აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალი portal.abkhazia.gov.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში გაიმართა.
ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.
პორტალი აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს, რომლის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.
პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.
მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი ჯინჭარაძე, ოჯახებს, შესაბამის მხარდაჭერასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
გიორგი ჯინჭარაძე ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში, აფხაზეთის №5 და №6 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს სკოლებში არსებული ძირითადი გამოწვევები, მათ შორის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პედაგოგთა პროფესიული განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა განათლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.
გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და სკოლების მხარდაჭერა, პედაგოგთა გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე სასწავლო პირობების შექმნა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მხარის მიერ, წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა გიორგი ჯინჭარაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების გეგმები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
„შობა არის იმედის, სიყვარულისა და ერთობის დღე. ამ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და თითოეული თანამემამულის ღირსეული მომავლისთვის. გვწამს, რომ რწმენით, ერთობითა და მოთმინებით შევძლებთ უკეთესი მომავლის აშენებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.