აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამინისტროებისა და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
სხდომაზე ასევე შიდა სტრუქტურული გაძლიერების და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს მოქალაქეებთან. დევნილთა საცხოვრებელი პირობების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თითოეულ ოჯახზე.
ამ პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რაც საშუალებას მოგვცემს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ახალგაზრდებს კი მივცეთ განვითარების და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თბილისის ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის მთავრობის ის პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
მთავრობის თავმჯდომარემ და ილორის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ ახალგაზრდების ხელშეწყობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მთავრობისა და მისი სამინისტროების სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, მათი ინიციატივების განვითარება და ხელშეწყობა.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ესწრებოდნენ.
მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მომავალ თაობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის გაძლიერებისა და ეროვნული ერთიანობის საქმეში, რის გამოც ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურული და ინტეგრაციული პროგრამების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ხობისა და სენაკის ფილიალები დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკების ინფრასტრუქტურას გაეცნო, სამედიცინო პერსონალს შეხვდა და დაწესებულების ხელმძღვანელებისგან პოლიკლინიკებში აღჭურვილობის გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„ჩვენი მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ჰქონდეთ ისეთივე სრულყოფილი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურის განახლებაზე, მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „დიომედის“ სამედიცინო ცენტრის 11 ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ პოლიკლინიკებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას და დეპუტატებს სამინისტროების საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. მისი თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელები ასევე პასუხისმგებლები იქნებიან პროგრამების ეფექტიან შესრულებასა და საზოგადოებასთან მათი შედეგების ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაზე.
გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება დევნილთა საჭიროებების უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების ეფექტიანად განხორციელებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირებისთვის.
დეპუტატებმა სამინისტროების გეგმებთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კითხვები დაუსვეს და უმაღლესი საბჭოს მხრიდან დევნილთა მიმართულებით არსებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით, მათთან შეხვედრებს აგრძელებს.
მთავრობის აპარატში მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ყველაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემური საკითხები პირადად გააცნეს.
გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს, აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხის მაქსიმალურად დროულ შესწავლასა და მათზე ეფექტურ რეაგირებას დაჰპირდა.
აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გაცნობის მიზნით მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრები ყოველთვიურად იმართება.