აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს მედიკამენტები უფასოდ დაურიგდათ

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩისა და ავტომშენის დასახლებაში ზემო აფხაზეთიდან დევნილათა კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებზე ზემო აფხაზეთის პოლიკნინიკის, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და „ავერსის" თანადგომით 300-მდე დევნილს უფასო წამლები გადაეცა, ადგილზე ჩაუტარდათ გამოკვლევა ბავშვებსა და ხანდაზმულებს.

„ასეთ დახმარებას ყოველწლიურად მართავს ზემო აფხაზეთის პოლიკნინიკა, მხარში გვიდგანან, განსაკუთრებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და პოლიკნინიკა. გვეხმარებიან ოპერაციების დაფინანსებითაც. დღეს მოვიდნენ სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტი ავადმყოფი და ინვალიდია. ეს მათგან ძალიან სასიხარულო ნაბიჯია. მადლობა მინდა გადავუხადო მამუკა გირლიანს და მის ჯგუფს, აფხაზეთის მთავრობას, კოდორის გამგებელს - ლაშა მარგიანს გარჯისა და თანადგომისთვის", - აღნიშნა დევნილმა ციური მიქიანმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 82 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ გახსნა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმ¬ჯდო-მარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. კონფერენციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას სოხუმის უნივერსისტეტის განსაკუთრებულ ისტორიასა და როლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.

„როდესაც სოხუმის უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ყველას გვახსენდება 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები, 18-19 ივლისის შეტაკებები, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. სამწუხაროდ ეს იყო სწორედ იმ უბედურების დასაწყისი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ და აქამდე მოვედით. მაგრამ ისტორიას თავისი გზა და კანონები აქვს. ცხოვრება გაგრძელდა და ჩვენმა უნივერსიტეტმაც ახალი ფურცლები ჩაწერა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ისტორიულმა მეხსირებამ კი შემოგვინახა ჩვენი წარსულის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ძალიან კარგად აღნუსხავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეცდომებს, რომელიც ორივე მხარეს საკმარისზე მეტი იყო. დღეს აფხაზეთის უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, რაც ძალიან კანონზომიერია. სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი გახლავთ აფხაზეთის უახლესი ისტორიის მემატიანე, რომელიც მრავალ თაობას გზას გაუხსნის განათლებისა და წიგნიერებისკენ, ამავე დროს, არასოდეს დაავიწყებს მათ იმ დრამატულ და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც იძულებული გაგვხადა ცხოვრება თავიდან დაგვეწყო. მომავალმა თაობამ ძველი თაობის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. არც აქ და არც აფხაზეთში. ამას ხშირად ვამბობ და არ დავიღლები ამის გამეორებით. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ მომავალ თაობას სიმართლე ვუთხრათ, თუ რა უძღოდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც 300 000 ათასი ადამიანი დევნილად აქცია", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაია ასევე შეეხო აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას. მისი თქმით, სოხუმის უნივერსიტეტი, თავისი ტრადიციების გათვალისწინებით, ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ამ მხრივ, ძალიან დიდია დღევანდელი კონფერენცის მნიშვნელობა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შეუდრეკელმა ბუნებამ, გამოცდილებამ, ტრადიციებმა, ცოდნამ და კვალიფიკაციამ თავისი გაიტანა და დღეს ჩვენი უნივერსიტეტი, თამამად შემიძლია განვაცხადო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა სოხუმის უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებს, ცოდნას და გამოცდილებას ახლა მომავალ თაობებს გადასცემენ. კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობენ და საკუთარ ცოდნას იმდიდრებენ. სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, ცოდნის, მეცნიერების, განათლების ის პოტენციალი, რომელმაც ზღვარი უნდა დაუდოს ქართულ-აფხაზურ გაუცხოებას, ჩვენი ისტორიული ურთიერთობების გადაგვარებას. თქვენ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა შეიძლება იქცეს იმ ხიდის გაგრძელებად, რომელზეც აფხაზები და ქართველები ერთად გაივლიან. ივლიან განათლებისა და მეცნიერების გზაზე ერთიანი საქართველოს სიკეთისთვის. მისი საუკეთესო მომავლისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუს¬თა¬ველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერები.

პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ცნობილი აფხაზი მეცნიერის ხუხუტი ბღაჟბას სამეცნიერო მემკვიდრეობას, აფხაზეთიდან ცნობილ ქართულ ხელნაწერებსა და აფხაზურ ლიტერატურას, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის, განათლების, დემოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევას.

დღესვე, ვახტანგ ყოლბაიამ და გია გვაზავამ უნივერსიტეტის კორპუსებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

თელავში აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია და დეპარტამენთის თანამშრომლები 15 ივლისს კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.

დავით გვაძაბია თელავში, სოხუმის ქუჩაზე (№4) მდებარე დევნილთა მართლზომიერ სარგებლობაში არსებული კორპუსში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები.

59 დევნილ ოჯახს ასევე ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტის და მსოფლიო პალატის ფედერაციის წევრი გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუერთდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საქართველოს ეროვნულ კომიტეტს  და მსოფლიო პალატების ფედერაციის წევრი გახდა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC, თავისი უზარმაზარი გლობალური ქსელით აძლევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შესაძლებლობას დაამყაროს პროდუქტიული კონტაქტები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. უფრო მეტიც, მაღალი დონის ადგილობრივ, რეგიონალურ და უცხოურ ღონისძიებებში და ფორუმებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და სხვა ეროვნულ კომიტეტებთან კავშირი დაეხმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს წრეებს განვითარდნენ და ბიზნესში მიაღწიონ უპრეცედენტო სიმაღლეს.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალი

დღეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს საკუთარ სახლში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბათუმში მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

10-11 ივლისს, ქ. ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა"გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს მიეძღვნა. კონფერენციაზე, ასევე, განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას აშუქებდა საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

კონფერენციის ფარგლებში  ოთხი თემატური სესია გაიმართა:

I სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება;

II სესია - სახალხო დიპლომატია და „აღმოსავლეთ პარტნიორობა";

III სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში;

IV სესია - ერთიანი და თავისუფალი ევროპა: დასრულებულია თუ არა მისია?

კონფერენციას მიწვეეულთა შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა. მან "Abkhazia News"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

„ჩვენთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ თავად პრემიერმა თავის გამოსვლაში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროსაც და დღესაც აღნიშნა, რომ ასოცირებით მიღებული სიკეთით უნდა ისარგებლოს მთელი ქვეყნის მოსახლეობამ, მათ შორის აფხაზებმაც და ოსებმაც. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში. ვფიქრობ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით აუცილებელია მათი მონაწილეობის ფაქტორის მკვეთრი გააქტიურება ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის რეალიზაციისას. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა აფხაზების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სწრაფვა იზოლაციის თავიდან აცილებისკენ და ინტერესი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ამიტომ დღის წესრიგში დგება ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის პროცესი, რის მძლავრ იმპულსსაც ასოცირების შეთანხმება იძლევა. ცნობილია ისიც, თუ რა შეფასებები მოჰყვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სოხუმში. გაძლიერდა განწყობა, რომ თითქოს უნდა გაძლიერდეს აფხაზების რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი. ვფიქრობ, სწორედ აქაა  საჭირო ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ევროკავშირის მიერ აფხაზეთთან ისეთი ჰუმანიტარული მისიების განხორციელება, როგორიცაა ვთქვათ „რბილი ძალა", „რბილი მეთოდები". მხედველობაში მაქვს ისეთი მოტივაციის გაღვივება, რომელიც ევროპისკენ აფხაზების სწრაფვას გააღრმავებს. ჩვენთვის დღეს ეს თემა სტრატეგიულ კონტურებს იძენს. ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირი აფხაზებისთვის შეუძლებელია არ იყოს მომზიდველი. მაგრამ როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში ისე რომ, როგორც იტყვიან, სახეც შეინარჩუნონ, და, ამავე დროს, მიიღონ ყველა სიკეთე, რომელსაც თავისუფალ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა, რთული ამოცანაა. მაგრამ, როგორც იტყვიან, შეუძლებელი არაფერია.   ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ თავის ტკივილთან გამკლავება", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას აზრით, მნიშვნელოვანია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აფხაზების ძირითადი პრობლემების მოგვარებისა და ევროსტრუქტურების მიმართ აფხაზების ნდობის გაღრმავებისკენ წარიმართება.

