აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლის იუბილე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი წლების განმავლობაში ტურისტულ კომპლექს „ცხუმის“ ხელმძღვანელი იყო.

საიუბილეო საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, ხოლო საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

გივი მეშველიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, გივი მეშველიანის მეგობრებმა და ცნობილმა პიროვნებებმა - ვასილ კადენეცმა, თემურ შაშიაშვილმა, შალვა წულეისკირმა, ლონდერ ცაავამ და სხვ.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იუბილარი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაბრად ემსახურებოდა აფხაზ და ქართველ ხალხს და გამორჩეულად დაამახსოვრა ყველას თავი. გამომსვლელებმა გივი მეშველიანთან ურთიერთობის არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს და კიდევ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს მას. საღამოს მუსიკალური ნომრები უწევდა თანხლებას და ამრავალფეროვნებდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გივი მეშველიანის ოჯახის წევრები და ახლობელ-მეგობრები.

,,ქართველი რომანტიკოსები“ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის სცენაზე

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე ,,ქართველი რომანტიკოსები“. X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ს. რურუას. ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.

მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.

პოეზიის საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ჩანაფიქრის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის.

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახლში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთაც თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა გ. ჰენდელის, ი. ბახის, ვ. მოცარტის, ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის, რ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის და სხვ. ნაწარმოებები.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად მუსიკოსები, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ. ესწრებოდნენ. კონცერტის მონაწილეებს და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად 2019-2020 სასწავლო წლისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, 2016 წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა.

სტიპენდიის დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

კანდიდატთა განაცხადების წარდგენის ვადაა 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:
595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისდა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებ

„კოკა-კოლას თასი - 2019“ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლამ მოიგო!

25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა. „კოკა-კოლას ეს პროექტი წლეულს საიუბილეო იყო, ის 25 წლის გახდა.

2019 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა შანსები უკეთ გამოიყენა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.

„კოკა-კოლას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდა.

მატჩების დასრულების შემდეგ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გუნდებსა და მოთამაშეებს კუთვნილი თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა „კოკა-კოლას“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვისათვის. მან წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვება მიულოცა და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ დაასრულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ განახორციელა. ქვეპროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული გმირების წარმოჩენას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
მოსწავლეებმა, ქვეპროგრამის ფარგლებში, მოიძიეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველ გმირებზე, შეხვდნენ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საინტერესო ისტორიები ჩაიწერეს და მერე გმირების წარმოსაჩენად პრეზენტაციები მოაწყვეს. 
ქვეპროგრამის ბოლოს პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის მოეწყო ექსკურსია ქუთაისში. ბავშვებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე, მოილოცეს ბაგრატისა და გელათის ტაძრები.

ანსამბლმა „მაფშალიამ“ საანგარიშო კონცერტი გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების (ხელმძღვანელი მანანა ბურბუთაშვილი) საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საანგარიშო კონცერტი გამართა (პედაგოგები: ქეთი ქარდავა და დავით კევლიშვილი).

ანსამბლმა „მაფშალიამ“ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საესტრადო სიმღერები და მათ შორის ანსამბლის პედაგოგის დავით კევლიშვილის ნაწარმოები „სოხუმო“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობდა ასევე ამავე მიმართულების როკ-ჯგუფ „ოცნების“ სოლისტი ნიკა დოლიძე.

ანსამბლ „მაფშალიას“ წევრებს მიესალმნენ და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, მუსიკოსმა გურამ ჯაიანმა. კონცერტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე ესწრებოდნენ.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა ვალერი არქანიას არტ-გალერეაში კონცერტი გამართა

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა კონცერტი გამართა. კონცერტის რეპერტუარი სკოლისთვის ჩვეული მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული და მასში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, საესტრადო სიმღერების, სიმებიანი ჩასაბერი, კამერული ანსამბლების, ბალეტის კლასის მოსწავლეები, გუნდი „კანტილენა“, უმცროსკლასელთა გუნდი, სტუდია „ასკინკილა“, ხალხური სიმღერის გუნდი, ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“. აქვე მოეწყო სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა გამოფენა. საღამოს უძღვებოდა თავად სკოლის დორექტორი თამარ შაკიაშვილი-ახალაია.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზურმა ფოლკლორულმა ფესტივალმა დიდი ოვაციების თანხლებით ჩაიარა

აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გამართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებმაც ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ქართულ-აფხაზურ ფოლკლორულ ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები და ნორჩი ხელოვანების ოჯახის წევრები და მეგობრები.

