აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

14 ოქტომბერს დიასპორის საინფორმაციო დღე გაიმართა

2015 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში ,, დიასპორის საინფორმაციო დღე” . საინფორმაციო დღე ჩატარდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც ,,საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” ( IDEA) რეგიონალური პარტნიორის მიერ, ,,გლობალური დიასპორული კვირეული 2015″ ფარგლებში.

ღონიძიების მიზანი იყო საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონიძიების ფარგლებში მოეწყო სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეები.

მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ფოლკლორული ანსამბლები ქართული ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით . გაიმართა ასპარეზობა ხრიდოლში.

გამოიფინა ქართული პროდუქცია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზეთის ა/რსოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ.

ვახტანგ ყოლბაია დიასპორულ ეკონომიკურ რეგიონულ ფორუმს დაესწრო

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის" (IDEA) რეგიონული პარტნიორი, დიასპორულ კვირეულს მართავს.

დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილებას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.

13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დიასპორული კვირეული, „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმით" გაიხსნა. ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ.

ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიტიო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქ. ანკარაში იმყოფებოდა. დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საელჩოში აფხაზეთის ომის 22-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები "დევნილები ფოტოკამერებში" და "კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ", ასევე, საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია.

გამოფენა გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ. გამოფენის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და აფხაზური კულინარიის კერძები დააგემოვნეს.

მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების წარმომადგენლები, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები როგორც ანკარიდან, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ანკარის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში თბილისში, გოძიაშვილის სახ. პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში  6 – 12 ოქტომბერს მიმდინარეობდა. ტურნირში   მონაწილეობა მიიღეს  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აღმოსავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატისა  და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდებმა.

ფინალური შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართა. I ადგილზე გავიდა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდი, II ადგილი დაიკავა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობამ  აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო - III ადგილი აიღო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა.

მინი ფეხბურთში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დიპლომებით, მედლებით, თასებით დააჯილდოვეს.  გამარჯვებულებს  ასევე   სპორტული ინვენტარი  გადაეცათ.

ტურნირი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით  ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, მ.წ. 10 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის  შედეგად დაღუპულთა გამო.

ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ტერორიზმი არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ეთნიკურობას. სწორედ ამიტომ არის, რომ აღნიშნული ტრაგედია აღემატება ერთი კონკრეტული ქვეყნის ტრაგედიას და ის ყველა ჩვენთაგანის ტკივილად აღიქმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად თურქეთის მოსახლეობას.

ქართული დელეგაცია გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

ჟენევაში გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარს  ანტონიო გუტიერეშს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჟენევაში, გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი და წარმომადგენლობის I მდივანი თემურ ფიფია შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა და ლტოლვილთა  მიმართებაში საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია, ამ სფეროში არსებული გამოწვევები, მიღწევები პრობლემები,  მათი მოგვარების გზები და საშუალებები.

ვახტანგ ყოლბაიამ და ლტოლვითა უმაღლესმა კომისარმა ბატონმა ანტონიო გუტიერეშმა მიმოიხილეს ჟენევის დისკუსიების 33-ე რაუნდი. ვახტანგ ყოლბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მორიგ რაუნდებში, მე-2 სამუშაო ჯგუფში განსახილველ ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები  ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა პრაქტიკაში განხორციელდეს გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.

ასევე, საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.

დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მოადგილეებთან - მანანა ქვაჩახიასთან და როლანდ ნიჟარაძესთან, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მარიამ ჩიქოვანს, თინა ლეჟავას, ნათელა ბუკიას, მარინა გურჩიანს, ნანული საინიშვილს, ალექსანდრა ჩაკაბერიას და რუბენ კოპალიანს სახლებში ეწვია. ხოლო ერთი მათგანი - ნაპოლეონ მესხია რკინიგზის საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალ თაობებზე ზრუნვისა და მათზე გაწეული ამაგისათვის. ასევე, მინისტრმა მათ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და აღზრდილების წარმატებები უსურვა.

პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფახაზეთის უმაღლესმა საბჭომ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მეომრებს.

სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან  გადააბრძანეს, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

2015 წლის 27 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში პირველად 22 წლის განმავლობაში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით.

