აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და აფხაზეთის საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
2020 წლის 22-25 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში.
დევნილ მეწარმეთა, მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იყო მათი წინადადებები და იდეები სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ’’ მონაწილეობასთან დაკავშირებით. მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს აღნიშნულ პროექტში ჩართვის კუთხით გაეწიათ კონსულტაციები და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები. მათ მიერ ჩამოყალიბებული ბიზნეს პროექტები გამოგზავნილი იქნება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ერთიანი პორტალის სამინისტროს გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე, განსახილველად და შემდგომი პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის და 2020 წლის გეგმების წარდგენას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა და მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ. მოსწავლეებმა გიდის - საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანლის ირმა ბოჭორიშვილის თანხლებით, დაათვალიერეს თბილისის ზოოპარკი და მისი ბინადრები - ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფაუნის წარმომადგენლები, სულ 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი და ფრინველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები.
მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია, მშობლები და პედაგოგები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დიდ მადლობას უხდის თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, თანაუგრძნობს დაზარალებულებს და მორალურ მხარდაჭერას უცხადებს თურქ ხალხს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი - ფორმები და ბურთები გადასცა.
საფეხბურთო გუნდი ,,საირმე“ 2019 წლის თბილისის ღია საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულია. გუნდში აფხაზეთიდან დევნილი 20 ახალგაზრდა ვარჯიშობს და ისინი სასწავლო წვრთნას თბილისში, ზაზა კარსანიძეს ხელმძღვანელობით გადიან. მწვრთნელები: დავით თაქთაქიშვილი და ილია ხიპაშვილი.
დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და მისმა მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ.
2020 წლის 20 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში,დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებსა და კულტურის სამინისტროს და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსები" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები. სპექტაკლის ბოლოს 500 - მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მუსიკალური სპექტაკლების „ბრემენელი მუსიკოსები“ და „თოვლის დედოფალი“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ 1000-მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.
საახალწლო ზეიმი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი თბილისის შემდეგ ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში გამართა.
დევნილ მოზარდებს უჩვენეს: ქ. ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მუსიკალური ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“; ქ. ზუგდიდში, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ „ბრემენელი მუსიკოსები“; ხოლო ქ. ფოთში კი ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „თოვლის დედოფალი“.
წარმოდგენების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ ათასამდე ბავშვს ტკბილეული დაურიგდა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიენებულ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილზე არსებულ დაძაბულობასა და რთულ კრიმინოგენულ ვითარებას, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
მოხსენების შემდეგ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
10 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროსა და წარმომადგენლობების გაერთიანებასთან დაკავშირებული და სხვა მიმდინარე საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უკრაინის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს მიუსამძიმრა.
მიმდინარე წლის 8 იანვარს გამთენიისას, ქ. წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობის“ ერთ-ერთ ოთახში, სავარაუდოდ გაუფრთხილებლობით, გაჩნდა ხანძარი, რომელსაც ემსხვერპლა ორი დევნილი მოქალაქე ლეილა ზაქარაია და ვალენტინა პერევერზევა. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი და მოქალაქეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად. გარდაცვლილები იყვნენ სოციალურად დაუცველები, მათ შორის ვ. პერევერზევა მარტოხელა მოხუცებული, ხოლო ლეილა ზაქარაიას დარჩა ორი შვილიშვილი. ზაქარაიას ოჯახისათვის შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალური დახმარების გასაწევად შუამდგომლობა აღიძრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიმართ. ხოლო, ვინაიდან ქ-ნ ვ. პერევერზევას არ გააჩნია ნათესავები, მისი დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს ქ. წყალტუბოს მერია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული სათანადო ღონისძიებები.