აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები“ 1900-1921 წწ. ( აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები" 1900-1921წწ. (აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია - ირაკლი გელენავა.

ღონისძიებას აფხაზეთის განათელბისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი უძღვებოდა.

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

წიგნის გამოცემით ხელი შეეწყობა 1900-1921 წლების აფხაზეთში განათლებისა და კულტურის ისტორიის კვლევის გაძლიერებას, მთელი რიგი ისტორიული მომენტების ობიექტურად შესწავლასა და დაზუსტებას. მეცნიერულ ბრუნვაში შემოვა ასობით ახალი დოკუმენტი/პირველწყარო.

აღნიშნული წიგნი გადაეცემა ყველა მსხვილ წიგნსაცავს და საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებს, ასევე აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების ბიბლიოთეკებს.

წიგნი გამოცემულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინიტროს ადამიანური რესურსის გამოყენებით.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი პოლონეთში საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტებს შეხვდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა,სადაც შეხვედრები გამართა საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტებთან. ვიზიტი პროექტის - „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოს სასოფლო რეგიონებში"ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიზანია საქართველოში დანერგოს საპილოტე პროგრამა 5 წლის ასაკის ბავშვების სასკოლო მზაობისათვის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.

პროექტის ფარგლებში, შერჩეული სკოლების ბაზაზე ჩატარდება სკოლამდელი განათლების ცენტრების სარემონტო სამუშაოები, თითოეული ცენტრი აღიჭურვება შესაბამისი ავეჯით. ასევე შერჩეული პედაოგები გაივლიან გადამზადებას, საპილოტე პროექტის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან მეთოდური მასალებით და სახელფასო ანაზღაურებით.

პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პოლიტიკასთან სკოლამდელი განათლების სფეროში.

პოლონეტში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრებში. შეხვედრები მოეწყო ასევე, სკოლამდელი განათლების სპეციალისტებთან და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში.

პოლონელმა კოლეგებმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნეს საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მიერ ჩატარებული მეცადინეობები.

საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კვლავ გაიზრდება საქართველოს მასშტაბით სასკოლო მზაობის ცენტრების დაფუძნება, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

პროექტის პარტნიორები არიან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონური საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ედუკატორი", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასოციაცია „კივიტას გეორგია" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წერითი ტესტირების მეორე ეტაპი ჩატარდა

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, დღეს წერითი ტესტირების მეორე ეტაპი ჩატარდა. კონკურსი სამინისტროს 13 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. აღნიშნული ადგილების დასაკავებლად 78 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან მეორე ეტაპზე  მონაწილეობის მისაღებად 55 კონკურსანტი გადავიდა.

გამოცდებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ჯალაღონია, კომისიის წევრები: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი კობა ყალიჩავა, აფხაზეთის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი შალვა წულეისკირი და არასამთავრობო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთი"-ს ფსიქოლოგი თეა კაჭარავა ესწრებოდნენ.

საკონკურსო კომისია კონკურსანტებს აცნობებს ტესტირების  შედეგებს. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში კონკურსანტებს საშუალება ექნებათ განცხადება შეიტანონ საპრეტენზიო კომისიაში.

ქუთაისში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები ქუთაისში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველმა დევნილებმა გაიარეს.

გამოკვლევები 17-18 მაისს ქუთაისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის შენობასა და ავანგარდის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა. კლინიკა „ენმედიცის" მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს უტარებდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკის სპეციალისტებმა, კერძოდ თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგი, ოფთალმოლოგმა, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა.

მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა დედებსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც ჩაერთვებიან.

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია 17 და 18 მაისს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების პროცესს დაესწრო,შეხვდა და გაესაუბრა დევნილებს, გაეცნო მათ პრობლემებს, რიგი საკითხები ადგილზე გადაწყვიტა. დევნილებს 2 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა. დევნილებს დანიშნულების შესაბამისად გადაეცათ მედიკამენტები და დაურიგდათ ჰუმანიტარული ტვირთი.

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად გაეცნო სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოეცა რამოდენიმე ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად 10 ჰექტარზე ჩატარდა ხვნა-თესვის სამუშაოები. აღნიშნული პროექტის გეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა. მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები აფხაზეთიდან დევნილები არიან და პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 20-ზე მეტი დევნილი ოჯახი. ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და პროექტის უშუალო ბენეფიციარებს, მათთან ერთად განიხილა პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დასაქმებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულა. ყოლბაია გაეცნო 10 ჰექტარი ფართობის ნაკვეთზე პირველად ჩატარებულ ხვნა-თესვის პროცესს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა გეგმა და დასაქმდა 20-ზე მეტი დევნილი ოჯახი. სავარგულზე წელს სიმინდი დაითესება და მოწეული მოსავალი დევნილ ოჯახებზე გადანაწილდება.

დევნილთა თქმით, ისინი მიესალმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ხშირ შემთხვევაში მიწა მათთვის არსებობის ერთადერთი წყაროა.