28 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, შეფიქ ვურალ ალთაისთან; 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოსა (TIKA) და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობებთან, სადაც დაისახა კონკრეტული ორმხრივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობასთან.

29 სექტემბერს ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში ომის 22-ე წლისთავს და საქართველო-რუსეთის ომის მე-7 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები: ”დევნილები ფოტოკამერებში” (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ”კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ” (აფხაზეთი), ასევე საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია. მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ანკარაში აკრედიტებული 30-მდე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ასევე, თურქეთის აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები ანკარიდან, სტამბოლიდან, ინეგოლიდან, საქარიადან, იზმითიდან, ქოჯაელიდან და სხვა.

30 სექტემბერს, ქ. ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.

ამასთან, 1 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქ. საქარიას გუბერნატორთან, საქარიის უნივერსიტეტის რექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან. ასევე, გაიმართა შეხვედრები ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლებთან.

2 ოქტომბერს შედგა შეხვედრები ქ. ქოჯაელი/იზმითის მერთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, ქ. სტამბოლის ქართალის რაიონის მერთან და ქართული ისტორიული დიასპორების ხელმძღვანელებთან.

ზემოაღნიშნული ვიზიტი უპრეცენდენტოდ ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური პრესის და ტელევიზიის მეშვეობით: თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის „TRT“ საინფორმაციო გამოშვება, TRT-AVAZ, TRT-Radio ქართულ-ენოვანი გადაცემა, უდიდესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajans, ინგლისურ-ენოვანი გამოცემები: Diplomatic Observer, ISSUE, BITTER; ასევე, ინეგოლის, საქარიას, ქოჯაელი/იზმითისა და ქართალის რეგიონალურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის კულტურის ცენტის ანსამბლი, სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილი ბავშვები, ადგილობრივი შემოქმედები, მოიგონეს ზესტაფონის მკვიდრი მეომრები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარა-იმერეთში ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს დეპუტატები რაისა ქარაია და თემურ მჟავია, ზესტაფონის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამარ გველესიანი, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები.

ვახტანგ ყოლბაიამ საღამოს ორგანიზებისათვის ზესტაფონელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. ყოლბაიას თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება.

„არსებობს გამოთქმა, რომ თითქოს, დრო ტკივილებს კურნავს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი, აფხაზეთი, მაგრამ ტკივილი არ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და ეს ძალიან კარგად გვიჩვენა დღევანდელმა საღამომაც, რომლის ინიციატორებიც ქალბატონი ციალა ნებიერიძე, ნუცა არდაშელია და მათი მეგობრები არიან. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს გულებს არაფერი ავიწყდება, ჩვენ ვალდებულები ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ეს ტკივილიანი დღეები, თუნდაც წლები, დავიწყებას არ მიეცეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ შესანშნავი ლექსები, მაღალ დონეზე შესრულებული მუსიკალური ნომრები, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთი, გავიხსენეთ ზესტაფონში. საოცარი სითბო გამოამჟღავნა ამ რაიონმა, რაც ყოველთვის ისედაც ასე იყო დევნილთა მიმართ. დღეს სოხუმის დაცემის წინა დღეა, ასევე, ჯვართამაღლება; ყოველ დაცემას აუცილებლად მოჰყვება ამაღლება. არ არსებობს სხვა გზა გარდა ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა, ეს აუცილებლად მოხდება. მინდა ხვალინდელ ტკივილიან დღეს იმედით შევხედო ყოველ დევნილთან ერთად", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

თბილისში დევნილთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე არსებულ აფხაზეთიდან დევნილთა 3 კომპაქტურ ჩასახლებაში, „ტურბაზა“, „ოქროს საწმისი“ და „თბილისის ზღვა“ მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში დევნილებს პირველადი დახმარების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ულტრა-სონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი და ექიმი-ლაბორანტი. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები .

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

 სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა

გლდანის რაიონში, ილორის ქუჩა №14 -ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურიას“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა.

ზაურ ხუბუტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის, მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ზაურ ხუბუტია სიკვდილის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზაურ ხუბუტიას მეუღლე და შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაია წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.

ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.

წიგნის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაციას დაესწრნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.

„გზავნილები მომავლიდან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.