დასასრულ კონცერტის წამყვანმა შალვა ბერიანიძემ სცენაზე უხმო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებს, ქორეოგრაფებსა და ხელმძღვანელებს, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.

როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა როგორც შემსრულებლებს, ისე მათი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს ამ მოზარდების სიყვარულით აღზრდისათვის და აღნიშნა: „სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კონცერტი დაიწყეს და დაასრულეს აფხაზური ცეკვით. ეს დასტურია იმისა, რომ სწორედ ისინი გაამრთელებენ სიყვარულის ხიდს, რომელზეც მალე ყველანი ერთად გავივლით. სიყვარულის ძალას ირწმუნებენ აფხაზებიც და ისევ გავერთიანდებით.“

ინფორმაციისთვის, ფესტივალში მონაწილეობდნენ:

  • ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, ქორეოგრაფი ბადრი უგრეხელიძე;
  • ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „დიდლომისა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დევი ადეიშვილი;
  • აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“, ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია;
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1,“ ქორეოგრაფი ოლია წურწუმია;
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „ალაშარა“, ქორეოგრაფი მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია;
  • ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“, ხელმძღვანელი ნათია ბედენაშვილი;
  • აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორული გუნდი „გუმბათი“, ხელმძღვანელები: სოფიო ქირია და სოსო კიკვაძე.
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა დევნილ მოზარდებს კვლავ უმასპინძლა

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს უკვე მეორედ ეწვივნენ. მოზარდებმა ამჯერად ნახეს რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის დადგმული.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ქართველ და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, პარლამენტში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე იმსჯელეს.

ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ აჭარიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლის აფხაზი და ქართველი მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები აფხაზეთიდან. მათ აფხაზური სიმღერები შეასრულეს და აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოსწავლეებს ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ გადასცა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა, კინოდარბაზში კი შეხვდნენ და ესაუბრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მანანა ქვაჩახიას და მოადგილეს ირმა კეკელიძეს, გალის რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას და სხვ.

შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს, სადაც მათ უმასპინძლეს.

შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სკოლისშემდგომ განათლების მომზადების" პროგრამაში ჩართულ აბიტურიენტებს შეხვდა.

ამავე დღეს, როლანდ ნიჟარაძე სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია, მათ ინფრასტრუქტურასა და პრობლემებს გაეცნო და პედაგოგებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა

5-7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, სპორტულ ცენტრ „იმედში“, გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები, რომელთაგან პირველი ადგილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი -აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.

გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯმალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ტურნირის უხუცეს მოთამაშედ - იური სვანიძე (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო) დასახელდა; ტურნირის საუკეთესო მეკარედ - კარლო სართანია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი ფარფალია (აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - დათა კიკალიშვილი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო); ტურნირის „ბომბარდირად“ - დავით ქანთარია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში).

დევნილი მოზარდები - „ჯინო ფერედაისში“

2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი 45-მდე მოზარდი აკვაპარკ „ჯინო ფერედაისს“ ეწვია.

მოზარდებმა მხიარული და დაუვიწყარი დღე გაატარეს. საქართველოს ცნობილმა მოცურავეებმა მათ ცურვაში მასტერკლასი ჩაუტარეს, ხოლო გართობის შემდეგ კი მოზარდები ლანჩზე მიიწვიეს.
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება. 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, პუბლიცისტური და სხვა ღირებულებების გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
            გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:
            ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში; 

ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილიქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;

დ) კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსებს შორის შექმნილი ნამუშევრით (30.06.2017_04. 06. 2019 წ.წ.) და ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას,  ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.

ე) საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე ნებისმიერ უცხო ენაზე სრული ქართული თარგმანის თანხლებით;

ვ) ლიტერატურული, ხელოვნების, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ; 

ზ) ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულიად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);

თ) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით; 

ი) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;

კ) პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი). 
            კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

  2.  სასურველია წარმოდგენილიქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.

  3. საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი (თვე და წელი).
  4.  კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
  5.  ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
  6.  კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული 
მასალების მიღების ვადები

  1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2019 წლის 04 ივნისიდან - 01 აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

  2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის 29 ნოემბერს.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის . №68, 
აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური, მე-3 სართული,
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინა გადილია
ტელ: 599 85 54 41; 599 45 33 45.