„სხვა დევნილებთან ერთად მეც გაწევრიანებული ვარ ჯგუფში, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და ცენტრალური მთავრობის ხელშეწყობით მიწას ამუშავებს. წელს გადაწყვეტილი გვაქვს სიმინდის მოყვანა, რომელსაც დევნილები გავინაწილებთ, მომავალ წელს ვაპირებთ გავაფართოვოთ სამუშაოები, რისი სრული დაპირებაც გვაქვს აფხაზეთს მთავრობისგან, მათგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ასე რომ, მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ", - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა რევაზ ჯალაღონიამ.

ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს

დღეს, ქალაქ ჯვარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღუდუშაურის კლინიკის თანადგომით დევნილთა მორიგ სამედიცინო გამოკვლევას ატარებს. გამოკვლევები უტარდება როგორც დევნილ, ისე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას. სამედიცინო გამოკვლევები მრავალპროფილურია და მოიცავს ქირურგიას, დერმატოლოგიას, ენდოკრინოლოგიას, პედიატრიას, ექოსკოპიურ გამოკვლევებს, გინოკოლოგიას, კარდიოლოგიას. ადგილზე რიგდება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე 70-მდე დასახელების მედიკამენტი.

აქციის მნიშვნელობასა და მასშტაბებზე ისაუბრა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ. მისი თქმით, ამ რეგიონში მძმე სოციალური ფონია და ასეთი ტიპის აქციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„დაბა ჯვარში, გრძელდება აფხაზეთის ჯანდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მოიცავს დევნილი მოსახლეობისა და არა მარტო მათ მრავალპროფილურ კვლევებსა და უფასო მედიკამენტების გაცემას. ამჯერად ჩვენი მხარდამჭერები არიან ღუდუშაურის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აქ წარმოდგენილია ექიმების ფართო სპექტრი, რომლებიც უსასყიდლოდ ემსახურებიან ბენეფიციარებს. ეს არის საზღვრისპირა რეგიონი, აქ ძალიან მძიმე სოციალური ფონია, საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველია და მათი განსაკუთრებული თხოვნა იყო, რომ სწორედ ამ რეგიონში ჩატარებულიყო კვლევები და სწორედ ამ თხოვნის საფუძველზე მოხდა ჩვენი აქ ჩამოსვლა. ხვალაც ასეთივე რეჟიმით გაგრძელდება ანალოგიური ღონისძიება ამავე რეგიონში და უფრო მეტ ნაკადს ველოდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ხალხი ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გადმოდის. ეს ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, აქ მობილიზებულია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერია ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თანადგომისათვი", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

დღის მეორე ნახევარში სამედიცინო გამოკვლევების პროცესს შეურეთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. იგი ადგილზე გაეცნო აქციის მიმდინარეობასა და დევნილთა პრობლემებს. ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ჩატარებული აქციები დამატებით პროფილაქტიკურ-პრევენციულ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, სამეგრელოში გამოკვლევები უკვე მესამედ დარდება და ამავე რეგიონში, კონკრეტულად ზუგდიდში, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩატარდება სამედიცინო გამოკვლევები, შემდეგ კი აქცია გაგრძელდება იმერეთში, აჭარასა და თბილისში.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო, უკვე მერამდენედ აწყობს ასეთ ღონისძიებას. სამეგრელოში ჩვენ უკვე მესამედ ვატარებთ კვალიფიციურ გამოკვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოგვეყო სახსრები უფრო პროფილაქტიკური და პრევენციული გამოკვლევებისთვის. დღევანდელმა აქციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან უფრო ინტენსიური უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ასეთი გამოკვლევები ადამიანის ხასიათზე, უნარზე, მის შრომისუნარიანობაზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს, ამავე დროს, ისიც მინდა ვთქვა, რომ დევნილებისათვის ეს არის პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის ხელისუფლებასთან, სამინისტორებთან, ყველა ხელმძღვანელ პირთან, ეს კი მათში მარტოსულობის განცდას მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აქარწყლებს. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ დევნილი მოსახლეობის გამოკვლევით ვართ დაკავებული, არამედ, ვისაც სურვილი აქვს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს ამ სიკეთით, რასაც ჩვენ ნამდვილად მივესალმებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ მხარის გუბერნატორს - ლევან შონიას, სენაკის გამგებელს, წალენჯიხის გამგებელს, ჯვარის გამგებელს, ვინც ჩვენ მუდამ მხარში გვიდგას და გვახვედრებს გამართულ ინფრასტრუქტურას, რომ გამოკვლევები სრულყოფილად წარმიართოს, გარდა ამისა, ისინი ჩვენს დასახმარებლად საკუთარ პერსონალსაც უხმობენ და ასე ერთობლივად, მხარში დგომით და თანამშრომლებით, ჩვენ გვსურს დავძლიოთ ის უდიდესი პრობლემა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ჰქვია. მახარებს დევნილების მადლიერება და კმაყოფილების გრძნობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ბევრი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამგვარი აქციები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ დევნილებს უფასოდ ვაძლევთ წამლებს. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის, ჩვენს ბიუჯეტში კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ უფასო წამლებისთვის განკუთვნილი სახსრები. გამოიკვეთა კიდევ ერთი მომენტი - დევნილი პაციენტი და ექიმი უშუალო კონტაქტის მეშვეობით, როცა რაიმე პრობლემურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უკვე თბილისში აგრძელებენ მკურნალობას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, კლინიკა „ენმედიცისა" და ტატიშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომლებთანაც ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ვფიქრობ, რომ ერთობლივად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ სამეგრელოში კიდევ ერთ პროფილაქტიკურ გასინჯვას გავაკეთებთ, ალბათ ეს იქნება ქალაქ ზუგდიდში, სადაც ძალიან დიდი კომპაქტური ჩასახლებებია, საიდანაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში კიდევ ერთ გამოკვლევაზე იზრუნებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

