ვალერი არქანიას არტ-გალერეაში უსახელო მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებენ და დალაშქვრის შედეგად კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3800 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება.

ჟიული შარტავას ღვაწლზე და ალპინიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მთასვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორი ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა მალხაზ გოლეთიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ და სოხუმის უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.

ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  სტუდენტები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

„კონფლიქტის დასრულებიდან 25 წელი გავიდა და ძალიან სიმბოლურია, რომ ამ უსახელო მწვერვალს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ენიჭება. მე მჯერა, რომ ეს მწვერვალი ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისა და შერიგების სიმბოლო გახდება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიება სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა

   ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. 17 სექტემბერს,საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე განაახლეს.  ტრადიციულად,აფხაზეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სკოლაში ნეტბუქი დახვდა და ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა.

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესტუმრა ქ.თბილისში განთავსებულ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას,აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.მინისტრმა მშობლებს,მოსწავლეებს,სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

შეხვედრა წალეჯიხის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 18 სექტემბერს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა წალენჯიხაში, სადაც შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს ბესიკ ფარცვანიას. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები - სოციალური ფონი , ჯანდაცვის პროგრამები, საცხოვრებელი პირობები და არსებული პრობლემები. - : ჩვენ მუდმივ რეჟიმში გავდივართ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპა-ლიტეტში და შესაბამისად, კოორდინირებულად ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან,  დევნილთა პრობლემების განხილვა და მხარდაჭერა ხდება ერთობლივად გატარებული ღონისძიებებით - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე ჩიკვაიძე წალენჯიხის მუნიციპალი-ტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა კოლექტიურ ცენტრებში, კერძოდ წმინდა ნინოს ქუჩაზე ყოფილ ,,დოსააფის“ შენობაში და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დევნილებს დაპირდა არსებული პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
მათ ასევე მოინახულეს წალენჯიხაში მცხოვრები ოჩამჩირიის რაიონიდან დევნილი უხუცესი ქალბატონი 108 წლის ბაბუცა გოგუა

ვახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

კანონპროექტის საჯარო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მისი მიზანი კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება იყო.

„სპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

„ახალი კანონი არის თანამედროვე და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას, განსაკუთრებით აფხაზეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით სრულად ისარგებლონ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც.

ქართველ და აფხაზ სპორტსმენებს შორის ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა და მეგობრობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენებს კვლავ მიეცემათ საშუალება რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ შერიგების პროცესში და ერთმანეთის წარმატებებით მომავალშიც ვიამაყებთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვიზიტი USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობში

ამერიკის განვითარების სააგენტოს -USAID პროექტ „ზრდა“-ს თანადაფინანსებით და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარატამენტის აქტიური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხში მოწყობილ ლურჯი მოცვის სანერგეში მიმდინარეობს 5 სახეობის ნერგების გამოყვანის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროცესის თანამედროვე მიდგომების შესაბამისად წარმართვის მიზნით, სანერგეს სტუმრობდა USAID პროექტ „ზრდა“-ს მიერ მოწვეული ექსპერტი - კარლოს გარსია სალაზარი, ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიარა სადედე ბლოკი და ნერგების გამოყვანისათვის მოწყობილი 500 კვ.მ სათბური, რომლის შედეგად გაიცა რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროცესის სწორად წარმართვას. დღის მეორე ნახევარში პროექტში ჩართულ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ძირითადი თემები იყო ლურჯი მოცვის მოვლა-პატრონობის თავისებურებანი, ჯიშების დახასიათება და ნერგების გამოყვანის ძირითადი მოთხოვნები.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის" პრეზენტაცია.

შემოქმედებითი კუთხით წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ამრიდონ ჩეგიანს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა. ასევე აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირმა „დიოსკურია 2005"-მა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ამრიდონ ჩეგიანი კავშირ „დიოსკურია 2005"-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩია და „მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და დროშის" სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ამრიდონ ჩეგიანი 1938 წლის 10 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ ხალდეში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარის საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1978 წელს პოეტის პირველი წიგნი - „სიმართლე" გამოიცა. მომდევნო წლებში გამოიცა მისი სხვა კრებულებიც. 2015 წელს ამრიდონ ჩეგიანმა კრებული სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში" გამოსცა.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest"-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს გურამ ოდიშარიას მიერ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებზე, მის დიდ ღვაწლზე სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობით.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" ქართული და აფხაზური ფოლკლორული ნომრები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთი აგრძელებს თვითიზოლაციას

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე  ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს. მისი ე.წ. მმართველობის პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის ესკალაციას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესზე.

ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა და როგორ უნდა ანაცვალო პირადი ამბიციები ხალხის კეთილდღეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

სამუშაო შეხვედრა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან

2018 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან, რომელსაც წარმოადგენდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომი შერიგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქალბატონი ალინა მასლო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ორგანიზაციული საკითხების სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ოლგა ოსტაპჩუკი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო ჯგუფს წარმოადგენდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი პეტრე კანკავა.

შეხვედრაზე უკრაინის მთავრობის დელეგატებს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის შესახებ. ასევე, გაუზიარეს გამოცდილება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების თაობაზე.

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები"-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები" ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე მადლობის სიგელითა და სამახსოვრო სუვენირით - ბიჭვინთის სიმბოლოდ ქცეული  ქანდაკების „მყვინთავები"-ს ასლით  დააჯილდოვა.

„ვამაყობ, რომ ეს ფესტივალი აფხაზეთში დაიწყო, შემდეგ ესტაფეტა ბათუმმა გადაიბარა  დღეს კი თბილისი აგრძელებს ამ ტრადიციას. დასანანია, რომ ფესტივალი აფხაზეთში დროებით შეწყდა და აფხაზეთის მოსახლეობას საშუალება არ აქვს დატკბეს ამ ჭეშმარიტი ხელოვნებით.

ჩემი სურვილია, რომ მომავალ წელს ფესტივალის ერთი საღამო გაიმართება რუხის ციხესიმაგრეში, აფხაზეთის სიახლოვეს. იმედს ვიტოვებ უახლოეს მომავალში დროებით შეწყვეტილი ფესტივალი „ღამის სერენადები" ბიჭვინთაში კვლავ ჩატარდება და ამ შესანიშნავ ორკესტრს ისევ ქალბატონი ლიანა უხელმძღვანელებს, მას ძველ დიდებას დაუბრუნებს და ახალ სუნთქვას შესძენს.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციები ჩაუტარდა

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ გეგმიური პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

გამოკვლევების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურება მიიღო. ასევე ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

ქალაქ ბათუმში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ანგიოლოგის, ონკოლოგისა და უროლოგის მომსახურება. 

ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადება

დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.

1992-1993 წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში ათასობით ადამიანია გაუჩინარებული. უკვე მეოთხედი საუკუნეა, მათი დაბრუნების იმედით ცხოვრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების უმრავლესობა - ცრემლშეუმშრალი დედები, მამები, ახლობლები...

2013 წლიდან მათ მოძიებაში აქტიურად ჩაერთო საქართველოში წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტი, რომლის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან  მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა ქართველ და აფხაზ ოჯახებს დაუბრუნდეს მათი  შვილებისა და ახლობლების ცხედრები.

ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის, ჩვენი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250 ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით.

ფასდაუდებელია ამ საქმეში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ ,,მოლოდინის" წვლილი. ამ ფონდის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მუზეუმი, რომელიც  ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოსთან ფუნქციონირებს. ამ მუზეუმში  უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომართა სურათების გვერდით, აფხაზი ეროვნების 135 მეომრის სურათებიიცაა გამოფენილი. ეს ის აფხაზები არიან, რომლებიც იმ ავბედით წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ ნათქვამია, დედის ცრემლმა და ტკივილმა საზღვარი და ეროვნება არ იცისო და სწორედ ეს დაადასტურეს უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების, როგორც ქართველმა, ასევე, აფხაზმა დედებმა, რომლებიც ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი კვლავ განახლდება და  ჩვენს ქართველ და აფხაზ დედებს, მსგავსად ხალხური ,,ვეფხისა და მოყმის"  სიუჟეტისა, კვლავაც მოუნდებათ ერთმანეთისთვის საკუთარი გულისტკივილის გაზიარება.

ჩვენ კი ყველანი - სოხუმშიც და  თბილისშიც - უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ  არსებობს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება.

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე.

2018 წლის 30 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობის თანამშრომლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახთა კომიტეტის, ფონდი ,,მოლოდინი“-ს, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს პატივი მიაგეს. დღესვე, მათ პატივსაცემად პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.
დაკარგულთა ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები მასპინძლობენ. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

26 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებას "ზეიმობს". განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას: - არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია.  ეს არის საზეიმო?  ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა.

მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს,  ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს აღიარება არ ეფუძნება არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას, პირიქით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშს დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, ვინაიდან რუსეთმა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორით, ფსევდოდამოუკიდებლობის მანტიით სამხედრო პლაცდარმი გაიკეთა რეგიონში.

დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. თვით აფხაზი თანამემამულეები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდობა ეთნორადიკალიზმის გავლენით იზრდება. ცრუ იდეალებით და სიძულვილის რიტორიკით აღზრდილ თაობას ძალიან გაუჭირდება თვითდამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ისტორიულად არის დადასტურებული - ეთნორადიკალიზმით ვერცერთი საზოგადოება ვერ ვითარდება და ტოლერანტობა არის პროგრესული კაცობრიობისთვის დამახასიათებელი. ამიტომ კარგად უნდა გაიაზრონ ის, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა და იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის, საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა. ნდობის გარემოს ჩამოყალიბება და პირდაპირი დიალოგის წარმოება, მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდებით ნებისმიერი უთანხმოების დარეგულირების საწინდარია.