აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მზიურის ამფითეატრში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  მზიურის ამფითეატრში ფოტოგამოფენით „კადრები აფხაზეთიდან“ გახსნა.

კადრებზე ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები, სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის, გალისა და და სხვა ქალაქების ცხოვრების, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებია აღბეჭდილი.

ფოტოგამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აქვე გაიმართა კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობა და თბილისის მერია.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია
US Embassy Tbilisi, Georgia-ის კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე.
 
საუბრის ბოლოს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა.
აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სკოლას ამავე დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სტუმრობდნენ.
 
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სკოლას საჩუქრად კომპიუტერები ჩაუტანა.
 
გარდა ამისა, რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ პედკოლექტივთან სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარების - წლების განმავლობაში იჯარით აღებული შენობის ალტერნატიული ფართის მოძიებისა თუ ახალი შენობის აგების - გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა და უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ ეკა ხოფერიასა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა თავისი უმთავრესი პრიორიტეტებითა და საგანმანათლებლო თუ კულტურული პროგრამა-პროექტებით.. ეკა ხოფერიამ თავის მხრივ სტუმრებს უახლოესი გეგმები და გამოწვევები გააცნო.
 
დასასრულ დიალოგის მონაწილეებმა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
მაესტრო გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანლისა და მთავარი დირიჟორის, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატის გურამ ყურაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
 
გურამ ყურაშვილის წარმატებული შემოქმედებითი გზა აფხაზეთიდან დაიწყო. ის ჯერ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა 1981 წელს ქ. სოხუმში მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელის ჩამოყალიბება ანდეს.
 
გურამ ყურაშვილის გუნდმა, რომელშიც 12 ეროვნების 70 მოსწავლე გაერთიანდა, მალე მოიპოვა ლიდერობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიერკავკასიის მუსიკალურ (1983 წ.) და ქ. გორის საგუნდო (1987-88 წწ.) ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების შემდეგ მისი საშემსრულებლო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. 1987-1988 წლებში უნგრეთში, ქ. კომლოში ზოლტან კოდაის სახელობის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი მოიპოვა.
 
1988 წელს, კვლავ უნგრეთში, ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე, აფხაზეთის ბავშვთა კაპელამ მასპინძლებთან პირველი ადგილი გაიყო და ოქროს მედალი დაიმსახურა. სოხუმელებმა დაჩრდილეს 64 ქვეყნის საგუნდო კოლექტივი, გურამ ყურაშვილს, როგორც საუკეთესო დირიჟორს, ოქროს მედალთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცა...
აფხაზეთის ბავშვთა კაპელა საშემსრულებლო ხელოვნების ახალ–ახალ მწვერვალებს იპყრობდა, როცა მისი არსებობა აფხაზეთის ტრაგედიამ შეწყვიტა...
 
1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.
 
2005 წლიდან გურამ ყურაშვილი ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და 2007 წელს აყალიბებს აფხაზეთის ახალგაზრდულ კამერულ გუნდს, რომელმაც სოხუმის ბავშვთა გუნდის ტრადიცია „გაიმეორა“: მისი პირველი ტრიუმფი 2008 წლის ივლისში ისევ უნგრეთის ქ. დებრეცენში, ბელა ბარტოკის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე შედგა. აქ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელაც გამოარჩიეს. მას „ვარსკვლავი აფხაზეთიდან“ უწოდეს.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აფხაზეთის მკვიდრთათვის რთულ პერიოდში, გურამ ყურაშვილი და მის მიერ შექმნილი ახალგაზრდული კაპელა ისევ წარმატებული დაბრუნდა ევროპიდან.
 
აფხაზეთის საგუნდო კაპელა მალე ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო, განსაკუთრებული ხმის კოლექტივად იქცა, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.
 
მაესტრო გურამ ყურაშვილმა თავისი განსაკუთრებული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე.
ძალიან დასანანია, რომ მაესტრო გურამ ყურაშვილს ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, რომელსაც ახლა სწორედ მისი სახელობის კაპელა აგრძელებს.
დედა ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებშიც აღინიშნა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში პედაგოგებმა მოსწავლეებს უამბეს, რომ 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე გამოსულმა ახალგაზრდებმა საბჭოთა ხელისუფლებას ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევა არ დაანებეს. საუბრის ბოლოს კი ამ მოვლენების ამსახველი ვიდეო-მასალა უჩვენეს.
 
აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მოეწყო მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები, რომელთა გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
 
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში, საქართველოს ჰიმნთან ერთად დედაენის ჰიმნი შესრულდა. სკოლის ფოიეში გამოიფინა ქართული ასოების თემატიკის ამსახველი ნაქარგები, ნახატები და კედლის გაზეთები.
 
მოსწავლეებმა ყველა სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად დედა ენაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ჩუბინაშვილის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრმა ეკა ხოფერიამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა  თამარ ბელაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში (ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, რესტავრაცია, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ფოტოგრაფია, არქივმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა).

გარდა ამისა, ისინი ერთად გაუწევენ ორგანიზებას სამეცნიერო პროექტებს (კონფერენციებს, სემინარებს, სეზონურ სკოლებს და სხვ.) და შედეგებს სამეცნიერო სტატიების, კრებულების, ბუკლეტებისა თუ წიგნების სახით გამოაქვეყნებენ. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ ერთობლივ კვლევებს და ა. შ.

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლისა გარდაიცვალა
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', „თავფარავნელი ჭაბუკი“, „განსმდგომი შუაკაცი“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'' და სხვ. თავიდანვე გამოარჩია მკითხველმა. მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „სამოსელი პირველი“. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ კი შესულია სასკოლო პროგრამაში.
 
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება სიყვარულსა და სიკეთეს, თავისუფლებას ქადაგებდა ყოველთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და მათ საფუძველზე გადაღებულია კინოფილმები თუ ტელესპექტაკლი.
 
იგი დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის ორდენით, ვაჟა-ფშაველას პრემიით, ივანე ჯავახიშვილის მედლით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით, „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ ლიტერატურული პრემიით - „საბა“.
 
გურამ დოჩანაშვილის ამქვეყნიდან გასვლით ქართულმა ლიტერატურამ უდიდესი დანაკლისი განიცადა.
ნათელში დაივანოს მისმა სულმა.
ანზორ ერქომაიშვილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა
ქართველი კომპიზიტორისა და ლოტბარის, ფოლკლორისტისა და დირიჟორის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უკვე შეფასდა როგორც ქართული კულტურის უდიდესი დანაკლისი.
 
ანზორ ერქომაიშვილი იყო მამულიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს არქივებში მიმოფანტული ქართული უნიკალური სიმღერების ჩანაწერებს ედგა კვალში, პოულობდა, წიგნებად კრავდა და ქართული კულტურის საგანძურს ამატებდა. მან ასევე მოიძია და დაკარგვას გადაარჩინა უამრავი აფხაზური ხალხური სიმღერა და ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერების ალბომი გამოსცა, რითაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა.
 
„ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო“ იგი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვ. პრემიებით.
 
ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი „სავსე ქართული პატიოსნებით“, თავმდაბლობითა და კეთილშობილებით, დღეიდან მთაწმინდის ბინადარი გახდა.
მსუბუქი იყოს მისთვის ეს წმინდა მიწა!
ეკა ხოფერია აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებში, კერძო კომპანიებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდები.

მინისტრმა ყურადღება აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებზე შეაჩერა და სტუმრებს მიმართა: „გვინდა, აფხაზეთის წარმატებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გაგვიზიაროთ რჩევები, წინადადებები, როგორ, რა გზით ვიაროთ, რომ ამ სკოლების ბავშვებს დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ“.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი ჩაბმა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციებსა და ფორუმებში და ა. შ.

დასასრულ შეთანხმდენ, რომ შეიქმნას აფხაზეთის წარმატებული ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი იდეებით, წინადადებებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით  შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

 

 

აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანადგომით, ბორჯომში მდებარე აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი: ჩოგბურთის მაგიდა, ბურთები და სხვ. ჩაუტანა.
 
თავიანთ მხრივ, პირობა შეასრულეს მოსწავლეებმაც და მინისტრს, წინა ჩამოსვლაზე ჩამოტანილ, „ბიბლუსის“ მიერ ნაჩუქარ წიგნებზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
 
ეკა ხოფერიამ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
31 მარტი ისტორიული დღეა!
30 წლის წინათ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
 
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის დაბადების დღეცაა 31 მარტი.
 
ფასდაუდებელია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ქარცეცხლში: მან 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამით მრავალი თაობის ქართველთა ოცნება აახდინა.
ეკა ხოფერიას ყველაზე მეტი პრობლემა აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში დახვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას ყველაზე მეტი პრობლემა დახვდა აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კორპუსშია განთავსებული.
 
მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისა და მათთვის კომპიუტერების გადაცემის შემდეგ მინისტრი სკოლის პრობლემებს გაეცნო. როგორც გაირკვა, სკოლას არა აქვს კეთილმოწყობილი დარბაზი და ბუფეტი.
 
ეკა ხოფერიას თქმით, „დევნილთა ეს კომპაქტური ჩასახლება და მასთან მიბმული სკოლა მოწყვეტილია ქალაქს, ამდენად იქ მცხოვრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია სკოლის სივრცე და იქ არსებული გარემო.
 
ბავშვების სურვილია ჰქონდეთ ადგილი, სადაც გართობასა და დროის საინტერესოდ გატარებას შეძლებენ. ამდენად, სამინისტრო შეეცდება უახლოეს მომავალში მოაგვაროს ეს პრობლემები: კეთილმოაწყოს დარბაზი და გამართოს ბუფეტი“.
ეკა ხოფერია - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას, მის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც გაეცნო და ახალ პროექტებსა და იდეებზე ესაუბრა. მინისტრმა კომპიუტერიზაციის გაუმჯობესების მიზნით სკოლას კომპიუტერები გადასცა.
 
ეკა ხოფერია როგორც სხვა სკოლებში, ისე აქაც სკოლის ინფრასტრუქტურითა და საჭიროებებით დაინტერესდა.
ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების გაცნობას აგრძელებს
18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას სტუმრობდა. მინისტრმა, როგორც აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლებს, ისე ამ სკოლასაც საჩუქრად კომპიუტერები ჩაუტანა.
 
ეკა ხოფერია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა, ახალ პროექტებზე ესაუბრა და მომავალი თანამშრომლობის საინტერესო იდეები გაუზიარა. ის ასევე გაეცნო სკოლის აფხაზური ენის კლუბის საქმიანობას, ინფრასტრუქტურასა და საჭიროებებს.