აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და იურიდიულ საკითხთა და ადამინური რესურსების მართვის სამსახურში ორთვიანი სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა: გვანცა მამუჩიშვილმა, შალვა ბერიანიძემ, ნინო ასანიძემ და გიორგი კეჩხუაშვილმა.

სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.

 
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებზე. აგრეთვე ისაუბრა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. „ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა, ყურადღება და მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას სჭირდება, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან გამართულ შეხვედრებზე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავდა.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიავაგებთ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად, 22 თებერვალს გიორგი უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურთან თანამშრომლობით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართა. საღამოს მხარდამჭერი იყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. საღამოს უძღვებოდა გიორგი უშიკიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „კოდორი“; ლია ხუნწარიას, ანა ბაჯიაშვილისა და სოსო მახარაძის ტრიო; ანსამბლ ,,ლაშარელას" მოსამზადებელი ჯგუფი; გოგონათა ანსამბლი ,,ამარტა".
საღამოს მსვლელობისას აფხაზეთის ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მათ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მომღერალ გიორგი უშიკიშვილს საღამოს ორგანიზებისათვის.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და სხვ.

მანანა ქვაჩახია კანადელ სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია კანადელ სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებმა მანანა ქვაჩახიას თბილისში სტუმრობის მიზანი გააცნეს. მათი თქმით, ისინი შეხვედრებს მართავენ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის, ქალთა უფლებების დაცვის, ქალების ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის, ქართული კინოსა და თეატრისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დელეგაციის ხელმძღვანელია ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ოსტინი.

�მანანა ქვაჩახიამ, თავის მხრივ, სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტები მოკლედ გააცნო და გალის ოკუპირებულ ზონაში არსებული სკოლების პრობლემებსა და იქ ქართული ენისა და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. დასასრულ მან სტუმრებს სამინისტროს გამოცემები, მათ შორის ალბომი „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ გადასცა.

მანანა ქვაჩახია დიმიტრი გულიას დაბადების დღის აღნიშვნას დაესწრო

21 თებერვალს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადი მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღე ტრადიციისამებრ საინტერესოდ აღნიშნა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დიმიტრი გულიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრის შემდეგ მსმენელებს გააცნო სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის შესწავლასთან, აფხაზური ენის სახელმძღვანელოების გამოცემასთან დაკავშირებით.

დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ, საღამოზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, სოხუმელმა თემურ ელიავამ და მისმა აღზრდილმა მომღერლებმა: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა მარიკა გულორდავამ და კონსერვატორიის მაგისტრანტმა ლილი მაჭავარიანმა.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

21 თებერვალს დაიბადა გამოჩენილი აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია

დიმიტრი გულია აფხაზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია. ის აღიარებულია, როგორც   აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი. მან  ფართო პედაგოგიური, კულტურულ-სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, დიდი წვლილი შეიტანა მშობელი ხალხის სულიერ განვითარებაში.

დიმიტრი გულია დაიბადა  1874  წლის 21 თებერვალს (ძველი სტილით 9 თებერვალს), სოხუმის რაიონის სოფელ უარჩაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობაში, მუჰაჯირობის დროს მისი ოჯახი, ათასობით აფხაზთან ერთად, თურქეთში გადაასახლეს, მაგრამ მოგვიანებით მამამისმა ოჯახის სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

დიმიტრი გულია გორის საოსტატო სემინარიაში სწავლობდა. ის გარკვეული პერიოდის განმავლობასი მასწავლებლად მუშაობდა. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დიმიტრი გულიამ, პროფესორ სიმონ ჯანაშიასთან და სხვა სწავლულებთან ერთად, წარმოადგინა პროექტი აფხაზური დამწერლობის ლათინურიდან ქართულ გრაფიკაზე გადასაყვანად, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა.

მასვე ეკუთვნის შრომები აფხაზურ ენაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ქრესტომათია და სასწავლო სახელმძღვანელოები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე.

დიმიტრი გულია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აფხაზეთის სოფლებში და ქალაქ სოხუმში. ამ სარბიელზე მან სახელი გაითქვა, როგორც აფხაზური ენის უბადლო მცოდნემ. 1924-1926 წლებში დიმიტრი გულია ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია აფხაზური ენის მასწავლებლად.  ეს იყო აფხაზური ენის საუნივერსიტეტო საგნად შემოღების პირველი წარმატებული ნაბიჯი მსოფლიო უნივერსიტეტების ისტორიაში.

დიმიტრი გულია უპირველეს ყოვლისა იყო სახალხო პოეტი. მისი ლექსების კრებული აფხაზურ ენაზე 1912 წელს თბილისში დაისტამბა. მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912, 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზური პროზის განვითარებაში. მის კალამს ეკუთვნის ნოველა „უცხო ცის ქვეშ“ (1919 წ.) აფხაზურ ენაზე, ხოლო 1940 წელს პირველი რომანი „კამაჭიჭი“, რომლებშიც გამოხატა ცარიზმის მიერ დამონებული აფხაზების ცხოვრება, ქალთა უიმედო ბედი. 1937 წელს მას აფხაზეთის სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.

დიმიტრი გულია ისტორიაში შევიდა როგორც მთარგმნელიც, მან აფხაზურ ენაზე თარგმნა „სახარება“, ქართველი მწერლების - ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძისა და სხვათა ნაწარმოებები; განსაკუთრებით გამორჩეულია შოტა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მისეული თარგმანი.

საყოველთაოდ ცნობილია მისი გამონათქვამი: „აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არ არის“. ის ასევე აღნიშნავდა:  „აფხაზეთი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ცხოვრობდა მასთან ერთად ერთი ცხოვრებით მთელი ისტორიის მანძილზე, ორგანულად მონაწილეობდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში და ასრულებდა არსებით როლს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ცალკეული ქართული ტომებისა და ოლქების გაერთიანებისთვის ბრძოლაში ერთიან, მძლავრ, ეროვნულ ქართულ სახელმწიფოდ“ (დ.გულია, ჩემი წიგნის “აფხაზეთის ისტორია” შესახებ).

დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს გულირიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში, დაკრძალულია ქ. სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.

თბილისში, ორთაჭალაში არის დიმიტრი გულიას ქუჩა, სადაც დგას დიმიტრი გულიას ძეგლი, რომელსაც ხშირად პატივს მიაგებს და ყვავილებით ამკობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის დევნილ საზოგადოებასთან ერთად.  

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ 2018 წელს სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა.

კერძოდ, მანანა ქვაჩახიას მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი იყო სამინისტროს უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:

სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების შესწავლა და მათი მოგვარებისთვის ზრუნვა. გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფატებზე გამოხმაურება და ამის თაობაზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების ინფორმირება; აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების  ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ  2018 წელს დააფინანსა  აფხაზეთიდან დევნილი 180 წარმატებული ახალგაზრდა. თუ 2018 წელს შესაბამისი ბიუჯეტი შეადგენდა 90 ათას ლარს, შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, ეს თანხა 2019 წლისთვის თითქმის გაორმაგდა და 150 ათასით განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით იყო საუბარი გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

ხარისხიანი განათლების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სკოლების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, გასულ წელს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების შენობების შეკეთება, სპორტული დარბაზების რეკონსტრუქცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მათი ინვენტარით, თვალსჩინოებებითა და სხვ. უზრუნველყოფა, სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება და ა. შ.

აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა. აქედან გამომდინარე, მის დაცვა-განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა და სამინისტრომ მთელი წლის განმავლობაში კვლავინდებურად ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების თანადაფინანსება, აგრძელებდა აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამას და ა. შ. თქვა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში კიდევ უფრო ღრმავდება აფხაზური ენის სწავლება, აფხაზურ ენას ეუფლება 300-მდე მოსწავლე.  

