აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ახალაგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართა

ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ახალაგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.

საღამოы ჟული შარტავას მეგობარი, ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდა. საღამოზე ქართული სიმღერებით მომღერლები ირმა სოხაძის, თემურ წიკლაურის, აჩიკო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი წარსდგნენ. მეგობრებმა და ახლობლებმა კიდე ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ცხოვრება და მოღვაწეობა.

საღამოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში საქართევლოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაეწრნენ.

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო თარიღს აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა.

2014 წელი ჟიული შარტავას წლად გამოცხადდა.

ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სკულპტურული მემორიალი – „საქართველოსთვის“ გაიხსნა

თბილისში, ბესარიონ ჟღენტის (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სკულპტურული მემორიალი - „საქართველოსთვის" გაიხსნა. მემორიალი ლომის ქანდაკებას წარმოადგენს. სკულპტურის შექმნის იდეის ავტორია ზურაბ კოკაია, რომელთან ერთადაც ცნობილი მოქანდაკეები დავით მინდორაშვილი და ედუარდ შახნაზაროვი, მხატვარ-დიზაინერი სერგეი სლივანი, ბრინჯაოს ჩამომსხმელები ოლეგ და პაატა გელაშვილები, არქიტექტორი ანდრო ღვამიჩავა და მშენებელი ზაალ ლომსანიძე 1 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

სკულპტურული მემორიალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ გახსნეს. მემორიალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, მეცნიერ-აკადემიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ჟიული შარტავას ხსოვნას.

მონუმეტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები.

სკულპტულური მემორიალი „საქართველოსთვის" ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა და აფხაზეთის ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, საქართველოს პრეზიდენმტა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიება ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. 

საქართველოს მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და დევნილმა საზოგადოებამ ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ჟიული შარტავას საფლავზე ასევე პანაშვიდი გადაიხადა მეუფე დანიელმა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და დევნილმა საზოგადოებამ ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 4-7 მარტს ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში სკოლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გაიმართა  ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი თხზულებებისა და ნახატების კონკურსი,  ჩატარდა კონფერენცია თემაზე „და მაინც რა არის სამშობლო", მრგვალი მაგიდა: „სოხუმის უკანასკნელი გმირები", პრეზენტაცია - „ჟიული შარტავა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლი რაინდი". ასევე მოეწყო ჟიული შარტავას სახელობის ტურნირები მინი ფეხბურთში და ჭადრაკში.

ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის საჯარო სკოლებში დასკვნითი ღონისძიებებით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის საჯარო სკოლების შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს.  

ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობისა ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მხარდაჭერით ჩატარდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70-წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია-მრგვალი მაგიდა: „აფხაზეთის კონფლიქტი დღევანდელი გადასახედიდან“ გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში ჟიული შარტავას 70-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის - „თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები" - ფარგლებში გაიმართა სექცია-მრგვალი მაგიდა: „აფხაზეთის კონფლიქტი დღევანდელი გადასახედიდან. პრობლემები და გამოწვევები". სხდომას პროფესორები ჯონი აფაქიძე და ზურაბ პაპასქირი უძღვებოდნენ.

მრგვალი მაგიდა გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ.

„დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა სრულფასოვნად შეფასდეს არსებული რეალობა და შემუშავდეს წინადადებები რომლებიც ეფექტურ წვლილს შეიტანენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში" - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

დამსწრე საზოგადეობას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურისა მინისტრმა, დიმიტრი ჯაიანმა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ პაპასკირმა, დაზმირ ჯოჯუამ, ბორის კვარაცხელიამ, ომარ არდაშელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ წოწონავამ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა წევრები, მეცნიერები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მოეწყო

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე ალექსანდრე ხუბუას, ელდარ ქავშბაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ზურაბ ჭედიას, დათო ბაძაღუას, ვალერი ჩარგაზიას, ირაკლი გოგიას და სხვა დევნილი მხატვრების 50-მდე ნამუშევარი, მათ შორის ქანდაკებები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები იქნა წარმოდგენილი.

გამოფენა, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა და ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

დამსწრება საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი გეგეჭკორმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გენო კალანდიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები" გაიმართა. კონფერენციას აკადემიკოსები როინ მეტრეველი და არჩილ ფრანგიშვილი უძღვებოდნენ.

დამსწრე საზოგადეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა. კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.

კონფერენციის მიზნებია ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და სახელმწიფოს მართვის ურთიერთსასარგებლო კავშირების განმტკიცებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოპოვებული მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და ქვეყანაში პოლიტიკური მეცნიერების განვითარების გზების პროგნოზირებას.

ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა წევრები, მეცნიერები, საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორები და პროფესორ-მასწავლებელბი დაესწრნენ.

კონფერენცია პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ტექნიოკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ლიტერატურული კონკურსის „ომის გარეშე“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სამების ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ლიტერატურული კონკურსის „ომის გარეშე" გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და საქართველოს სხვა საჯარო სკოლების დევნილი VIII-XII კლასების მოსწავლეები. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ლექსი; საუკეთესო თხზულება.

