მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

შეხვედრას, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს თუბა ოზუთოქს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ სააგენტოს წარმომადგენელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილთა დასაქმებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული და ომის შემდგომ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ.
 
სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონის 20 მებრძოლის ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მოადგილე ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა გია ედილაშვილმა და 242-ე ბატალიონის მეთაურმა სოსო სილაგაძემ გადასცეს.
 
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ბონდო ბენიძე, ტრისტან დარახველიძე, ველოდი (ნიკოლოზის ძე) ხეცურიანი, გელა ჩხეტიანი, ხოლო გივი აბაშიძე, ვალერი ბენდელიანი, ველოდი (ვახტანგის ძე) ხეცურიანი, ხვიჩა ბენდელიანი, დემურ თუთისანი, ვარდენ ირემაძე, თენგიზ კოპალიანი, ცეზარ კოპალიანი, ემზარ მეშველიანი, მურმან მეშველიანი, რომან სილაგაძე, ბიქტორ საღინაძე, ემზარ ფუტკარაძე, რაჯი ხეცურიანი, ზურაბ ჯიდოშვილი და გია ხეცურიანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
 
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორ თინათინ მახარაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში წელს პირველად ჩაირიცხა აფხაზეთიდან დევნილი ორი ახალგაზრდა, რომლებიც განათლებას რძის პროდუქტების წარმოებისა და ფერმერობის მიმართულებით მიიღებენ.

სასწავლებლის სტუდენტები სწავლობენ და ცხოვრობენ შვეიცარიული სტანდარტის კეთილმოწყობილ კამპუსში, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარეობს. სწავლა დაფუძნებულია დუალური სწავლების პრინციპებზე, რაც თეორიისა და პრაქტიკის კომბინაციას გულისხმობს.

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სექტორში. შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებულია მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

რუსლან აბაშიძემ თურქეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ და გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

რუსლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თავის მხრივ, თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე მონაწილეობდნენ.

დევნილმა ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, სადაც საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილს, თავისუფალი ვაჭრობისა და უსაფრთხოების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების და სექტორალური ინტეგრაციის საკითხებს. ასევე, ინტეგრაციის პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბილტმორში ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.

საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აფხაზური ენის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და დამსწრე საზოგადოებას. ასევე, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები: სტუ-ის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, ალეკო ცინცაძე და კოტე ფხაკაძე.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდინახეს" მსახიობმა სტუდენტებმა მუსიკალურ-ლიტერატურული  წარმოდგენა გამართეს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ქალთა გუნდის და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მონაწილეობით.

შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების და გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მთავრობის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებისგან სფეროში არსებული საჭიროებები მოისმინეს და სპორტსმენებს მხარდაჭერის პროგრამა წარუდგინეს. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის მიზანია ქართველი სპორტსმენების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში  აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობას შეხვდა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე  კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე.  საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

 „ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ერთერთი მთავარი და მყარი პერსპექტივა მშვიდობიანად გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, რომლის უფლებები  ამ პროცესში ადეკვატურად იქნება დაცული,” - განაცხადა შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებს აფხაზეთის მთავრობასთან.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ საზოგადოებას სამინისტროების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, წარმატებული ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი ადამიანები.

კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი  საზოგადეობის  ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად  მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, მწერალთა სახლში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. გამომსვლელებმა აფხაზური ენის უნიკალურობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი განუყოფელი ადგილი ქართულ მწერლობასა და კულტურაში. 

ღონისძიებაზე გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურენოვანი, ასევე დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნები „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ კონკურსის ფარგლებში,   კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამოიცა.  პროექტი მიზანად ისახავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას.

პრეზენტაციას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით  სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დღესვე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენები გადაეცათ.

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის, არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.