აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ეკა ხოფერია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას, საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელ პიერ კულეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამ ეტაპისთვის აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლისთვის ფრანგული ენის კლუბის საპილოტე პროექტის შექმნასა და დევნილი მოსწავლეების ფრანგულ კინოკლუბში ჩაბმას.

 

აფხაზეთის სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა.

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

სემინარის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და დევნილების სპორტში ჩაბმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა სეოკი-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სეოკ-ისა და მოწვეულმა ლექტორებმა სპორტის ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს ორგანიზაციების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი ცოდნა გაუზიარეს.

დასასრულ სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

 

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს

კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმში ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის კონსტანტინე წერეთლისა და მისი შვილის, თავისუფლებისათვის მებრძოლი მხატვრის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებული „თვითმფრინავის საქმის“ ერთ-ერთი მონაწილის სოსო წერეთლის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ საინფორმაციო სესია 80-იანი წლების ხსენებულ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ის წინააღმდეგობებით აღსავსე სინამდვილე, რაც საბჭოთა იმპერიის ნგრევას უძღოდა წინ.

 

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა.

იგი თავიდანვე აღიარეს „პოეტების მეფედ“ და „გენიალურ გალაკტიონად“. მისმა ლექსებმა - „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „მზეო თიბათვისამ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „უსიყვარულოდ“ და სხვ.  რიტმით, ტონითა თუ ნახევარტონებით, მუსიკალურობით, ფერით, სიტყვის მოქნილობითა და ბგერის კეთილხმოვანებით... მკითხველს აქამდე წარმოუდგენელი, სხვათაგან მოუხელთებელი პოეტური სამყარო გადაუშალა. მან ქართულ ლიტერატურაში შექმნა პოეტური მწვერვალი, რომლის გადალახვაც დღემდე ვერავინ შეძლო.

გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. ალბათ ამიტომაც იყო ბუნებრივი, როდესაც გალაკტიონს პირველი ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა აფხაზეთი და გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი, რომელსაც თვითონ „Вилла Галактиона – Вилла короля поэтов“ უწოდა. სახლის მშენებლობა თითქმის ათი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ შიგ ცხოვრება ვერ მოასწრო.

გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა აფხაზეთის საგუნდო კაპელას და ფოტოგამოფენას - „კადრები აფხაზეთიდან“ უმასპინძლა

13 ნოემბერს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე) ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში „კლასიკური მუსიკის კონცერტი“ გამართა.

კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ - ფარგლებში ჩატარდა.

აფხაზეთის კაპელა დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. კონცერტს ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ქ. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, აფხაზეთის საგუნდო კაპელის კონცერტის პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“ - მოეწყო. აქვე  მინისტრი ეკა ხოფერია შეხვდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც აფხაზები არიან და აქ მუჰაჯირობის ან ბოლო დროინდელი მოვლენების გამო გადმოსახლდნენ. ეკა ხოფერია პედაგოგებსა და მოსწავლეებს მომავალ თანამშრომლობაზეც ესაუბრა.

 

სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - მეხუთე ლექცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - რიგით მეხუთე და წლეულს უკვე ბოლო ლექცია მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა. საუბრის თემა ისევ აფხაზეთი და მასთან დაკავშირებული ამბები თუ ემოციები იყო.

სტუმარი დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ლექციას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ქუთაისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
დეპუტატების შეკითხვების გათვალისწინებით, ეკა ხოფერიამ სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის სფეროებში გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე, პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა.
 
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის გამო არსებულ გამოწვევებსა და მათ საპასუხოდ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე.
 
მინისტრმა ასევე უპასუხა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპებისა და ა(ა)იპების საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.
 
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს და მას მხარდაჭერა აღუთქვეს.
 
სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ მორიგი ლექცია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ ფარგლებში, მორიგი ლექცია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
 
ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თემაზე - „აფხაზეთი - მეხსიერების მუზეუმი“ - ესაუბრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე.
 
ახალგაზრდებს მიესალმა, აფხაზეთზე ესაუბრა და სტუმარი წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
 
 
 
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია. მან პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.

 

ეკა ხოფერიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მისი თქმით, 1 ნოემბრისთვის დასრულდება. აქვე დააანონსა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ამ და აფხაზეთის ზოგიერთ სხვა საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კლუბის გახსნას გულისხმობს.

 

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სპორტში აქტიურად ჩართვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოსა და საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და კლუბ „ცხუმ-აფხაზეთის“ პრეზიდენტმა ზვიად ანთაძემ.

მემორანდუმის პირობები ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციას, ხელშეწყობას და საკალათბურთო ტურნირებსა თუ აქტივობებში მათ მაქსიმალურად ჩართვას.

პარტნიორობის საბოლოო მიზანია კალათბურთის ბავშვთა აკადემიის ჩამოყალიბება, რათა სამომავლოდ  მთავარი კლუბი სწორედ ამ აკადემიისა და მისი გუნდების ბაზაზე შეივსოს.

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატი ცნობილია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის“ მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს ელენე ესიავას.
 
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2017 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაციასა და განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
 
 
„ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.
 
ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სამი საგნობრივი მიმართულების - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის - სწავლების პროცესში და განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით შეიმეცნონ ტრადიციული საგნები. ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს. ამასთანავე ონლაინ შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიული, თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
 
ონლაინ საკვირაო სკოლის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
 
ტრენინგი სპეციალური საჭიროებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის
2021 წლის 6-4 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების სპეციალური საჭიროებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის ჩაატარა პროფესიული გადამზადების ონლაინ ტრენინგი თემაზე - „ნეიროპლასტიურობა და განათლება ადრეული და დაწყებითი განათლების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიები“. ტრენინგი, რომელშიც 22 პედაგოგი მონაწილეობდა, სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში მოეწყო.
 
ტრენინგ-მოდული ითვალისწინებდა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ვიზუალური და აუდიო მეხსიერების განმავითარებელი სასწავლო სტრატეგიების შესწავლას.
 
ტრენინგის ფარგლებში სპეციალური და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია ნეირომეცნიერების უახლესი მიღწევებისა და კვლევების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი ვიდეო და სასწავლო მასალა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდიების მიმნიჭებელმა კომისიამ შედეგები შეაჯამა

კომისიის გადაწყვეტილებით, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს კოკა ბერაიას.

 

ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ვახტანგ ნოღაიდელს.

 

რაც შეეხება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიას, კომისიის გადაწყვეტილებით 2021-2022 სასწავლო წლისთვის არც ერთ კანდიდატს არ მიენიჭა.

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების საკითხებს უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ანგარიში სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ამ მიმართულებებით მიმდინარე სიახლეებს მოიცავდა.

 

სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.