ვახტანგ ყოლბაია წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.

ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.

წიგნის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაციას დაესწრნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.

„გზავნილები მომავლიდან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა

24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა" ლეგენდარული ფეხბურთელის ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ცნობილმა ფეხბურთელმა თამაში ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში, ახალგაზრდულ ნაკრებში „სტრელაში" (1940 წელი) დაიწყო, 1944 წლიდან კი უკვე თბილისის „დინამოში" გადავიდა. განსაკუთრებულ წარმატებებს ფეხბურთელმა მოსკოვის „დინამოში" გადასვლის შემდეგ მიაღწია, 1954 წელს კი კვლავ თბილისის „დინამოში" დაბურნდა. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვალტერ სანაია მისთვის დამახასიათებელი თამაშის მანერითა და მეკარის განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდა.

დიდი ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა.

ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის" ორგანიზებით გაიმართა.

საჯარო გამოსვლის ხელოვნება

2015 წლის 23 სექტემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა  ლექცია – ტრენინგი “საჯარო გამოსვლების ხელოვნება”, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები. ტრენინგს უძღვებოდა “ახალი უმაღლესი სასწავლებელი”–ის პიარ დეპარტამენტის უფროსი, ტელეკომაპანია “იმედის” თანამშრომელი (ტრენერი) სოფო ქვარცხავა. ლექცია – ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.

ოთარ ჟორდანიას 75 წელი შეუსრულდა

გამოჩენილ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) რექტორის (1993-2005 წლებში), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიღება გაიმართა.

ოთარ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

ოთარ ჟორდანიას „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ქ.თბილისში ფუნქციონირების, აღდგენის, თანამედროვე დონის უმაღლესი განათლების კერად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.  

გალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.  სასწრაფო დახმარების მანქანას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა, ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი  მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უხცადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

მინი-ფეხბურთში ინვალიდ-ამპუტანტთა ნაკრებ გუნდებს შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის თასის გათამაშება ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის საქართველოს რეგიონალურ თასის გათამაშება ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, თბილისის, იმერეთისა და ქართლის გუნდები. ფინალური შეხვედრის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ქ.თბილისის გუნდმა, მეორე ადგილი აფხაზეთის გუნდმა, მესამე ადგილი კი გორის გუნდმა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, სპორტული ფორმებითა და ბურთებით დაჯილდოვდნენ. სპეციალური პრიზი გადაეცა საუკეთესო მეკარეს, ფეხბურთელსა და ბომბარდირს.

ტურნირის ორგანიზატორობა გასწიეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტული მომზადების ცენტრის და აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციამ. ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჯარაძე, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა, აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ინალიშვილი, საქართველოს ინვალიდ ამპუტანტ-ფეხბურთელთა ლიგის პრეზიდენტი რუსლან ბაქრაძე და სხვები.

,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო ჩაერთო, მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში ,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ, თავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგელები, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, თავდაცვის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, თბილისის მერიის თანამშრომლები. სხვადასხვა სამთვრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოხალისეები.

18 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური სართაშორისო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა , რომელზეც დატანილია დასუფთავების აქციაში მონაწილე ქვეყნები.

მათ შორისაა საქართველო, რომელიც აღნიშნულ რუკაზე დატანილ იქნა 2010 წელს. რიგით 121-ე ქვეყანა, როგორც მსოფლიო დასუფთავების კამპანიაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად 2010 წლიდან საქართველოში მსოფლიო კამპანიის პარალელურად ტარდება ,,დავასუფთავოთ საქართველო’’ კამპანია.

2015 წლის კამპანიის მოწოდება ისევე ,როგორც წინა წლებში არის — ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა.

2010 წლიდან აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო აქტიურად არის ჩართული ამ კამპანიის ყველა აქციაში. გასულ წლებში დასუფთავდა დევნილთა კოპაქტური ჩასახლებების ეზოები. თბილისის ზღვასთან არსებული სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სამომავლოდ იგეგმება ასეთის აქციების ჩატარება საქართველოს დევნილებით ჩასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში.

ლისის ტბის მიმდებაე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილება მიიღო 150 -მდე ადამიანმა. აქციის დროს შეგროვდა დაახლოებით 12 კუბური მეტრი ნარჩენი. რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გატანილ იქნა ნაგავსაყრელზე.

საქართველოში კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო“ ტარდება პროექტის ,, დავასუფთავოთ საქართველო-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩნების მართვის გაუმჯობესების პროცესში’’( ფაზა 3) რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი–საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები–საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,, ორქისი’’ და ,, ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მხარის ფინანსური
უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების კამპანიასთან თანამშრომლობით.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ. ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-მდე მოზარდი სწავლობს. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრად ასევე ნეტ-ბუქები გადაეცათ.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილში დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია.

დევნილებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ მოსახლეობას ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობისა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს.

დევნლთა მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საცხოვრებელი ფართებისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აფხაზეთის მთავრობის ხემლძღვანელობა დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებს ინდივიდუალურად გაესაუბრა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუში დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა.

დევნილებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ მოსახლეობას ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობისა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს.

დევნილთა ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საცხოვრებელი ფართებისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აფხაზეთის მთავრობის ხემლძღვანელობა დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებს ინდივიდუალურად გაესაუბრა.

გარდა ამისა, აფხაზეთის ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შესაბამის მემორიალთან პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლების ხსოვნას.

მსგავსი შეხვედრა დევნილებთან ხვალ მარტვილში გაიმართება.

სემინარები ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებში

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან ხანგრძლივი და შედეგზე ორიენტირებული თნამშრომლობა აკავშირებს.
2009 წლის 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო სემინარები ქ.ბათუმის საჯარო სკოლებში.
2010 წელს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კვირეულის ფარგლებში ბათუმის სანაპიროზე ჩატარდა გამწვანების აქცია.
2011 წლის 30-31 ოქტომბერს ქ.ბათუმში შედგა არაფორმალური სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.
30 ოქტომბერს ჩატარდა მრგვალი მაგიდა, ხოლო 31 ოქტომბერს ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შამეცნიერო კონფერენცია თემაზე “შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარემოსდაცვითი პრობლემები”.
2015 წლის 8 სექტემბერს შედგა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად აჭარელ აფხაზებთან და აჭარაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან ერთად შესაძლებელი ღონისძიებების შესახებ. როგორც ყოველთვის ჩვენმა აჭარელმა კოლეგებმა თანადგომა გამოთქვეს ჩვენ ინიციატივასთან დაკავშირებით.როგორც იტყვიან შეხვედრას ქმედება მოყვება და 19სექტემბერს ჩატარდება დასუფთავების აქცია შავი ზღვის სანაპიროზე. ეს შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.

აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს.

„ის შეზღუდვა, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის სასაზღვრო პუნქტზე თითქოს „უცხოეთის მოქალაქეთათვის" დააწესა, სრულიად უკანონოა. ეგრეთწოდებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასაც აღნიშნავს, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა და აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეეხება.

გამოდის, რომ გალის მოსახლეობას შეეხება. ვინაიდან მათი მიერ შემოღებული პასპორტიზაციის თანახმად, გალელები „უცხოეთის მოქალაქეებად" უნდა მივიჩნიოთ. „უცხოეთის მოქალაქეებს" კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ „ფსოუს" გავლით შეუძლიათ მოხვედრა. „ფსოუს" გავლით გადასვლა კი გალელებისთვის თავდაყირა სიარულის ტოლფასია. ხაჯიმბას ხელისუფლების მხრიდან გალელების მიმართ ასეთი უკანონო ქმედება არახალია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გალელების „მოთვინიერებისკენ" იყოს მიმართული.

მაგრამ, მეორე მხრივ, ხაჯიმბამ კარგად იცის, რომ გალელები ანგარიშგასაწევი ძალაა, მათი შრომისუნარიაონება კი საქვეყნოდ ცნობილია. ასეთი მოქმედება პოლიტიკურადაც გაუმართლებელია, არაჰუმანურია, პრაგმატული თვალსაზრისითაც არამომგებინია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვას სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. როცა ამ ფორმით ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფასთან და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან გვაქვს საქმე, არავინ დათანხმდება იქ ინვესტიციის ჩადებას. ამიტომაც არა მგონია, ეს სცენარი დიდხანს შენარჩუნდეს, რასაც თავად „ტექნიკურ მიზეზებს" და „დროებით შეზღუდვას" უწოდებენ". - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთიდან დაბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL"-ის ერთობილივი პროექტის ფარგლებში,  2015 წლის ივლის-აგვისტოს თვეებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი, მოხალისე ოჯახების მიწვევით, ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში ისვენებდნენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ. ესპანეთიდან დაბრუნებულ ბავშვებს, გუშინ, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები და ახლობლები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელდა.

ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ფონდ „მოლოდინის" და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელეტუალური განვითარებიც ცენტრში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ამჟამად, ქართული სახელმწიფო ძალიან ბევრს მუშაობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოსაძიებლად.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, საქართველოში კი ეს დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ძალიან ბევრია ისეთი დედა, რომელიც ჭიშკართან დგას და  შვილს ელოდება.  რას უნდა გრძნობდეს დედა, რომელმაც შვილის საფლავიც კი არ იცის. მრავალი ორმხრივი ქართულ-აფხაზური შეხვედრა ტარდება, სადაც ამ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროცესი თავისებურია და  პროცედურა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. მხოლოდ იდენტიფიცირების შემდეგ ხდება მათი ძმათა სასაფლაოზე  დაკრძალვა. ჩვენი ვალია ყველა ჩვენი ვაჟკაცი მეომრის საფლავი ვიცოდეთ. სახელწიფო  ძალიან ბევრს აკეთებს თითოეული  მეომრის ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად  და გადმოსასვენებლად, მათი ოჯახების მხარდასაჭერად". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.