თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს. მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისთვისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე, ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებზე.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპორტთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზრდის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ სპორტულ კომპლექსზე მუშაობას საკითხს, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვედრაზე ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ.
საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად 17 ოქტომბერს აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.