აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

თბილისი „არტ-ჰოლში“ მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისი „არტ-ჰოლში" აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები", საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი", ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი", სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანასამბლი „ნართები", ფოლკლორული გუნდი „დიოსკურია", აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ვეტერანი მოცეკვავეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფები, ხელოვანები და ოჯახის წევრები.

საიუბილეო ღნისძიებაზე მიხეილ კაკაბაძეს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ღირსების ბრწყინვალე ორდენი გადასცა. მას ასევე გადაეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მადლობის წერილი და სხვა საჩუქრები.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძე 1928 წლის 10 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა კუხში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და ქართული ცეკვის ხელოვნებასაც აქ, ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში, ამ სფეროს დიდ ენთუზიასტებთან თენგიზ დავითაიასა და ვალოდია თოლორდავასთან ეზიარა. ამის შემდეგ მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად იწვევენ.

1958 წელს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიხეილ ვასილის ძე კაკაბაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. მის მიერ აქ დადგმული ცეკვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ცეკვა „ნაბდურა", „სატრფიალო", „მთიულური", „აფხაზური", „ოსური", „დავლური", „აჭარული", „ფერხული", „სადარბაზო" და ცეკვა „ქართული". 2002 წელს მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებას მოითხოვს

27 ოქტომბერს, აფხაზეთში აფხაზური ენის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, აფხაზურ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული.  თავის გამოსვლაში, ენის დღე აფხაზებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა. აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა იუნესკო-ს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.

რამდენიმე დღის წინ, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ აკადემიის საერთო კრებაზე წამოჭრა საკითხი, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში აფხაზური ენის გაკვეთილების შეტანა მოხდეს. მისივე თქმით, ამ ინიციატივაზე ის აფხაზეთის მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს და სულ მალე, შესაბამისი წინადადებით საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართავს.

„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დღეს თუ ხვალ, აფხაზები და ქართველები ერთად ვიცხოვრებთ ერთ სახელმწიფოში, მაგრამ ეს სახელმწიფო იქნება სულ სხვა სახელმწიფო, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული. უპირველეს ყოვლისა, ქართულმა მოსახლეობამ პატივი უნდა სცეს აფხაზურ ენას, აფხაზურმა მოსახლეობამ კი ქართულ ენას. იმისათვის, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვიყოთ, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, მე წამოვაყენე წინადადება, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რომელბიც ფუნქციონირებს თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ადგილებში, შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. თუ როგორ და რა პრინციპით, ამას უკვე განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. აღნიშნულ კრებას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ეს წინადადება მოიწონა; სულ მალე ჩვენ ერთობლივ მუშაობას დავიწყებთ, რათა შესაბამისი წინადადებით მივმართოთ განათლების სამინისტროს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით, ჩვენ გვეყოლება ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც ქართველ ბავშვებს ასწავლიან აფხაზურ ენას. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ იმის გამო, რომ ქართული ენა გამოცხადებულია სახელმწიფო ენად, ქართული ენა უნდა ისწავლებოდეს აფხაზურ სკოლებში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს. გარდა ენისა, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ აფხაზი ხალხის ყველა კულტურულ გამოვლინებას მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ა. შ. ამ მხრივ, ბევრი რამ კეთდება აქ, თბილისში - გამოიცემა აფხაზური წიგნები აფხაზურ ენაზე, გამოიცა მაღალ დონეზე შესრულებული რამდენიმე ალბომი, რომელიც გვიშვენებს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს აფხაზ ხალხთან. გარდა ამისა, ჩვენ პირველად აღვნიშნეთ გიორგი შარვაშიძის 150 წლისთავი და ეს ხდებოდა 1996 წელს, როდესაც ომის მიერ გამოწვეული სირთულეები ძალიან აშკარა იყო. პატივი მივაგეთ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორს, ბატონ ზურაბ ანჩაბაძეს. პატივი მივაგეთ სხვა აფხაზ მოღვაწეებს. ჩვენ ახლახანს აღვნიშნეთ გამოჩენილი აფხაზი სწავლულის, ისტორიკოსის, გიორგი ძიძარიას ასი წლისთავი თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამონაწილეობით. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, „რადიო თავისუფლებისა" და სხვა საინფრომაციო საშუალებების მეშვეობით. ვფიქრობ, ასეთი კონკრეტული ურთიერთპატივისცემის შემთხვევების შემდეგ, შედეგიც აუცილებლად დადგება", - აღნიშნა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ.

ვახტანგ ყოლბაია ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ თანამშრომლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას ჟენევის 29-ე რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ, ვიცე-პრეზიდენტებმა პაატა კოღუაშვილმა და თემურ ჩილაჩავამ აფხაზეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ნდობის აღსადგენად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებულ ინოვაციურ პროექტებს სხვა და სხვა მიმართულებით მათ შორის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

„თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობა, რომელიც თან ახლავს ჟენევის მოლაპარაკებებს. დღეისთვის ეს გახლავთ ერთადერთი მოედანი, სადაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვხვდებით ერთმანეთს. თავად მე ჟენევის ხუთ რაუნდში მივიღე მონაწილეობა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა. არ დაგიმალავთ, მუდმივად არის იმის მცდელობა, რომ ეს საკითხი ამოღებულიყო დღის წესრიგიდან და ტაბუდადებულ თემად ქცეულიყო. მაგრამ მონაწილეთა უმრავლესობას ესმის, რომ დევნილთა საკითხის გარეშე ჟენევის მოლაპარაკებების ეს ფორმატი საერთოდ აზრს დაკარგავს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ასევე კულტურული მემკვიდრეობის თემა, რომელიც ძალიან მტკივნეულია ყოველი ჩვენგანისთვის. აფხაზურ მხარეს ჩვენ ვთავაზობთ იქ არსებულ კულტურულ ძეგლებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იუნესკოს ექსპერტების დაშვებას, რომ მათ ძეგლების შეფასება მოახდინონ. ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტებს, რომ როგორმე ამ კუთხით აფხაზებთან შეთანხმებას მივაღწიოთ.

ვფიქრობ, ბოლო მოვლენები აფხაზებს არწმუნებს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ და აფხაზებს მოგვიწევს საკუთარი შეცდომების აღიარება და იმის თქმა, რომ ეს დროებითი გაყრა იყო, რომელმაც კვლავ ერთად ყოფნის და შეერთების სწორი და გარდაუვალი გზა გვაპოვნინა", - განაცხადა მოხსენებით გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

საინფორმაციო საშუალებებში და შესაბამისად საზოგადოებაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ოპტიმიზაციის თაობაზე, რომლის შესახებ 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები სტრუქტურების პასუხისმგებელ პირებთან. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორი უწყების - რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის გაუქმების შესახებ.

მოვალეობათა გამიჯვნის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა „რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის" და „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის" ლიკვიდაცია და  მათი ზოგიერთი ფუნქციების გადანაწილება მომიჯნავე დაწესებულებებისათვის.

გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს ფინანსური სახსრების მიზნობრივად და ეფექტურად განკარგვას, ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებას, ფუნქციათა სწორ გამიჯვნას და კონტროლის ხარისხის ამაღლებას.

სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო 2014 წლის დასაწყისიდან და არსებული 7 სამინისტროდან დარჩა 3, ეს ნიშნავს რომ იქნება მოქნილი, თანამედროვე რეალობაზე მორგებული სტრუქტურები, რომელიც უპასუხებენ დევნილთა მოთხოვნების შესრულების პროცესის წარმართვას.

ოპტიმიზაციისა და სტრუქტურების რეორგანიზაციის საკითხი გაგრძელდება.

შეზღუდული შესაძლებლობის დევნილ მოზარდებს ინვალიდის ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და ორგანიზაცია "საზოგადოებრივი აზრის" ინიციატივითა და დახმარებით 20 დევნილ მოზარდს საჩუქრად ინვალიდის ეტლები გადაეცათ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა, ავსტრიული წარმოების მექანიკური ეტლები საქველმოქმედო ფონდების - "სიცოცხლის ხის" და "ქვიშის საათის" მხარდაჭერით მიიღეს.

მოზარდებს ეტლები გადასცეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის" ხელმძღვანელმა მიშიკო დიაკონიძემ.ღონისძიებას საქველმოქმედო ფონდი "ქვიშის საათის" ხელმღვანელი მარიკა შენგელია და აფხაზეთის განათელბისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაცია "საზოგადოებრივი აზრის" მხარდაჭერით ინვალიდის ელტები საქართველოს მასშტაბით 30-მდე დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობის პირს ეტაპობრივად დაურიგდება.

ვახტანგ ყოლბაია საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში გამართულ შემედგომის ზეიმს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში შემედგომის ზეიმი მოეწყო და სკოლის დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღინიშნა. მიწვეული სტუმრებისთვის სკოლის პანსიონში არსებულმა გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ორკესტრმა, საფორტეპიანო და სავიოლინო კლასებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და კონცერტი გამართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, სკოლა პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიანი-ნოდარ სამხარაძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა საპატიო სტურმები ესწრებოდნენ. საკუთარი ლექსები წაიკითხა ქართველმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა.

კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხე სხვადასხვა საცეკვაო ნომრით, მცირე სპექტაკლებით, ლექსებითა და სიმღერებით. პარალელურად, სტუმრებს იქვე დამზადებული ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ, კახეთის კუთხის წარმომადგენლებმა საწნახელში ღვინო დაწურეს, გურიის კუთხეში არყის გამოხდა პროცესი მიმდინარეობდა, სამეგრელოს კუთხეში კი სხვა კერძებთან ერთად სტუმრებმა ელარჯიც დააგემოვნეს.

საზოგადოებას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს აფხაზეთის კუთხის წარმომადგენლებმა, სადაც აღსაზრდელების მისალმების, აფხაზური ცეკვის შესრულებისა და ლექსების წაკითხვის შემდგომ, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ლელა გულედანმა, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთანე ერთად აფხაზ თანამემამულეებს მიმართა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისა გზავნილები გაუგზავნა.

სკოლა-პანსიონი 2009 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართევლოს კათოლიკოს-პქტრიარქის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით დაფუძვნდა.

აფხაზეთის მთავრობა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტს თამაზ გამყრელიძეს 23 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდა. თამაზ გამყრელიძე არის აგრეთვე ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძე, დღიდან მის მიერ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრებისა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამწეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობასთან. ამჟამად იგი მრჩეველთა საბჭოს წევრია და უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის „თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს" ხელმძღვანელობს, მიჰყავს კურსი „თეორიულ მეცნიერებაში". აღსანიშნავია, რომ სწორედ თამაზ გამყრელიძის დიდი ძალისხმევით  პირველ ქართულ უნივერსიტეტს დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.

85 წლის აკადემიკოსი დღესაც აქტიურ ცხოვრებას ეწევა.

აფხაზეთის მთავრობა ღვაწლმოსილ მეცნიერს 85 წლის იუბილეს ულოცავს, დიდხანს სიცოცხლესა და ჩვენი მეცნიერების განვითარებაში კიდევ მრავალ მიღწევას უსურვებს.

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ზუგდიდან ფოთში გადააბრძანეს

ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიდან ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", ერთი წლის წინ, აფხაზეთში, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.

ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.

ცნობილი მხატვრის ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ცნობილი მხატვრის მხატვრის ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, სადაც გაიმართა ვალერი არქანიასა და მისი მეგობრების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მხატვრები და დევნილი საზოგადოების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვალერი არქანია გამორჩეული ხელწერის ფერმწერი  იყო. იგი 1948 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1992 წლებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, ისე ევროპის მრავალ ქვეყანაში მოწყობილ გამოფენებში. ამჟამად მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

ვალერი არქანია 1992 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია სოხუმში.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში ომის ვეტერანებთან და ომში დაღუპულ მეომართა მშობლებთან შეხვედრა მოეწყო

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში ომის ვეტერანებთან და ომში დაღუპულ მეომართა მშობლებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი იგორ კოპალიანი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მერი გონაშვილი და იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს და გაიხსენეს აფხაზეთში გავითარებული მოვლენები, და ის 36 გმირი, რომელიც 1992 წელს ქ. გაგრაში ტრაგიკული მოვლენების დროს დაიღუპა. ამ გმირებს სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა.

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლებთან და ომის ვეტერანებთან შეხვედრა მოეწყო

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?…“   /წმინდა ილია მართალი/   სწორედ ამ სამი ღვთაებრივი საუნჯის შენარჩუნებას შესწირეს თავი ჩვენმა ვაჟკაცებმა, სწორედ სამშობლოს ძახილზე დადგნენ იქ, სადაც უჭირდა ქვეყანას.  იცავდნენ მტკაველ მიწას, მიწას, რომელმაც სამუდამოდ მიიბარა უამრავის სული. სამშობლოს სიყვარული ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. ზოგი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე, ზოგიც დაჭრილი დააღწევს თავს და ზოგნი კიდევ თითქოს არსაიდან არ ჩანან, თითქოს შთაუნთქავს ბრძოლის ქარცეცხლს  უგზო-უკვლოდ. მათ მოლოდინში დედები უსასრულოდ შეჰყურებენ გზას, გზას, რომელიც მათი იმედის სიმბოლო გახდა. 36 ვაჟკაცი დაიკარგა საქართველოს ულამაზესი ქალაქის გაგრის დაცვისას. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ა.წ. 26 მაისს თიოეული მათგანი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. სწორედ ამ მეომრებს მიეძღვნა საღამო, რომელიც გაიმართა 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში.  ღონისძიებას ესწრებოდნენ: მეომართა დედები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები, მოწვეული სტუმრები და დეპარტამენტის თანამშრომლები.  შესავალ სიტყვაში მოკლედ იქნა მიმოხილული 1992-93 წ.წ. საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. აღინიშნა ქალაქ გაგრის დაცემის ფაქტები. გაიხსენეს ბიჭები, რომლებიც გმირულად დაეცნენ გაგრის დაცვისას. ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების სამაგალითო მოქმედებების ფაქტებზე. დიდი სითბოთი მოეფერა დედებს და მადლობა გადაუხადა ასეთი ვაჟკაცების აღზრდისათვის.  შეპირდა, რომ მუდამ იქნებოდა მათ გვერდით.  ბატონმა იგორ კოპალიანმა გამოსვლისას ისაუბრა სასიქადულო მამულიშვილების ღვაწლზე სამშობლოს წინაშე. დედებს მადლობა მოახსენა მობრძანებისათვის და აღუთქვა გვერდში დგომა, მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზ და ქართველ ხალხთა საუკუნოვან მეგობრობას და იმედი გამოთქვა, რომ გონივრული მუშაობით უახლეს პერიოდში აღდგება ხიდი მეგობრობისა და დადგება დრო, როცა აფხაზი და ქართველი ხალხი ერთად იზრუნებს ერთიანი საქართველოს კეთილდღეობისათვის.  სიტყვით გამოსვლისას დედებმა მადლიერებითა და ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურის ბატონ ვახტანგ ყოლბაიასა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ქალბატონ მარინა ნაჭყებიას ღვაწლი მათდამი გამოხატული სითბოსა და თანადგომისათვის. ღონისძიებისას გაჟღერებულ იქნა პრობლემები, რომლებიც დღემდე აწუხებთ შვილდაკარგულ მშობლებს.

აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

საქველმოქმედო ფონდის „ქვიშის საათის" მხარადჭერით და ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდებს გასართობ ცენტრ „Clock"-მა უმსპინძლა. ღონსიძიება აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისიტროსთან თანამშორმლობითა და ორგანიზებით მოეწყო.

სასიამოვნო მუსიკა, ცეკვა და სიმღერა - დევნილ ბავშვების გახალისებაზე ერთი საათის განავლობაში გასართობმა ცენტრმა იზრუნა. მათთვის მრავალფეროვანი პროგრამებით განწყობის შექმნას ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ცდილობდნენ. ორგანიზატორებმა 30-მდე დევნილ მოზარდს დაუვიწყარი, ფერადი და თბილი დღე აჩუქეს. ასევე, ტკბილეულით, ტორტით და საჩუქრებით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, ფონდის ხელმძღვანელი მარიკა შენგელია და აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია ესწრებოდნენ.

ორგანიზაცია პერმანენტულად მართავს საქველმოქმედო აქციებს და ამჯერად მათი მიზანი იყო ლამაზი და დაუვიწყარი დღე ეჩუქებინათ დევნილი ბავშვებისთვის. საქველმოქმედო ფონდი „ქვიშის საათი" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს.

ბორჯომში აფხაზეთის დღეები გაიმართა

17-19 ოქტომბერს ბორჯომში სპორტულ-კულტურული პროექტი „აფხაზეთის დღეები"გაიმართა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეიმურაზ გვანცელაძის საგანმანათლებლო ლექცია ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა გალის საგანმანათლებლო ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი; ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით: „ზღვა, რომელიც შორია".

19 ოქტომბერს, ბორჯომის კულტურის ცენტრში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა გალის სკოლების ისტორიის ამსახველი თემატური ბანერები, გალელი მოსწავლეებისა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და თანამედროვე აფხაზეთის ამსახველი ფოტო-მასალები. ბორჯომელმა მაყურებელმა იხილა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღის" სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო".

ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგდოებას მიმართეს ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ, ავფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავამ, ბორჯომის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძემ.

აფხაზეთის დღეები ბორჯომის გამგეობის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანო - გალის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტში ჩართულნი იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების „სადემონსტრაციო საფუტკრის“ პრეზენტაცია გაიმართა

გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში სახელმწიფო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების „სადემონსტრაციო საფუტკრის" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი მეფუტკრეები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეფუტკრეებმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საფუტკრის საქმიანობის პრინციპები და ტექნოლოგიები, განიხილეს მეფუტკრეობაში არსებული პრობლემები და დასახეს საფუტკრის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილ მეფუტკრეთა პირველი კოოპერატივის შექმნისა და მიღებული პროდუქციის  რეალიზაციის საკითხები.

ღობისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

წყნეთში აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით წყნეთში, დღეს, აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.

ღონისძიება სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის", „დიაკორის", მე-5 კლინიკური საავადმყოფოსა და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით გაიმართა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები დაბა წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკაში დილის 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბენეფიციარებს ასევე საჭიროებისამებრ მედიკამენტები დაურიგდათ.