აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
ილორის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ.
სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან დასახლებებში არსებულ სპეციფიკურ საჭიროებებზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრისა და დევნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მესტიაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. გამოსვლაში გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას დევნილების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური საზოგადოებების შერიგების პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე რეგიონში მყოფი ტურისტები დაესწრნენ.
მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამით წარდგნენ. შესრულდა ქართული ტრადიციული ხალხური კომპოზიციები და ფოლკლორული ნომრები.
საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტო-გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, რომელიც აფხაზეთის პეიზაჟებსა და ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ფართო საზოგადოებისთვის აფხაზეთის მდიდარი კულტურის გაცნობასა და მის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.