აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ქორთიარდ მარიოტში „ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები“-ს საკითზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები"-ს საკითხზე მრგვალ მაგიდა გაიმართა. შეხვედრა უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, შსს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ჭულუხაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ თორდია, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,აფხაზეთის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებში, ხალხთა შორის კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ზომების გატარებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, შეთანხმებულ ფორმატებში, მათ შორის კონსულტაციების გამართვას, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ევროკავშირი - საქართვლოს ურთიერთობების გაღრმავების გზების მოძიებას. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას წარიმართა დისკუსია.

შეხვედრის ბოლოს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და ცხუმ-აფხაზეთის აკადემიასთან არსებული, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდული სასწავლო ცენტრი" პრეზენტაცია გაიმართა.

მრგვალი მაგიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტისა და ასოციაცია „მშვიდობა და განათლება"-ს ინიაციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის" ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა პირადი ნივთები მშობლიური ადგილებიდან, ამ ნივთების ამსახველი ფოტოგამოფენა და ალბომი დევნილთა ცხოვრებისეული ისტორიებით. ალბომი გამოცემულია კომპანია „მედიასითის" მიერ.

პრეზენტაციას დაესწრნენ ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი , საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე - გულიკო ზუმბაძე,  აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი საზოგადოება.

ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთობაში“ მონაწილე თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სახალხო ზეიმ „აფხაზეთობაში" აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებს მადლობის სიგელები და მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' ჩართულობისათის სერთიფიკატები გადასცა.

ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთობაში“ მონაწილე თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სახალხო ზეიმ „აფხაზეთობაში" აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებს მადლობის სიგელები და მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' ჩართულობისათის სერთიფიკატები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმრის წერილი

საქართველოს მოსახლეობა, და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, შეძრა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ცხვარიჭამია-თბილისის ტრასაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი 5 რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ესენია: კონსტანტინე (კოკა) ჯობავა, 22 წლის - ქ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, ირაკლი ჭანია, 21 წლის - ქ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, შოთა ანჯაფარიძე, 30 წლის - ხატმწერ-რესტავრატორი, ზურაბ ლემონჯავა, 22 წლის - ქ. თბილისის მერიის შპს "სინათლის ქალაქის" დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ნაროუშვილი, 24 წლის - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი.

ყველა დაღუპული ქ. თბილისის გმირ კურსანტთა ქ. №22-ში მდებარე ყოფილი უშიშროების აკადემიის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.

დაღუპულთაგან ოთხს ხვალ, 14 ივლისს, სამშაბათს, 14 საათზე გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან, ხოლო უფრო მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ირაკლი ნაროუშვილის გასვენება შედგება 16 ივლისს, ხუთშაბათს.

აფხაზეთის მთავრობა დიდი გულისტკივილით აღნიშნავს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს და ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილის მშობლებსა და ნათესავებს.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ღირსების ორდენის კავალერის, ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა – „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყო.

გამოფენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ფოტოგრაფის კოლეგები იმყოფებოდნენ.

მიხეილ როსტომაშვილის მხატვრული ფოტოსურათები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. გამომცემლობა „ხელოვნებამ“ გამოსცა ბუკლეტი ცნობილ ქართველ ბალერინა ნინო ანანიაშვილზე, რომელშიც მიხეილ როსტომაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები შევიდა. 2000 წელს მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „რომანტიკული მოტივები“. იმავე წელს გაიმართა გამოფენა „ახლოა ფერეიდნამდე“. თბილისსა და ბათუმში მოეწყო მისი არაერთი გამოფენა, მათ შორის ფოტოგამოფენა „განწყობილება“.

მიხეილ როსტომაშვილი ალმა-ათაში „ქალები მშვიდობისათვის, ეკონომიკური დაცვისა და თანასწორობისათვის“ საერთაშორისო სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ივლისის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა

  • 2015 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი - მიშა როსტომაშვილის გამოფენა „არტ გალერეაში", აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოიეში;

  • 2015 წლის 13  ივლისი, 13:00 საათი - წიგნის პრეზენტაცია, გამოფენა „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან" - პარლამენტის  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი;

  • 2015 წლის 13  ივლისი, 20:00 საათი - კოსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის პრემიერა „ქალი";

  • 2015 წლის 18 ივლისი, 12:00 საათი - დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩისა და მემორიალური კომპოზიციის გახსნა;

  • 2015 წლის 22  ივლისი - „არტ გენი" - ეთნოგრაფიული მუზეუმი;

  • 2015 წლის 25 ივლისი - მცხეთა-მთიანეთის მხარეში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვები;

  • გეგმიური უფასო გასინჯვები - ყოველი თვის ბოლო შაბათს დილის 10 სთ-დან 15-სთ-მდე მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში (ც.დადინის 255, ყოფილი N1 სამშობიარო სახლი) ტარდება დევნილთა უფასო გამოკვლევები;

  • 2015 წლის ივლისი - ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიღება აფხაზეთის მთავრობაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვის ტექსტი საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობის იუბილესთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გულწრფელად ულოცავს ფრიდრიხ ებერტის ფონდს ღირშესანიშნავ თარიღს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ამ ფონდის 20-წლიანი საქმიანობის იუბილესთან. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტივობას, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ხსენებული ინსტიტუტი, ზოგადად, აღმოსავლეთ კავკასიაში, კერძოდ - საქართველოში და ძირითადად მიზანმიმართულია ისეთი საჭირბოროტო საკითხების უზრუნველყოფაზე, როგორიცაა დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდს უკავია ღირსეული ადგილი იმ მრავალპროფილური დახმარების სისტემაში, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. თავისი 20-წლიანი საქმიანობით საქართველოში ფონდმა ქართველ ხალხში სამართლიანად დაიმსახურა დიდი ავტორიტეტი, ვინაიდან ეს ინსტიტუტი რეალურად და პრაქტიკულად მხარს უჭერს ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაფუძნებას და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განათლების შემდგომ განვითარებას.

