აფხაზეთის მთავრობა სამძიმარს უცხადებს იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 14 აპრილს იაპონიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ტრაგედიის გამო. მიწისძვრამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულობით დაშავდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს იაპონიის ხელისუფლებასა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა

ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა, რამაც  110 ადამიანის მოწამლვა გამოიწვია. წყლის დაბინძურება სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა.

აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის, აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს ერთობლივი მოქმედებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

დევნილთა დასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე იმყოფებოდნენ, პრობლემებს გაეცნნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“.

2016 წლის 15 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეუერთდნენ გამწვანების აქციას - „მწვანე მომავალი“ და ვარკეთილში მე-4 მიკრო რაიონში არსებულ კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტის (ყოფილი 180-ე სკოლა) მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს 90 ძირი კიპარისისა და წიფლის ნერგები. ზემოთაღნიშნულ აქციაში ასევე ჩაერთო იქ მცხორები მოსახლეობის ნაწილი.

„სოხუმისა“ და „დინამოს“ საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართა

 

დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში „სოხუმისა" და „დინამოს" საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი თბილისის დინამოს მცირედი უპირატესობით, ანგარიშით 67:62 დასრულდა.

საკალათბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ქართული ენის დღე აღინიშნა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა" მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მარნეულის რაიონის აზერბაიჯანული, აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და საქველმოქმედო სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელებმა მიიღეს, ასევე მკვლევარ-ფილოლოგ მარინე კოლხიდაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ლილი გოგებაშვილი ესწრებოდნენ.

იმავე დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის „გზად დედა ენისაკენ" პრეზენტაცია გაიმართა და ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია „ვადიდოთ ენა ქართული" მოეწყო.

ასევე, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ დედა ენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება

ეს დღე 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ემუხლის მიხედვით,  1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.

შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა.ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა, რომელშიც თითქმის ყველაფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ სტუდენტობას ჭარბობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება

2016 წლის  11 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე: “პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება”. ტრენინგ–სემინარი მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, კანონის დებულებების არაერთგვაროვანი განმარტებების პრევენციას მონაცემთა დამუშავების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობლობის მოთხოვნათა და პერსონალურობის უფლების დაცვას. ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ტრენინგების მენეჯერი  ნატალია მიქელაძე. ტრენინგ–სემინარს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ტრენინგ–სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი შესრულდა

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, გამოაცხადა. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა“ - დადებითად უპასუხა.

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“, ის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც ცნო საქართველოს სუვერენიტეტი საერთაშორისო საზოგადოებრიობამ

დევნილ მოზარდებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

6-7 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბაზი"-ს აღდგენითი ცენტრის თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ქ.თბილისის დევნილთა მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში 200 მოსწავლეს აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, შპს" ბაზი"-ს აღდგენითი ცენტრის ხელმძღვანელი ვიქტორ გეგეშიძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

პროფილაქტიკური გასინჯვები შპს"ბაზი"-ს მაღალკვალიფიცურმა ექიმებმა ჩაატარეს. გამოკვლევების ფარგლებში დევნილმა მოზარდებმა თერაპევტის, ქირურგისა და ტრავმატოლოგის კონსულტაცია მიიღეს. შედეგების მიხედვით, მოსწავლეების 70% სქოლიოზი დაუდგინდა, ასევე გამოვლინდა გულის მანკის ერთი შემთხვევა. ქ.თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ  მოზარდებს შპს"ბაზი"-ს თანამშრომლები უფასო აღდგენით თერაპიასა და მკურნალობას ჩაუტარებენ.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის დაზუსტების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია", რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის"შედგენა. სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ამ რუკაზე ანუ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. რუკაზე დატანილ იქნა 150 არქიტექტურული ნაგებობის კოორდინატი, არსებული მდგომარეობის მითითებით.

„აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის" კიდევ უფროდაზუსტების მიზნით აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთაც აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე უმუშავიათ ან ფლობენ ინფორმაციას აფხაზეთში არქიტექტურული ნაგებობების მდებარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონული ვერსია და სთხოვა, რუკის სრულყოფის მიზნით გამოეთქვათ თავიანთი  შენიშვნები და წინადადებები.რუკის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - ჯემალ გამახარიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა და აკაკი გასვიანმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ხვისტანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ და სხვ.

ერთხმად ითქვა, რომ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის შესადგენად ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული; და რომ თანამშრომლობის შემდეგ მასში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, საქართველოში აკრედიტებული ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, იაპონიის საელჩოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - USAID, USAID REAP, FAO, IOM, OXFAM, ACF, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ დევნილთა დასაქმებაზე ორიენტირებული, მიმდინარე და დაგემილი აგრო-პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.

ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყენების უფლებით გადმოცემულ მიწებზე ერთწლიანი კულტურის მოყვანისა და სასათბურე მეურნეობებში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დევნილები არიან დასაქმებული.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს შეხვდა

დღეს ვალერი არქანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდების დიასპორის წარმომადგენლის პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფები"-ს ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკის შეხვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და შემოქმედებითი კოლექტივი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა და ოსკაროსანმა პროდიუსერმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივისათვის ვორქშოფი ჩაატარა.

სილია ვან დაიკი ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მის კოლექციაში 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. 1985 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ სილია ვან დაიკის პროდიუსერული საქმიანობა უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი" ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა".

აფხაზეთის ხელოვანები ჰოლანდიელ ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში   აფხაზეთის  შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„ ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვანდაიკს შეხვდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფების“ფარგლებში შედგა. აქვე ჰოლანდიური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.
 
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც სტუმარს  შესთავაზა სიურპრიზი- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები, რამაც ოსკაროსანი ქალბატონის აღფრთოვანება გამოიწვია.

სილია ვანდაიკი 1978 წლიდან ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მან დააარსა ანიმაციური ფილმების სადისტრიბუციო სააგენტო„ ანიმირებული ადამიანები“ (“Animated People”), რომლის კოლექციაშიც 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. სილია ვანდაიკს„ ოსკარი“ ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“გადაეცა. გარდა ამისა, მის  პორტფოლიოს ამშვენებს მრავალი წარმატებული ფილმის წარმოება და ისეთი უმღლესი ჯილდოები, როგორიცაა საფრანგეთის კინო აკადემიის სახელმწიფო პრემია,  ორი „ოქროს დათვი“,  „ოქროს ხბო“ და სხვ.

პროექტი „ოსკარი გადაეცემა... -  სილია ვანდაიკის ვორკშოფები“ჰოლანდიური ფონდი„ არტექოს“ მესამე პროექტია საქართველოში. ფონდი აფხაზეთის მკვიდრმა, პროდიუსერმა დალი უბილავა-დე გრააფმა ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა და მან ჰოლანდიაში უკვე ქართულ ფესტივალ „იბერიას“, აფხაზეთის მხატვრებს და სხვ. უმასპინძლა.  ახლახან დალი უბილავა ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის„ წარმატებული ემიგრანტი ქალის“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება საქართველოში ნატოს კვირეულის ჩატარებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება ნატოს დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით ნატოს კვირეულის გამართვას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან დღემდე მოწოდებული იყო დაეცვა არამარტო რეგიონალური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოება, რომელიც პირველ რიგში თავისთავში მოიცავდა  კონსტრუქციულ - პოლიტიკურ თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების შესანარჩუნებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ საქართელოში გამართული ნატოს კვირეული კიდევ ერთი დამაახლოვებელი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული მისწრაფებების გზაზე, რომლისკენაც საქართველო წლებია მიზანმიმართულად მიისწრაფვის და თავისი სერიოზული წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო უახლოეს მიომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.