თბილისის №153 საჯარო სკოლაში თეატრალიზებული საღამო „სიზმრად ვნახე აფხაზეთი“ მოეწყო

თბილისის №153 საჯარო სკოლაში ჟიულ შარტავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამო „სიზმრად ვნახე აფხაზეთი" მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფურცლები - აფხაზეთის ომი და ომისშემდგომი მოვლენები გააცოცხლეს. მათ მიერ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციები დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებზე მოუთხრობდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ჟიული შარტავას პერსონაჟი და გააცოცხლეს ის ფურცლები, რომელიც მის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პერიოდს ეხებოდა.

სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა მაყვალა ბერიანიძის ავტორობით გამოცემული წიგნები „ორივე მხარეს" და „აფხაზები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში".

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი გასვიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მოადგილე ბესიკ ოდიშარია და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ-ს სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნითი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

ჯონი აფაქიძებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.

სამეცნიერო კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ფარცვანიამ „აფხაზეთის ოკუპაციის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტები"-ზე ისაუბრა.

ღინისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყო

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, მიწის ფართობის ერთ-ერთ ნაკვეთზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და შპს „მექანიზატორის" თანადგომით კომპლექსური აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, თესვა და კულტივაცია სასუქის შეტანით) დაიწყო. აღნიშნულ ფართობის შემდგომ დამუშავებას უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ პროექტის უშუალო ბენეფიციარები და სარგებლის მიმღები პირები იქნებიან.

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნული მიწის ფართობი სარგებლობის უფლებით აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს გადმოეცა.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ აგრეთვე სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"-ს სპეციალისტები.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი იური ოსოპოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის 200-მდე უცხოელმა სპორტსმენმა.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მესამედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა.

ხმალში პირველ ადგილზე გასული, აფხაზეთიდან დევნილი ლუკა ლომინაძე და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გიორგი მასხულია დიპლომებითა და სიგელებით ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულებს სიგელები და დიპლომები გადასცა აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ.

საპრიზო ადგილებზე გასულ ყველა სპორტსმენს თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა იური ოსოპოვმა და პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბენდელიანმა.

ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

სენაკში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 10 და 11 მაისს ქ. სენაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ტარდება.

დევნილების სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წამყვანი ექიმები, კერძოდ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, უროლოგი, ექოსკოპისტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი და სხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

10 მაისს, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, აფხაზეთის მთვარობი წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

2 დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევა სენაკში მცხოვრებ 2000-მდე დევნილს ჩაუტარდება. ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება, მომავალშიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

აფხაზეთის მთავრობამ მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკო

9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკეს. მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ოთარ გოგოხიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

მელიტონ ქანთარიამ 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის აღების შემდეგ რაიხსტაგზე ფაშისტური დროშა ჩამოაგდო და საბჭოთა დროშა აღმართა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, ქანთარია აფხაზეთში ცხოვრობდა. სოხუმის დაცემის შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მელიტონ ქანთარია მის მშობლიურ ჯვარში, მისსავე სკოლის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ამ სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა.

აფხაზეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა.

ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ უმასპინძლა. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.დევნილ ვეტერანებს დღევანდელი დღე აფხაზეთის მთვრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, მათი გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვებას ჩვენს ვეტერანებს. ეს გამარჯვება კაცობრიობის დიდი მონაპოვარია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა დღეს ჩვენთან არიან წარმომადგენლები იმ დიდი არმიისა, რომლებმაც 69 წლის წინ საქართველო დატოვეს და ომში გმირულად იბრძოდნენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მოვეფეროთ და ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს თავიანთი პატრიოტიზმით, სისხლით, შრომით, ტკივილით, ჭრილობით, გმირობით, საოცარი განცდით და ეს ყოველივე საქართველოს კეთილდღეობას მოახმარეს"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობამ „პრივატბანკი"-ს მხარდაჭერით ვეტერანებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ყველა მათგანს ასევე კომპანია „ბარამბოს" ტკბილეული, კომპანიების „ბორჯომი"-ის, „ნატახტარი"-ის, „სანტე"-სა და „გაგრა+"-ის მიერ მოწოდებული სასმელები დაურიგდა.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ძიძარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით პროფესორი ოთარ ჟორდანია წარსდგა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

ასევე, აფხაზე მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორებმა გიორგი ანთელავამ, ზურაბ პაპასქირმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ.

ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.