„აფხაზებისთვის მთავარი პრობლემები დღეს დემოგრაფიული საკითხების გარდა, ახალი კონტაქტების დამყარებაცაა. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სპეციალური პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული. საინტერესო იქნება მათთვის ასევე სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობა, ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა დაახლოებით იმ დონეზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა რეფერალური პროგრამების შემუშავებისას.

შესაძლებელია ასევე ევროპულ სივრცეში, საქართველოს ერთიან ფარგლებში აფხაზების სოციალ-კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენის ღონისძიებებზე ფიქრიც. რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამების დამუშავებაზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება აფხაზეთისთვის ისეთი დარგების მოდერნიზაციაზე, როგორიც არის მომსახურების სფერო, მაგალითად, ტურიზმი. ასევე სოფლის მეურნეობა, კერძოდ, სუბტროპიკული კულტურები და ა.შ. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაზე უნდა ვიფიქროთ. მიმაჩნია, რომ ასეთი მუშაობა  სოხუმის ინტერესს ევროსტრუქტურების მიმართ გააქტიურებს. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ხანგრძლივი პროცესია, ხვალვე არაფერი ხდება და ვფიქრობ, გადაჭარბებული მოლოდინს მხოლოდ ზიანი მოაქვს. დაახლოების, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გააქტიურების გარეშე ქართველებსა და აფხაზებს შორის, არაფერი გამოვა; უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმისას გაღიზიანება და ზეწოლა გვერდზე უნდა გადავდოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა სიტუაციაც ახლაა შექმნილი აფხაზეთში. დროა საჭირო და დაფიქრება, რომ სოხუმში კარგად გააანლიზონ ის სიკეთე, რომელსაც მათ ევროპასთან დაახლოება მოუტანს.", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პრობლემების და მათი გადაჭრის გზები“ -სადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" მხარდაჭერითა და აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) ხუროთმოძღვრული ძეგლების მხატვრული იერსახის მიზანმიმართული შეცვლის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებათა პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოხსენებით - „აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები", - აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე  შერმადინ შარია წარსდგა.

ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მმართველი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი,  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მეორე ნაწილში დოკუმენტური ფილმის „მოქვი"-ს პრემიერა მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ედუარდ შევარდნაძის პანაშვიდზე იმყოფებოდა

 

 

ვახტანგ ყოლბაია კრწანისის რეზიდენციაში აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჯუმბერ ბეთაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დიდ დარბაზში ჯუმბერ ბეთაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ჯუმბერ ბეთაშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დახვრიტეს.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი უძღვებოდა.

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ჯუმბერ ბეთაშვილის ნაცნობები და მეგობრები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

ჯუმბერ ბეთაშვილის ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„მადლობა, ყველას ვინც დღევანდელი საღამოს მოწყობა განიზრახა. მადლობა ოჯახის წევრებს. ჯუმბერი სოხუმისა და მთელი აფხაზეთისთვის კოლორიტული ფიგურა იყო. კეთილსინდისიერების, ჰუმანურობის, წესიერების, პატიოსნების განსახიერება. საქმისადმი მისი დამოკიდებულება ხომ სრულიად განსაკუთრებული იყო. ძალიან ლამაზად იცხოვრა, სანამ ეს უბედურება არ დაგვატყდა თავს, რომელსაც ჩვენდა საუბედუროდ, აფხაზეთის ომი ჰქვია.

ჯუმბერ ბეთაშვილი წარმოუდგენელია ავტომატით, იარაღით ხელში, ის ხომ მხოლოდ მშვიდობას ქადაგებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის ღირებული, აფხაზებიც არასოდეს იყვნენ გულგრილნი მისი პიროვნების მიმართ. როგორც უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ცუდსა და აუგს მასზე ვერავინ იტყვის, ვერც თბილისში და ვერც სოხუმში. სულ ახლახან მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ჟიული შარტავა გავიხსენეთ, მისი იუბილე გადავიხადეთ. დღეს ჯუმბერ ბეთაშვილზე ვსაუბრობთ. ისინი ხომ ერთ დღეს დახვრიტეს. ომი არავის ინდობს. ქართულ-აფხაზური ომის ადამიანურმა მსხვერპლმა ორივე მხარეს დაგვანახა, რომ მსგავსი საშინელება არ უნდა გამეორდეს. კანონზომიერია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჯუმბერ ბეთაშვილისნაირი ხალხი არის ის ხიდი, რომელზეც უნდა იაროს ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობამ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჯუმბერ ბეთაშვილი ყველა ქართველისათვის სამაგალითო უნდა იყოს.

„ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი არის შეგნებული გმირობის მაგალითი ყველა ქართველისთვის, ჩვენთვის, ვინც მართლა ვამაყობთ ჩვენი წარსულით. ვისაც გვინდა შევინარჩუნოთ ის ღირსება, ის ისტორია რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა. სწორედ ჯუმბერ ბეთაშვილის, ჟიული შარტავასა და სხვების მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა და განსაკუთრებით სამხედრო და შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მართლაც ის მაგალითი, ის საბრძოლო სულისკვეთება, რომლითაც უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი ჯარისკაცები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სამძიმრის წერილი

  ვიზიარებ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

  ნებისმიერი ქართველი და დასავლელი ექსპერტის აღიარებით ბატონი ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსების რანგს მიეკუთვნება. ის იყო ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანი ფიგურა თანამედროვე განვითარებული სამყაროსთვის. მის სახელს უამრავი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის, აფხაზეთის ომი და მისი ტრაგიკული შედეგები.

  ამ პირობებში, საქართველოსთვის ასეთი დარტყმის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძემ საერთაშორისო სამყაროს არაორდინალური და ამბიციური პროექტი შესთავაზა „აბრეშუმოს გზის" სახით.

  „აბრეშუმის გზის" პარალელურად, მუშავდებოდა საუკუნის პროექტად წოდებული სანავთობო მილსადენების, სარკინიგზო მაგისტრალების, სატრანსპორტო მიმოსვლის, საჰაერო ტრასების გზები, რომელსაც ამ პროექტებში საქართველოს მონაწილეობა უნდა უზრუნველეყო. ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის დასავლეთისკენ გატარებამ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მოლსადენის მშენებლობამ, საქართველოს გავლით, კასპიის სანავთობო რესურსების გატარებისათვის უპირატესობის მინიჭებამ, საქართველო მსოფლიო სანავთობო რუკაზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცია.

  ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ეროვნული თუ მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენები.

  ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა საქართველოში ტრაგიკულიც იყო, საინტერესოც და იმედის მომცემიც. დასავლეთის ყურადღება შევარდნაძის მოღვაწეობის მიმართ საქართველოს გზას უხსნიდა იმ ფასეულობებისკენ, რომლის მატარებელიც ჩვენი ქვეყანა თავად იყო საუკუნეების მანძილზე. ალბათ არავინ იკამათებს იმაზე, რომ სწორედ ის გახლდათ დასავლეთისკენ საქართველოს გზის გამკვალავი.

  კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების ღრმა მწუხარებას ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

 

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე" საინფორმაციო ფორმატის გადაცემები გავა, რომლებშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები გაშუქდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დავითაიამ მოაწერეს ხელი.

