87 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა

 

ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა თბილისში 1929 წლის 10 ივნისს.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მერაბ ბერძენიშვილი ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. მისი ნამუშევრებია: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);

მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). 

პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). 

მერაბ ბერძენიშვილი ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი ხელოვანის მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს.

ვახტანგ ყოლბაიამ აფზახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანან ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

საპატიო სტუმრებისათვის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

მიმდინარე სასწავლო წლისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

14 სექტემბერს აფხაზეთის ომის დრო დაღუპული 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში, ხოლო, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. მათ  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებისთვის ქართულ და აფხაზურ ენებზე  ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტებულ შენობაში შეხვდა.

საერთაშორისო პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში დევნილ ბავშვებს საფეხბურთო ეკიპირება გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საფეხბურთო ეკიპირება გადასცა.

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამა სახელწოდებით „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“, რომელშიც ჩართულნი არიან დევნილი ბავშვები. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დევნილ ბავშვებს გარკვეული რაოდენობის საფეხბურთო ეკიპირება გადაეცემათ საჩუქრად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდობის დღესასწაულს დაესწრო

ქალაქ ზუგდიდის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ზუგდიდობის დღესასწაული აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ქართველი მხატვრების ნამუშევართა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი რომელშიც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზუგდიდობის დღესასწაულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

სამეგრელოს რეგიონში დევნილებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ

სამეგრელოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ინიციატივით დევნილებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.

აქცია ზუგდიდის იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში ჩატარდა. სამედიცინო ჯგუფში იყვნენ კარდიოლოგი, ნევროლოგი და რევმატოლოგი. დევნილებს ელექტროკარდიოგრაფიული და საჭიროების შემთხვევაში, ექოკარდიოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ.

„აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ უფასო სამედიცინო გასინჯვებს საქართველოს ყველა რეგიონში ატარებს.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

სამედიცინო აქციას ორგანიზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაუკეთა.

წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლები ჩაუტარდათ

წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტები ღებულობენ. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი,  ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი. დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე დათო ახრახაძე და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორი მერაბ კვიცარიძე ესწრებოდნენ.

ასევე, აფახაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროებისამებრ უფასოდ მედიკამენტები გადაეცათ.

ვახტანგ ყოლბაია სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთი"-ს მხარდაჭერით ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ გაიმართა.

ფესტივალს დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს და მიუხედავად ამისა, არც ერთ მცხოვრებს არ დაუტოვებია.

ფესტივალის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთი"-ს დირექტორი გელა კანდელაკი და ხელოვანთა წრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ნიქოზის" ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ და მოწვეულმა სტუმრებმა წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელოვნებო სკოლა დაათვალიერეს, სადაც მოზარდებს კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთი"-ს წარმომადგენლები ასწავლიან.

ვახტანგ ყოლბაია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ-ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. გამოფენა მოიცავს ბელარუსული პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საქართველოს მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრნენ.

თბილისში გამართული ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის  მიზანია ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და ბელარუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას, სავაჭრო და ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ესპანეთიდან დაბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ ,,ფინსოლს'' შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 20 მოზარდი, მათ შორის გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 2 თვის განმავლობაში მოხალისე ოჯახების მიწვევით ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესპანელი ხალხის კულტურას გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ ღირსშესანიშნავი ადგილები და შეესწავლათ ესპანური ენა. დღეს, სამშობლოში დაბრუნებულ ბავშვებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ბულისკერია, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და მშობლები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები ესპანეთში საზაფხულო არდადაგებს ყოველწლიურად ატარებენ.

ქ. ფოთში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფორუმი გაიმართა

2016 წლის 1 სექტემბერს ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფოიეში ასოციაცია „დიოსკურიამ“ ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფორუმი გამართა.


        საინფორმაციო ფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედმა 30-მა მცირე და საშუალო საწარმომ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს შესთავაზეს საინფორმაციო რესურსები საარსებო წყააროების გაზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის, ვაკანსიები, პროფესიულ მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი გაცვლითი პროგრამები და ბიზნეს- საქმიანობის მხარდაჭერის სერვისები. საინფორმაციო ფორუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა,  აფზაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა.

30 აგვისტო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

30 აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ასევე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ფონდ „მოლოდინის" და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ორგანიზებით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და ომის ინვალიდთა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანრი უბირია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იტალიის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის დაღუპულთა და დაშავებულთა  გამო.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მორალურ თანადგომას უცხადებს იტალიელ ხალხს, იტალიის ხელისუფლებასა და იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის.

ვახტანგ ყოლბაია სენაკში სტიქიით დაზარალებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

„სენაკის სამხედრო დასახლებაში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული სახლების აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ  გუბერნატორი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. დაზიანებულია 3 კორპუსი, რომლებსაც სტიქიამ სახურავი გადახადა, ამათგან უკვე გადახურულია 2. დარჩენილია ტექნიკური დეტალები, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 10 დღეში, ეს ორი კორპუსი დასრულდება. მესამე კორპუსი ნახევრად გადახურულია, ისიც რამდენიმე ხანში დასრულდება, შემდეგ კი გეგმიურად წარიმართება დანარჩენი სამუშაოები, რომელიც კორპუსების სრულყოფილი აღდგენისთვისაა გათვალისწინებული.

ამ სამუშაოების გამხორციელებისთვის სერიოზული სახსრები გამოყო დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. გადაწყდება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება. წლების მანძილზე ამ სახლების სარდაფებს წყალი აქვს შეყენებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შენობებს და მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საფუძვლიანად კეთდება ყველაფერი.

მახარებს ის, რომ სამხედრო დასახლების მცხოვრებლები კმაყოფილები არიან შესრულებული სამუშაოების ხარისხით. რამდენიმე ხანში შეიცვლება  ვითარება, აღმოიფხვრება სტიქიით მიყენებული ზარალი და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.