სპეციალურმა კომისიამ 6 გამარჯვებული გამოავლინა (I, II, III ადგილები ორივე ნომინაციაში).

პრიზები გადაეცა გალიდან დევნილ სამ მოსწავლესაც, რომლებმაც თბილისში ჩამოსვლა ვერ შესძლეს.

თხზულებათა კონკურსის გამარჯვებულები ფულადი პრემიებითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განთლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული კონკურსის მნიშნელობაზე ისაუბრა.

„ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძებებში ჩართულია ჩვენი ყველა სამინისტრო, განსაკუთრებით აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ასევე, შესაბამისი ცენტრალური სამინისტროები, რომელთაც მთავრობამ აქტიური მონაწილეობა დაავალა. იმედი მაქვს, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც, რისთვისაც მთავრობას ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. რაც შეეხება კონკურსს, რომელიც აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა, გამოავლინა საოცარი ცოდნა, ტოლერანტობა, სიყვარული აფხაზებისადმი, აფხაზეთისადმი, ტკივილი ტრაგედიისადმი. მთავარი კიდევ ერთი რამ არის - ეს ბავშვები აქ დაიბადნენ, მათ არც უნახავთ თავიანთი მშობლების სახლი, თავიანთი მშობლიური კუთხე, მაგრამ ისე აღწერენ, თითქოს იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ და ისეთი სითბოთია მოტანილი აფხაზებთან ეს ურთიერთობა, თითქოს თვითონ მეგობრობდნენ აფხაზებთან და არა მათი მშობლები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ თემაზე მათ ოჯახებში მუდამ საუბრობენ, იქ არ არის სიძულვილი, ამ ოჯახებში არის სიყვარული, სითბო, იმ წარსულის საუკეთესო მოგონებები და მომავლის საოცარი რწმენა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გადასცა

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და დახმარება გადასცა. გვალიების ოჯახში მცხოვრებ 7 მოზარდს საკვებ პროდუქტებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთები და ბავშვებისთვის საჩუქრად სათამაშოები მიიღეს.

„დღევანდელი ჩვენი მცირედი მაგრამ გულწრფელი საჩუქრები არის სიმბოლური დახმარება. ოჯახს ასევე მცირედი მატერიალური დახმარება გავუწიეთ"- განაცხადა ჯემა გოგოხიამ.

გვალიების ოჯახში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და  განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და რეგიონალური სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა. მათ დევნილ ოჯახს საჩუქრად გადასცეს მაცივარი, გაზქურა, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დედის დღე რეგიონში მცხოვრებ უკრაინელი ეროვნების ქალბატონებს მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დედის დღე მიულოცა დევნილ ქალბატონებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან დედებს კლინიკა „ენმედიცის" მხარადჭერით უფასო სამედიცინო გამოკვლევები კლინიკის ვაკის ახალ ფილიალში ჩაუტარდათ, რომელიც საზეიმოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა კობა ბურნაძემ გახსნეს. სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმთა ჯგუფი მრავალშვილიანდ დედებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურა.

ასევე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკას შორის თანამშრომლობის მემომარნდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დევნილებისთვის თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის სამედიცინო აქციები და გამოკვლევები დაიგეგმება.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა და „ენმედიცის" ვაკის ფილიალის ხელმძღვანელის ხათუნა გარდაფხაძის ორგანიზებით მოეწყო.

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის ტურნირის ფინალური შეჯიბრი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჭადრაკის სასახლეში, სწრაფ ჭადრაკში ჟიული შარტავას სახელობის ტურნირის ფინალური შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს 7-14 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა.

შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით ხუთ ტურად ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო დიდოსტატი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის თამაშების მრავალგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის მთავობის წევრები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიუირ რეესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ტურნირის მონაწილეებს, ისაუბრა ჟიული შარტავას მიერ განვლილ გზაზე, მის მოღვაწეობაზე.

მოზარდებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ნონა გაფრინდაშვილმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.

ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთიდან დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს

მორიგი საქველმოქმედო აქცია დევნილი მოსახლეობისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს USAID მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი დაურიგდათ.

აქციის ფარგლებში, ამჯერად დახმარება თბილისში, ჩუბინაშვილის ქ. №30-ში და ცაიშის ქ. №36-ში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. აღნიშნულ ობიექტებში აფხაზეთიდან დევნილი 40 ოჯახია ჩასახლებული.

USAID-მა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილთათვის რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ სხვა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას დაურიგდება.

აფხაზეთის მთავრობის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამარ კორძაიას შეხვდნენ

26 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თამარ კორძაიას შეხვდნენ.

შეხვედრისას მთავრობის წევრებმა დეპუტატთან ერთად ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისათვის ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ნაძალადევის რაიონში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში უფასო მრავალპროფილიანი სამედიციო-პროფილაქტიკური გასინჯვების ჩაატარებს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებას უზრუნველყოფს.