2016 წლიდან აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციისა და ახლებურად გააზრების მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდებისთვის დაწესდა ჟიული შარტავასა და  დიმიტრი (არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიები. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების წახალისების მიზნით კი, კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. შესაბამისად, უკვე გვყავს პირველი სტიპენდიანტები, რაც სხვებისთვის სტიმულისა და მაგალითის მიმცემია.

სამინისტრომ შარშან დაიწყო და წლეულსაც აგრძელებს საინფორმაციო ბანკის შექმნას აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებზე. ამ პროექტის ფარგლებში კი გამოსცა კრებული „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ (პირველი ნაწილი), რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს.

სამინისტროსთვის ასევე პრიოტიტეტულია  „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის  მიზანია აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე მეცნიერების ხელშეწყობა, მათი კვლევების წარმოჩენა და ყოველივე ამის ამსახველი კრებულების გამოცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში მათ  მივლინებას.

უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. 2018 წელს სამინისტროში კონკურსის წესით სტაჟირება გაიარა 5 სტუდენტმა. მათგან ერთი გამორჩეულად წარმატებული სტაჟიორი სამინისტროში დასაქმდა კიდეც.

ცალ-ცალკე და გამოკვეთილად ითქვა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისა და მასში შემავალი სიიპ-ების: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და სხვ. საქმიანობაზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

კერძოდ, კი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნების მქონე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა კეთილმოწყობილი, კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოყვანილი აკუსტიკის მქონე სარეპეტიციო დარბაზი; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა სტატუსი - აკადემიური; სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დაარსებიდან 30 წლისთავი იზეიმა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 25 წლიანი ლოდინის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო თეატრს გადაეცა დიმიტრი ჯაიანის სახელობის ახლად გარემონტებული დარბაზი.

ითქვა ამავე სამსახურის მიერ „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა“ და „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის“ პროგრამებზე.

საინტერესოდ წარმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები, მათ შორის  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის შექმნა;   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების  რუკის შედგენა და დაბეჭდვა; სამეცნიერო კონფერენციის - კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში“ ჩატარება და შესაბამისი კრებულის გამოცემა; აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ  და ამ მიზნით ლევან რჩეულიშვილის წიგნის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ და ალბომის - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - (მოკლე მიმოხილვა)“ გამოცემა და სხვ.

ასევე ვრცელი და მრავალმხრივი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამას, ტურნირებსა და აფხაზეთის  ღია პირველობებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მასშტაბურ ცერემონიალს და სხვ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო საქმიანობაზე და შესაბამის პრიორიტებებზე.

მანანა ქვაჩახიას მოხსენების შემდეგ დამსწრეთ გამოთქვეს აზრი და ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზნით მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა მოსმენილი ანგარიში, შესაბამისად, სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად განხორციელებული  პროექტებისა და პროგრამების შედეგები მიმოიხილა და განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით მომავალში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გასატარებელ საქმიანობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში იხილეთ ბანერზე

მანანა ქვაჩახიამ ბორჯომში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გამსვლელ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მის შემადგენლობაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს.

სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის პრიორიტეტებზე და განათლების რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„განათლების სისტემური რეფორმის“ მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დეპუტატებს სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები გააცნო. მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ფორმატის შეხვედრა პირველად ტარდება და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს წინაშე მდგარი პრობლემები, საკითხები განხილულ იქნეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტთან და განათლების ცენტრალურ სამინისტროსთან ერთად.

მანანა ქვაჩახიამ განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გალის ოკუპირებულ ზონაში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კონკრეტული ფაქტებიც მოიხმო და აღნიშნა, რომ ამ რეალობის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა და მასზე რეაგირება ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით გაიმართა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცემული კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს.

წიგნის იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია, რომელიც თავადვე უძღვებოდა პრეზენტაციას. მისი თქმით, „კრებულში თავს იყრიან აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი განსაკუთრებული მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას? მიუწვდებათ თუ არა ხელი აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში? აქვთ თუ არა ურთიერთობა აფხაზ თანატოლებთან?“

კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში.

პრეზენტაციაზე წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ცნობილმა ჟურნალისტმა მანანა კარტოზიამ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიგლა გობჩიამ, პუბლიცისტმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ და სხვ.

საღამოს ესწრებოდნენ კრებულში შესული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, თავად ერთ-ერთი ახალგაზრდა ქეთი სულავა, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალგარემონტებული დარბაზი გადაეცა

გუშინ თბილისში მდიდარი წარსულისა და უდიდესი თეატრალური ტრადიციების მქონე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა. 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და საშხაპეები აქვს.დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაშია განთავსებული.

დარბაზი ასევე დაეთმობა სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს და სხვა დევნილ შემოქმედებით კოლექტივებს. ეს შენობა ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრად იქცევა რომლის მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებაა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, სოხუმის თეატრის ოქროს ხანად წოდებული პერიოდის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქავთარაძემ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთიასიაშვილმა. გამომსვლელებმა გაიხსენეს თეატრის სოხუმში მოღვაწეობის მდიდარი ისტორია, ასევე, მათ მიერ დევნილობაში გატარებული ის პერიოდი, როდესაც საკუთარი დარბაზის უქონლობის გამო შეკედლებულნი იყვნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელის, სამეფო უბნისა თუ თავისუფალ თეატრებში და სპექტაკლების გამართვა მათ სცენებზე უწევდა.

„დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ შენობას, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც ქართულ-აფხაზური კულტურის კერას. დღევანდელი დღე - 2019 წლის 12 თებერვალი - სოხუმის თეატრის უახლეს, 25-წლიანი დევნილობის ისტორიაში განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ თარიღად შევა - დღეიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საკუთარ სპექტაკლებს აქ, ამ კეთილმოწყობილ დარბაზში, ანუ საკუთარ სცენაზე წარმოგვიდგენს.
სოხუმის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში მრავალი გამოჩენილი მსახიობი მოღვაწეობდა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო დიმა ჯაიანი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა იგი დღეს, რა ცეცხლს დაანთებდა მის ამ დიდი ხნის ნაოცნებარ სცენაზე და როგორი ემოციით, ცრემლნარევი ხმით შემოსძახებდა ყველა დროისა და ეპოქის ქართველისა და აფხაზის გასაგონად - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.

ვულოცავ ამ დიდებულ დღეს თეატრალური დასის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელობას და თითოეულ თქვენგანს, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ“.

შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით პატრიოტული იდეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განსაკუთრებული ჯილდო „მაჩაბელა“ მიენიჭა.

სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) სოხუმის თეატრს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.

საღამოზე ნაჩვენები იყო სოხუმის დრამატული თეატრის შესახებ 1953 და 1983 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. საზეიმო ცერემონიალში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლიმა „აფხაზეთი“, ანსამბლმა „ფორტემ“, „თეატრალურმა კვარტეტმა“, ნეკა სებისკვერაძემ, ნუკრი კაპანაძემდა სოფო ბათილაშვილი მონაწილეობდნენ.
საღამოს ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს ახალი დარბაზის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით დარბაზს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახელი მიენიჭა.
თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეტრმა და მისმა დამაარსებელმა, რეჟისორმა გიორგი რატიანმა იუბილე აღნიშნეს

4 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ,,თეთრი ტალღა" დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო საღამო ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ მინიატურული დადგმით გაიხსნა (რეჟისორი გიორგი რატიანი). შემოქმედებითი საღამოს მსვლელობისას თეატრის დამაარსებელმა გიორგი რატიანმა მოიგონა, თუ რა რთულ პირობებში დააფუძნა მან 1988 წელს თეატრი, თუ როგორ გადააკეთეს იმ დროისთვის სოხუმის მასწავლებელთა სახლის კინოდარბაზი თეატრის სცენად და დადგეს პირველი სპექტაკლი იოზებ კალაბის პიესის მიხედვით - „ჩვენი ეზო“. სპექტაკლის პრემიერა 1991 წლის 10 მაისს გაიმართა. თეატრს კიდევ ერთი პრემიერა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 14 აგვისტოს ომი დაიწყო და თეატრის სოხუმური ცხოვრება გაწყდა... საიუბილეო საღამოზე უჩვენეს გიორგი რატიანის მიეს შესრულებული როლების რეტროსპექტივა,

საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა თეატრის საქმიანობის კულტურული როლი და მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიხეილ რატიანს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

,,თეთრი ტალღის” მსახიობები სხვადასხვა ნომინაციებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გიორგი რატიანს გაწეული საქმიანობისათვის და ისურვა: ძალიან მალე ერთად ჩავსულიყავით სოხუმში და გვეთქვას: ,,გამარჯობა, სოხუმო!“

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი რატიანს „სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია“ გადასცა, ხოლო თეატრ ,,თეთრი ტალღას“ კი - მადლობის სიგელი. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს და თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა ჯილდოები გადასცა.

თეატრისა და გიორგი რატიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე მეუფე დანიელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სხვ.

დასასრულ, თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლი ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ ავანსცენაზე გადაჭიმული გემის ბაგირთან საფინალო სცენა გაითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ბაგირთან მდგარმა არაერთმა თაობამ იცის, რა განუმეორებელი იყო აფხაზეთი და ისინიც მოუთმენლად ელოდებიან იქ დაბრუნებას. ამ თეატრის უმთავრესი მისიაც ეს არის: ახალგაზრდობას არ დაავიწყოს სოხუმი და იქ დაბრუნებისთვის შეამზადოს!

,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019  წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.

 პირველი ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინფორმაცია ბანერზე: ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 

აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუსთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტი ბარბარა ტომფსონ ვიუ ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია.

შეხვედრაზე სტუმარს გააცნეს ქართული კულტურის თავისებურებანი და  მისი მნიშვნელობა, როგორც მსოფლიოს კულტურის ნაწილისა. ითქვა, რომ კარგი იქნებოდა მისი პოპულარიზაცია ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამ ჭრილში ილაპარაკეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ შემოქმედებაზე, თანამშრომლობის პერსპექტივაზე და   შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ტრენინგის სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოადგილეებთან ბესიკ ოდიშარიასა და ჯაბა ჯაიანთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი გიორგი გობეჩია.


საჯარო დაწესებულების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თანამშრომლების კვალიფიკაციაზე. ამ რეალობის გათვალისწინებით წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქვეპროგრამა „...თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგები“ განახორციელა.


სამინისტროს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, თავიანთი მიმართულებებისა და პოზიციების მიხედვით გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები (ტრეინინგები). ტრენინგებს წარმართავდნენ ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროგრამა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების სრულყოფა/განახლებას ითვალისწინებდა.

საახალწლო ზეიმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორი დღე გაგრძელდა

27-28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო ტრადიციული საახალწლო ზეიმი, რომელზეც წლულს  გლდანის ბავშვთა სახლის 49 აღსაზრდელიც იყო მოწვეული. აფხაზეთის ა/რ განათლებისა დკულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დევნილ ბავშვებს ტკბილეული, ხოლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეულთან ერთად თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები, სახატავი ქაღალდები და საღებავები დაურიგა.

საახალწლო ზეიმს ესწრებოდა ასეულობით დევნილი ბავშვი, რომელთაც  სამინისტროს განახლებულ დარბაზში სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიო“ წარუდგინა. ზეიმზე განსაკუთრებულ წინასაახალწლო განწყობას ქმნიდა თოვლის ბაბუა, რომელთან და ნაძვის ხესთან ბავშვები ფოტოსესიას აწყობდნენ.