აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.
აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა მოახლოებულ აფხაზეთობის დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთობის კვირეული 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდას.
მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და აქტივობების ეფექტიანი განხორციელების გზები.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.