სიახლეები

მთავრობის აპარატი
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დაიდგა.

საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

„ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ აღწერს და ადასტურებს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა არის ერთიანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ერთობა და ურთიერთპატივისცემა, რაც წლების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის აუცილებლად მშვიდობით იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის ამბავი, რომლებიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ სოხუმში ხვდებიან. ისინი იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობასა და კონფლიქტამდე ცხოვრებას.

სპექტაკლი წარმოადგენს ერთგვარ შემოქმედებით ზრუნვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირების აღდგენას.

2025-12-09
მთავრობის აპარატი
პროექტ „ჯადოსნური დღეების“ მორიგი ღონისძიება რუსთავში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე რუსთავში იმყოფებოდა, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, დევნილი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

„დევნილი ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით, ათ ლოკაციაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით და გართობით წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიურ თამაშებს მოიცავს, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, პროექტი „ჯადოსნური დღეები“ აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ხონის, რუსთავის, ფოთის, სენაკისა და ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარეობს.

2025-12-07
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს, ისაუბრეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე ადგილობრივი დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მამუკა რეხვიაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებობს შექმნის. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან დევნილ მოსახლეობაზე მზრუნველობის საკითხს.

გიორგი ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი ძაძამია, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კოკაია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

2025-12-06
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. ასევე საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

2025-12-05
მთავრობის აპარატი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებაზე, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობასა და პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გამოვიდა.

„მსგავსი ფორმატის კონფერენციები ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ისტორია სრულყოფილად და ობიექტურად წარმოვაჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისა და განათლების სფერო გახდეს ის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის პირდაპირი ურთიერთობების აღდგენას და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს კავშირებს ქართველებსა და აფხაზებს შორის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას წიგნის „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის ეპარქიის მმართველი (1869-1886)“ პრეზენტაცია, რომელიც ავტორის მრავალწლიან კვლევაზე დაყრდნობით, აფხაზეთის ეპარქიაში მღვდელმთავარ გაბრიელის მოღვაწეობას ასახავს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო კონფერენცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.

2025-12-02
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სისტემის უმთავრეს გამოწვევებად საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების სისტემა განისაზღვრა. გამოწვევების შესაბამისად შემუშავდა ამოცანები, რომელიც აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

2025-12-02