აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ზუგდიდში მცხოვრებ დევნლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მედიკამენტები დაურიგდათ. გამოკვლევებში თბილისის რამდენიმე წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის ღუდუშაურის ეროვნული ცენტრიდან, მრავალპროფილური ცენტრი „მზერადან“, ჟორდანიას ინსტიტუტიდან და სხვა.

გამოკვლევებ მიმდინარეობის პროცესს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.

აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას შეხვდა

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები ორი ქართველი სიმბოლური ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ემზარ მატკავა და ლევან მორგოშია 14 აგვისტოს, მდინარე ენგურზე თევზაობის დროს დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას პირადად შეხვდა და შინ  მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ  საზღვრის დარღვევის ბრალდებით ქართველების პატიმრობაში აყვანა, იყო უსამართლო აქტი, ვინაიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან, მითუმეტეს მეთევზეობასთან და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებთან.

ვახატანგ ყოლბაიამ, ასევე აღნიშნა, რომ მატკავა და მორგოშია ყველაზე მეტად გაახარა იმ ფაქტმა, რომ აფხაზებს ძალიან გაუკვირდათ ქართველების დაკავება და რუსი მესაზღვრეების საქციელი არაკანონიერად მიიჩნიეს. საბოლოოდ კი ეგრეთწოდებულმა სასამართლომ სიმბოლური თანხის 2400 რუბლის ფასად, რაც 82 ლარის ეკვივალენტია, მოახდინა დაპატიმრებულების განთავისუფლება.

„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას მორალური მხარდაჭერისთვის. დღეს მთელი ოჯახი ვიმყოფებით უფასო სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარდება. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ შევხვედროდი და მადლობა მეთქვა ბატონი ვახტანგ ყოლბაიასათვის, რომლის თანადგომაც ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის. ასევე მინდა ჩვენი ოჯახების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და  შერიგების სამინისტროებს, რომელთა დაინტერესება და მონაწილეობა ამ იმნციდენტში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის  შვილმა.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები ატენის ხეობაში კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები ატენის  კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში გაემგზავრნენ.

მოზარდები  ბანაკში აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გააცილეს.

კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკი გორის რაიონში, კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა, სადაც კარვების ქალაქში 40 მოზარდი 5 დღის განმავლობაში დაისვენებს. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია კოდის სათემო განათლების ცენტრის წარმომადგენლები.

მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს.

ბანაკში უპირატესად  ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილები დაისვენებენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 24 წელი შესრულდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 24 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, რუსთაველის გამზირიდან - გმირთა მოედნამდე მსვლელობა მოეწყო. გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

სოხუმის თეატრმა ბათუმში, ქუჩის თეატრის პროექტის Street Theatre Project-ის ფარგლებში სპექტაკლი „ნავიგატორი“ წარმოადგინა

11 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, ქუჩის თეატრის პროექტის Street Theatre Project-ის ფარგლებში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის სპექტაკლი „ნავიგატორი“ (რეჟისორი - დავით სიხარულიძე) წარმოადგინა.

ფესტივალის ფარგლებში, ამ დღეებში ბათუმში, ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.

პროექტის ფარგლებში, ბათუმს ესტუმრებიან ასევე სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.

„ქუჩის თეატრის პროექტი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

 

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების - ზურაბ ჭედიას, გიზო ხუბუას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ელდარ ქავშბაიას, დავით ბაძაღუას, ხუტა კვარაცხელიას, ნინო ჭედიას, ქეთევან შენგელიასა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული თუ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები. აქვე გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები.

მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს. შემდეგ თითოეული ახალგაზრდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ამა თუ იმ ძეგლზე გააკეთებს მისეულ დასკვნას.

მოზარდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საძილე ტომრებით, ე. წ. პარალონებით და კარვებით. ბანაკში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსს ირაკლი გელენავას - ტელეფონის ნომერზე - (+995) 577 09 22 21. 

მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილებს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID -ის პროექტ „ZRDA"-ს ერთობლივი საგრანტო პროექტი დაიწყო

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების  განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ZRDA"-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის მარტივი ტიპის სასათბურე წარმოების განვითარების საგრანტო პროექტის ერთობლივად განხორციელება დაიწყო. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში შამგონაში, რუხში, კოკში, ჩხორიაში, ორსანტიაში, ახალ აბასთუმანში, განმუხურში, რიყეში, დარჩელში, ანაკლიაში, ცაიშში, მუჟავაში, ფახულანში, ლიაში, ჭალესა და ჯვარში მიმდინარეობს.

ქალაქ ზუგდიდში პროექტ „ZRDA"-ს ოფისში დაინტერესებულ ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში მიმდინარეობდა და დევნილებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ბენეფიციარებს  საგრანტო განაცხადის აპლიკაციები და განმარტებითი ბარათები დაურიგდათ.

შეხვედრაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და პროექტ „ZRDA"-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი ედუარდ შერმადინი მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებზე მრავალწლიანი იჯარით 230კვ.მ ან 460კვ.მ კონსტრუქციებს გასცემს, ხოლო პროექტი „ZRDA" სათბურების მოწყობისათვის საჭირო პაკეტებს 100%-ით დააფინანსებს, რომელშიც შედის სასათბურე ფირი, ცელოფნის დამჭერი პროფილები, წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემები.

პროექტით დაინტერესებულმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებმა დევნილებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები 2016 წლის 26 აგვისტოს 17:00 საათამდე პროექტ „ZRDA"-ს ოფისში, მისამართი: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის #3.

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების" პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებემლა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“ -მა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.

ბავშვებმა „GINO-Paradise"-ის მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს. მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს უმასპინძლა.

ვახტანგ ყოლბაიამ მუსტაფა ქორქმაზს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისათვის. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მუსტაფა ქორქმაზს განუცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელიც თურქულმა მხარემ დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში შეიტანა. ეს ეხება როგორც გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკის წარმოებაში გაშვებას, ასევე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების განსათავსებელი ობიექტის გახსნას.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის ახალ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მუსტაფა ქორქმაზს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის ფარგლებში დევნილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გრძელვადიან და მოკლედვადიან პროფესიულ საგანმანმანათლებლო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან.

ასევე, მხარეები პროექტების ერთობლივად დაგეგმავასა და განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს „C “ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარდათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და ორგანიზებით „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის" სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს „C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარა.

გამოკვლევებს მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე უწევდა.

„C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონში ჩასახლებულ ყველა დევნილს ჩაუტარდება.

„ილიაობის“ დღესასაწაულმა წელს აფხაზეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ილიაობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაიმართა აფხაზური საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზი ეროვნების სტუმრებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამ ფორმატით დღესასწაული 2014 წლიდან აღინიშნება და მას უკვე ტრადიციული სახე აქვს. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა.