორპუსებზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. აფხაზეთის მთავრობის წევრები  დევნილებს შეძლებისდაგვარად დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ერთჯერად დახმარებებს, კორპუსების გამაგრებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აუცილებლად უშუამდგომლებს ყველა დევნილს ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.

მთავრობის წევრებმა დევნილებს გააცნეს განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც აფხაზეთის მთავრობამ წამოიწყო აღნიშნულ რეგიონებში. კერძოდ, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტური და სარეაბილიტაციო პროექტები. მნიშვნელოვნად მიიჩნევა ასევე სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაწყებული დევნილთა დასაქმების პროექტები სასათბურე და კოლექტიური საქმიანოის ხელშეწყობის მიმართულებით, განათლების სამინისტროს პროექტები სტუდენტთა დაფინანსების, მათთვის პრემიების გაცემისა და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულების პროექტები.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია ფოთში აფხაზეთის მთავრობის პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას  გაეცნენ, დაათვალიერეს სამედიცინო აპარატურა, გაეცნენ მის ეფექტიანობას დიაგნოსტიკისა და მკურნალობი სფეროში.

შეხვედრების დასრულების შემდეგ,  მიმდინარეობდა დევნილებთან კერძო გასაუბრებებიც. ბათუმში გამართულ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ ევროკავშირის ხელშეწყობით საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ CHCA -ს გახსნას. ცენტრი ბათუმში, ე.წ. „ახალი რაიონის" დასახლებაში ფუნქციონირებს და მისი დევიზია „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე". აღსანიშნავია ასევე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც 200-მდე გრანტს გასცემს.

შეხვედრები შეაფასა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, დევნილები მათდამი სამართლიანად კრიტიკულნი და მომთხოვნი არიან. ყოლბაია დევნილებს დაპირდა, რომ აფხაზეთის მთავრობა თვე-ნახევარში ამ რაიონებს კვლავ ეწვევა და მათთან ერთად შეაჯამებს დანაპირებთა შესრულებას.

„რამდენიმე დღეა, აფხაზეთის მთავრობის წევრები დასავლეთ საქართველოში ვიმყოფებით. შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დავიწყეთ. საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გვქონდა სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში. ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ტაშით გვხვდებოდნენ. იყო სერიოზული კრიტიკა ჩვენ მიმართ, იყო თხოვნები და იყო მოთხოვნებიც. გამოიკვეთა თხოვნები ბევრი უწყების მიმართ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროსადმი, ქალაქების მერიებისადმი, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებისადმი. ასეთი შეხვედრები ეფექტიანი გამოდგა იმ მხრივაც, რომ ყველგან სადაც ვიხილავდით დევნილთა მდგომარეობას და ვსახავდით მათი გამოსწორების გზებს, ყველგან გვახლდნენ ადგილობრივი ორგანოების, ადმინისტრაციული უწყებების წარმომადგენლები, მერების მოადგილეები. ადგილზევე იხილებოდა და წყდებოდა მოთხოვნების შესრულების მექანიზმები, რისი ბერკეტებიც სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას არ გააჩნია. დაპირება დაპირებად რომ არ დარჩეს, თვე ნახევარში ჩვენ კვლავ ჩამოვალთ და მონიტორინგს გაუწევთ იმ დაპირებებს, რომელიც დღეს გაიცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად წარმატებულად აფასებს ჩვენი მოსახლეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობას, მათი ბინებით უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე დიდი გარღვევაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.