პროექტის მიზანია აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მყოფი დევნილი საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა. პროქეტში იგულისხმება ქართველთა და აფხაზთა შორის დიალოგი, სახალხო დიპლომატია, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შედის ასევე კონფლიქტის ზონაში მყოფი მაცხოვრებლებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სამომავლო გეგმებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე დროული და ოპერატიული ინფორმაციის ქართული საზოგადოებისთვის მიწოდება.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრე გია გვაზავა, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, პროფესორი ოთარ ბენიძე, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი იგორ კოპალიანი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ოთარ ჟორდანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა ლიგის" თავმჯდომარე მერაბ პაპასკირი, ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის ფონდის თავმჯდომარე ზაურ ბედია, საზოგადოებრივი კავშირ „სამურზაყანოს" თავმჯდომარე მურმან  ყოლბაია, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და მაყურებელს საშუალება ექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით გაიგოს  თუ რა ხდება  აფხაზეთში, და სამაჩაბლოში, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ, როგორი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ, რომ ერთი მხრივ, შევუმსუბუქოთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრების პირობები, მეორე მხრივ, გამოვნახოთ გზები და საშუალებები, რომ არ დავშორდეთ ერთმანეთს, არ გავიბუტოთ, არ გავითიშოთ, არ გავუცხოვდეთ", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ.

„გვექნება 15 წუთიანი საინფორმაციო ბლოკი იმის შესახებ, თუ რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. გადაცემაში ასევე აუცილებლად იქნება საუბარი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებზე როგორც აფხაზებზე, ისე ქართველებსა და ოსებზე", - აღნიშნა აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დავითაიამ.

„ეს გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მას ელოდება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ პროექტის განხორცილება", - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენრალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ცენტრი მოიპოვებს შესაბამის ინფორმაციას და დამოუკიდებლად შექმნის და მოამზადებს შესაბამის ტელეპროდუქციას (სატელევიზიო გადაცემები, ღონისძიებები, დოკუმენტური ფილმები და ა. შ.) რომელსაც მიაწვდის მაუწყებელს, ხოლო მაუწყებელი კვირაში ერთხელ უსასყიდლოდ განათავსებს მოწოდებულ ტელეპროდუქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" ეთერში.

ვახტანგ ყოლბაია სტუმრად ღვაწლმოსილ პედაგოგ ლეონტი ქუხილავასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ლეონტი ქუხილავას ესტუმრნენ, რომელსაც გასულ წელს 80 წელი შეუსრულდა. იგი სოხუმის დაცემის ბოლო წუთებამდე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა.

ვახტანგ ყოლბაიას სიტყვებით, ქუხილავამ „შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ახალგაზრდების ღირსეულ აღზრდას დაუთმო". სტუმრებმა პედაგოგს სასაჩუქრე კალათი და აფხაზეთის მთავრობის მადლობის წერილი გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა ბულგარეთის ფესტივალზე გამარჯვებულ ბავშვებთან

ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხაში ბუგლარეთიდან დაბრუნებულ ხელოვან ბავშვებს შეხვდა, რომელთა შორის 20 დევნილია.

საერთაშორისო ფესტივალი „მორსკა პერლა" ბულგარეთის ქალაქ ახელოიში 25 ივნისიდან 4 ივლისამდე მიმდინარეობდა. მასში 9 ქვეყნის მოზარდებთან ერთად ქართველმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალურად ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 40-ზე მეტი ბავშვი, მათ შორის 20 დევნილი მოზარდი გაემგზავრა. კონკურსი ჩატარდა ქორეოგრაფიასა და ფოლკლორულ ინსტრუმენტალურ, ასევე სასიმღერო ჯანრში. გრანპრი ქართველმა მოზარდებმა ქორეოგრაფიულ და ინსტრუმენტალურ ნომინაციაში აიღეს. მოზარდები ბულგარეთში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვებს წარმატება მიულოცა და მათთვის გაწეული დახმარებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ჯვარის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ისინი ასეთ ყურადღებას და თანადგომას იჩენენ ჩვენი დევნილი ბავშვებისადმი. ალბათ იცით, რამდენად ძნელია საზღვარგარეთ გასვლა. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის ის მორალური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რაც ბავშვებს ჭირდებოდათ. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ღირსეულად წარმოეჩინათ საქართველო. ქართული კულტურა ის ფენომენია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ერს, ჩვენს ნიჭს და ჩვენს მისწრაფებას ხვალინდელი დღისკენ, განვითარებისკენ. მე ვულოცავ წალენჯიხის ფოლკლორულ ჯგუფს ამ წარმატებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვასახელა, ეს პირველი საფეხურია იმ წარმატების გზაზე, რომელიც მომავალში მრავლად ექნებათ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

თავის მხრივ, აფხაზეთის მთავრობასა და ენგურჰესის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.

„ბულგარეთში გამართულ ხელოვნებისა და ხალხური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა ბავშვმა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის 20 ბავშვი აფხაზეთიდან დევნილია. მადლობას ვუხდი ენგურჰესის ხელმძღვანელობას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ბავშვების დაფინანსებაში, მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ, მაგრამ მთავარია, რომ პრიზიორები ამაყები დაგვიბრუნდნენ. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას", - აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

გუშინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აქციაში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დევნილებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც მიიღეს.

გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე, მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა, სადაც 4000-მდე დევნილია რეგისტირებული.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

„მალთაყვის დასახლებაში ჩასახლებულია 3000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც აქ წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდანაც კი გადმოსახლდნენ. სამი წელია უკვე აქ ცხოვრობენ. მათი თხოვნა იყო, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო სწრაფად და ორგანიზებულად დღევანდელი დღისთვის მობილიზება. ეს უკვე მეექვსე გასვლითი ღონისძიებაა, რომელსაც ისინი ატარებენ. ამ აქციის ჩატარებაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებმა გაგვიწიეს დახმარება. ასეთებია: „ფარმადეპო," „სახალხო აფთიაქი", „ავერსი" და სხვები. დიდი დახმარება გაგვიწია ღუდუშაურის ცენტრმა, დვალის კლინიკამ, კლინიკა ლანცეტმა. მოსახლეობა კმაყოფილია, ეს კი ძალიან მახარებს. მახარებს ისიც, რომ ამ აქციაზე სხვადასხვა პროფილის ექიმები მრავლად იყვნენ. უამრავმა დევნილმა ჩაიტარა გამოკვლევა. ხალხმრავლობა თვალში საცემი იყო. შესაძლებლობის ფარგლებში უფასო წამლებიც დარიგდა. თუმცა ყველას ვერ გაწვდა. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტრო იზრუნებს. სპეციფიურ და უფასო წამლებზე დევნილები ჩვენთან დადგებიან აღრიცხავაზე. ორ კვირაში კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ეს წამლები ადგილზე გამოიგზავნება და აქვე დარიგდება. დღევანდელი დღე ჯანდაცვის სამინისტროსათვის არის რიგითი სამუშაო დღე, ჩვენი დევნილებისთვის კი არც ისე ჩვეულებრივი, რადგან ამ აქციას დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, გამოკვლევების დროს მოხდა ახალი შემთხვევების აღმოჩენა; გარდა ამისა, სანინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მან ასევე მოინახულა და დახმარება გაეწია რამდენიმე მწოლიარე პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დევნილთა უფასო გამოკვლევები სხვა რეგიონებში კვლავაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის" ორგანიზებით სამედიცინო აქცია გაიმართა გურჯაანშიც.

კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფის მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში დევნილებზე მედიკამენტები უფასოდ გაიცა.

გურჯაანში გამოკვლევები მთელი დღის განმავლობაში, გურჯაანის ქართულ-ფრანგულ კლინიკაში მიმდინარეობდა.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა ლერი ხაბელოვს 50 წლის იუბილესადმი

  ვულოცავ ბატონ ლერი ხაბელოვს 50 წლის იუბილეს, ქართული სპორტის ღირსებას და სინდისს. დაუღალავ, მშრომელ და მუხლჩაუხრელ ადამიანს. უამრავი ვარსკვლავის, ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელს. თქვენი გზა და მოღვაწეობა ნიჭიერი, დაუღალავი, მოუსვენარი, საინტერესო ადამიანის ცხოვრებაა. თქვენ გაუთქვით საქართველოს სახელი თქვენი აღზრდილი სპორტსმენებით, თქვენი გაკეთებული საქმეებით. სანამ თქვენ ქართული ჭიდაობის მესვეურთა რიგებში ხართ საქართველოს მუდმივი ვარსკვლავთცვენა ექნება.

  გისურვებთ ჯან-ღონით სავსე ცხოვრებას, სიხარულს, წარმატებას თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ა/რ მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი