გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში  საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრების შედეგების მიხედვით, აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგი საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:
      ხმალში:
ალექსი ფოფხაძე - III ადგილი, ლიზა ჩიგოგიძე -  III ადგილი, თეკლა ბიწაძე - III ადგილი, ალექსანდრე თავართქილაძე - II ადგილი.
      რაპირაში:
გიორგი ხარაიშვილი - III ადგილი, ნატალია ხარაიშვილი - II ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობას ფარიკაობაში ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, ცნობილი ხატმწერი ქეთი მატაბელი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით.

სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა და ცნობილმა ხატმწერმა ქეთი მატაბელმა გამარჯვებულთათვის  სპეციალური პრიზები დააწესეს. ქეთი მატაბელმა თავისი ნამუშევრებით დააჯილდოვა საუკეთესო ტექნიკური მოფარიკავე და ყველაზე უმცროსი ასაკის მოფარიკავე. საუკეთესო ტექნიკური მოფარიკავის სპეციალური პრიზი წილად ხვდა აფხაზეთის წარმომადგენელს  ალექსანდრე თავართქილაძეს.

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველი ეკურთხა

დღეს, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევას დაესწრნენ. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და დალოცა აფხაზეთის მთავრობა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კათოლოკოს პატრიარქსა და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანს.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, მრევლს, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვაალე დღესასწაული. ჩვენ ყველას გვაძლიერებს ის მოვლენა, რომ აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჩვენმა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიუსადაგა. ამ დღეებში დაგეგმილია მრევლის ერთი ნაწილის მსვლელობა სვიმონ კანანელისა და აფხაზეთის დღისამდი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, რაც მომავალ კვირას ზუგდიდში დასრულდება. ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში მოხდა ტაძრის საძირკვლის კურთხევა. მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე. ეს დიდი მადლი და ძალაა ჩვენთვის. ილორის სალოცავი განსაკუთრებული ძალის მატარებელი იყო მუდამ. აფხაზეთში დაბრუნებას კი დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულის სიმტკიცე სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს, მთელ საზოგადოებას, ეკლესიის წინამძღვარ მამა ლევანს, მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დღევანდელი წირვა და ეკლესიის საძირკვლის კურთხევა ჩაატარა,"-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.

ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, თურქმა, რუსმა და არაბმა სპორტსმენებმა.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მეხუთედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის მიერ აღიარებული მეცნიერის ილია ვეკუას დაბადებიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „შეშელეთიდან მთაწმინდამდე" გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ქართველი მეცნიერები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკს უმაღლესი საბჭოსა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ყოლბაია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ თომას ჰამერბერგს აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორცილებული პროექტები გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ, საუბარი შეეხო გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებრივ მდგომარეობასა და ქართული ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის პროექტის ფარგლებში პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობაში სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა" და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN), მეორე მხრივ კი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა" და კავშირ-ასოციაცია „აგორას" შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ხელშეკრულების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კერძოდ მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN -თან, საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და კავშირ-ასოციაცია „აგორასთან" მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით იწყებს ზუგდიდის რაიონის სოფ.რუხში „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის" პროექტის განხოციელებას.

კოლხური ბზის საბაზისო სანერგის მოწყობა კონსერვაციისა და მომავალი აღდგენის მიზნებს ემსახურება. აქ გამოყვანილი ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და საპატრიარქოს ეპარქიებს, ასევე, მცირე სანერგეების განვითარებისათვის და შეიქმნება საფუძველი დაზიანებული ბზის უნიკალური კორომების აღდგენის პროცესის დასაწყებად.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი  კარლო ამირგულაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, „აგორას" აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომდგენელი - ოთარ კონჯარია, პროექტის ექსპერტი ნინო ხორხელაური.

თბილისში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გაიხსნა

თბილისში მდებარე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტის, საბჭოთა კავშირის გმირის მელიტონ ქანთარიას ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ბიუსტის გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მელიტონ ქანთარიას შთამომავლები ესწრებოდნენ.

მელიტონ ქანთარია იყო ლეგენდარული მებრძოლი, რომელმაც გამარჯვების დროშა 1945 წლის 30 აპრილს რაიხსტაგზე აღმართა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

9 მაისს  ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი  აღინიშნა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 9 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან მივიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

"სამწუხაროა, რომ ყოველ წელს მცირდება გმირ ვეტერანთა რიცხვი, ვინც მსოფლიოს ფაშიზმზე დიადი გამარჯვება მოუტანა. ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.

მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს. სამარადისო ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა მშვიდობისა და მომავლისთვის და იმათ ვინც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის უკვე აღარ არის. სამარადისო ხსოვნა მათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყოველ ჩვენგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„სამწუხაროა,  რომ ყოველ წელს  მცირდება  გმირ ვეტერანთა რიცხვი, ვინც მსოფლიოს ფაშიზმზე  დიადი გამარჯვება მოუტანეს. ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო  ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით  გამარჯვების დღე მივულოცო  და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს.  სამარადისო ხსოვნა მათ,   ვინც სიცოცხლე  გასწირა მშვიდობისა და მომავლისთვის და  იმათ  ვინც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის უკვე აღარ არის. სამარადისო ხსოვნა მათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ  ყოველ ჩვენგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა

6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა და პარაკლისი აღევლინა.

წირვა-ლოცვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

ამავე ტაძარში დაბრძანებულია ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული".

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს გიორგობა მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს  გიორგობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაია პირადად ესაუბრა  და გიორგობა მიულოცა ომის ვეტერანებსა და მოწვეულ სტუმრებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა:

- უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება;
- შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად;
- მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება;
- დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან;
- გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

აღნიშნული კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების კუთხით.

კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების დადება ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს.

კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს

კანდიდ თარბა წლების განმავლობაში ძმასთან ერთად  ლეგენდარული„სუხიშვილების“ანსამბლის სოლისტი იყო. სწორედ სუხიშვილების ანსამბლში ჩამოყალიბდა ის ამ დარგის ვარსკვლავად, ამის  შემდეგ გახდა  აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. 1990 წელს კი კანდიდ თარბამ შექმნა ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“, რომელმაც თავისი საშემსრულებლო კულტურით მეტი მრავალფეროვნება შესძინა  ძველ, მაგრამ მარად ახალგაზრდა ხელოვნებას.

კანდიდ თარბა ოჩამჩირელი თარბების წრიდან იყო, იმ ტრადიციებით შთაგონებული თარბების წრიდან, რომლებზეც პოეტი შოთა ნიშნიანიძე წერდა:
„ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“...
„აფხაზურ-მეგრული“ ტრადიციებით გაზრდილი კანდიდ თარბაც მთელი ცხოვრება ორივე ხალხის ერთგული დარჩა.  აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგაც  მასთან შეხვედრას ენით აუწერლად ემოციურს უწოდებდნენ მისი სოხუმელი ქართველი მეგობრები,  კანდიდ თარბას არა თუ განელებოდა მათი სიყვარული, არამედ გამძაფრებოდა კიდეც. ის იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე არა მხოლოდ მეოცნებე, არამედ მზრუნველიც: სოხუმში აფხაზ მოზარდებს ქართულ ცეკვებს ასწავლიდა და ქართული კულტურის თანაზიარს ხდიდა, რითაც შესაძლოა ქართველებთან გაუცხოების „მითის“  დამსხვრევას ცდილობდა.    

კანდიდ თარბას უყვარდა ენგურს გამოღმა საქართველოც და ომის მერეც თამამად გადმოდიოდა გამოღმა, რადგან ქართველი მეგობრებისთვის თვალის გასწორების არ ერიდებოდა.ბევრს ეიმედებოდა, რომ სწორედ მისნაირ დიდ ადამიანებზე დაყრდნობით შეიძლებოდა აფხაზებთან  ურთიერთობის აღდგენა.

ამიტომაც კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს. ამიერიდან ის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის იმედსაც დააკლდება

„სვიმონ კანანელის გზა“ სვეტიცხოვლის ტაძრიდან ენგურის ხიდამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე". მსვლელობა მცხეთაში დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, დევნილი სასულიერო და საერო პირები.

გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

ხონში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა

ხონში, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების $52 მილიონიანი პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას USAID-ის დირექტორი დაგლას ბოლი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანსერ ბურჭულაძე, დანიის ლტოლვილთა საბჭოს პროგრამების ხელმძღვანელი გაი ჰოუვი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისდა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი, იმერეთის სამხარეო გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის დახურვის ცერემონიაზე, USAID-ის მიერ დაფინანსებული, ახლადაშენებული სათამაშო და სპორტული მოედნები საზეიმოდ გაიხსნა.

აფხაზეთის განათლებისდა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის მთავრობის სახელით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფს, საჩუქრად გადასცა სპორტული ინვენტარი. ღონისძიების დასასრულს ხონისა და კოპიტნარის დევნილთა ცენტრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.