ჩვენთვის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფონდის მოღვაწეობის ის მიმართულება, რომელიც ეხება კონფლიქტების დარეგულირებას, მითუმეტეს, რომ აფხაზეთის პრობლემატიკის მოუგვარლობა უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად რეგიონალური უსაფრთხოების სისტემას. ვიმედოვნებთ, რომ არსებული რეალიებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ფონდი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის საქმიანობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით, რაც პირდაპირ და უშუალო თანხვედრაშია, როგორც ფონდის იდეალებთან, ასევე, საქართველოს მთავრობის საერთო სამშვიდობო პოლიტიკასთან.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ფრიდრიხ ებერტის ფონდს საქართველოში პროდუქტიული საქმიანობის  20-წლიან იუბილეს  და ვუსურვებთ მას ახალ და ეფექტურ წარმატებებს ჩვენს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ჯამში, უდაოდ, აისახება ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრების კეთილდღეობის ამაღლებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადება

მიმდინარე  წლის 30 ივნისს საქართველოში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაიმართა პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები თემაზე: „გრძელვადიანი გადაწყვეტილებები: საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა არჩევანი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში მიესალმება ამგვარი კვლევების ჩატარებას, ვინაიდან მსგავსი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს იძულებით გადადგილებულ პირთა ნების დაფიქსირება ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი საკმაოდ კომპაქტური და დაბრუნებასთან დაკავშირებით დევნილი საზოგადოების ძირითადი დაკვეთის მაჩვენებელია.

ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილობაში ერთადერთი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურაა, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვან  მიმართულებას იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ხსენებული აქტივობა ხორციელდება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის ქვედანაყოფებთან, მათ შორის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR). ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ როგორც UNHCR, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში არიან ჟენევის მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეები.

ამ კონტექსტში, კარგი იქნებოდა, თუ ზემოხსენებულ მსგავსი სახის პრეზენტაციებზე მიწვეული იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავისი ფუნქციონალური დატვირთვით არიან დევნილი საზოგადოების ნდობის მანდატის მატარებლები და მათი ნების გამომხატველები. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ზემოაღნიშნულ საკითხებში ერთიორად ეფექტურს გახდის დევნილთა ნების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესს. ხოლო ეს თავის მხრივ აუცილებელია იგპ-თა დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში მყოფი საბოლოო ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებისათვის.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცემათ. მონაწილეები გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ახლობლებმა გააცილეს.

დევნილი მოზარდები საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL''-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს და სრულიად ამერიკელ ხალხს ულოცავს  ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებთ რა მათ ქვეყანას მშვიდობას, წარმატებებს და შემდგომ განვითარებას,  მადლიერების გრძნობით ავღნიშნავთ  ამერიკელი ხალხის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.

დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების  ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საკითხში.

გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.

22 წელი გავიდა აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

საქველმოქმედო აქცია სტიქიით დაზარალებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის

30 ივნისს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფონდ „ტაძრელმა", ამერიკული ორგანიზაცია "OSMPH"-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ, წყნეთში ჩასახლებულ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილები ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

დევნილებთან იმყოფებოდნენ ორგანიზაცია "OSMPH'' ის წარმომადგენლები მარკ ჰარტერი, რონალდ სკოტ მაგნუმი, თემურ თუმანიშვილი და სიმონი კოპაძე. სტუმრები ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად გაესაუბრნენ დევნილ მოსახლეობას და მოისმინეს მათი პრობლემები. საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, დონორი ორგანიზაციები აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მომავალში იზრუნებენ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი მიმდინარეობს, საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მონაწილეობს.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობს.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ქართული მხარე ასევე დააყენებს გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებს.

წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" განხილვა აფხაზეთის მთავრობაში

25 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტებისა დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა.

წიგნის ავტორები არიან წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯემალ გახოკიძე და სოფო მიდელაშვილი. ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა პრობლემებმა. კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ზემოთ ხსენებული ცენტრი ჰონკონგის ფენომენმა დააინტერესა, რადგან 1997 წელს ჰონკონგის დედასახელმწიფოში დაბრუნების ფაქტი იყო უნიკალური მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში. ჰონკონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. ამიტომაც, წიგნის ავტორებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა. იგი განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.

წიგნის განხილვისას გაიმართა საინტერესო დისკუსია აფხაზეთის ხელისუფლების წევრებისა და მოწვეულ სტუმართა მონაწილეობით. აღნიშნულ ნაშრომს მიეცა მაღალი შეფასება, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური მასალის საფუძვლიანად გაცნობას, შესაძლებელი პარალელების გავლებას, მსგავსებებისა და განსხვავებების ძიებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

ჯემალ გახოკიძის თქმით: "არ შეიძლება ჩინეთის მიერ განხორციელებული დიპლომატიური სვლების პირდაპირი კოპირება და გადმოტანა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ჰონკონგის პრეცედენტი არის ანგარიშგასაწევი და ყურადსაღები, ის უნდა იქნეს კრიტიკულად გაანალიზებული, სწორედ ეს არის ამ წიგნის მიზანიც".

დასასრულს, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებას.