აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის მთავარი მრჩეველი ზაზა მიქავა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის თანახმად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ექნება შესაძლებლობა უსასყიდლოდ ისარგებლოს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით და ასევე ბიბლიოთეკათშორისი მომსახურეობის აბონემენტით, თავის მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ერთობლივ პროექტებს.

დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ მემორანდუმით ეროვნული ბიბლიოთეკა საოცარ საქმეს აკეთებს საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, ისტორიისთვის, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის საჯარო სკოლები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ხელშეწყობას".

პირველი ერთობლივი ღონისძიება 5 მაისს ქალაქ ზუგდიდში იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთის საჯარო სკოლებს წიგნები გადაეცემათ, რაც საგრძნობლად გაამდიდრებს სკოლების მწირ ბიბლიოთეკებს და ხელს შეუწყობს მოზარდებში კითხვისა და ზოგად საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივებას.

გულრიფშიდან დევნილ, უსინათლო მერი სისაურს საჩუქრად პიანინო გადაეცა

ლილოს დასახლებაში მცხოვრებ სისაურების ოჯახს დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრობდა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ქართველი მომღერლის გიგი დედალამაზიშვილის ოჯახის მხარდაჭერით გულრიფშიდან დევნილ, უსინათლო მერი სისაურს საჩუქრად პიანინო გადაეცა.

მერი სისაურის სურვილი იყო საკუთარი პიანინო ჰქონოდა, რისი შეძენის საშუალება მის ოჯახს არ გააჩნდა. დევნილმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს თავისი სურვილი გაანდო და დახმარება სთხოვა.

მერი სისაური ავლაბრის უსინათლოთა სკოლაში სწავლობს. ის ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებსა და ფორტეპიანოზე დაკვრას  ეუფლება.

ტრენინგი სტაჟიორებს

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სტაჟიორებისა და სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის – CSDC” მხარდაჭერით ა.წ. 24 აპრილს ჩაატარა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე “საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი „ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”.  ტრენინგი დაგეგმა და ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ინეზა ცომაიამ.  ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სტაჟიორებმა: თამთა ჭკადუა, მელანო სვანიძე, გივი ენდელაძე, ნათია ალანია, არხიპო გრიგოლია, თამუნა მამულაშვილი, თეონა დანელია, ნათია ჭკადუა, დეპარტამენტის თანამშრომელი ირმა გაბუნია და CSDC-ს ორი მოხალისე.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი ჩატარდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო აფხაზეთის მკვიდრის, ლეგენდარული მძლეოსნის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის - ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი მძელოსნობაში.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებმა, 1996-2001 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე მძლეოსანმა.

ტურნირის მიზანია მძლეოსნობის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება.

ტურნირი პირად პირველობაზე გოგონებსა და ვაჟებს შორის მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდა (სამხტომი, ბირთვის კვრა, სიგრძეზე ხტომა, 4 ჭოკით ხტომა, რბენა 600 და 800 მ)

ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა.

დაჯილდოების შემდეგ, ვახტანგ ყოლბაიამ გამართული ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ღონისძიების მესვეურთა წყალობით, აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს დამსახურებით, ძალიან კარგი სპორტული დღე ჩატარდა. მადლობას მოვახსენებ მათ ამისთვის. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას იმისათვის, რომ დღეს ეს დარბაზი დაგვითმო და ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება მოგვცა. მიხარია და ვამაყობ, იმით, რომ დღეს ასეთი სპორტული პოტენციალი დაგვანახა აფხაზეთიდან დევნილმა მძლეოსანთა ჯგუფმა. ამ ბიჭებს და გოგონებს, მართლაც აქვთ დიდი მომავალი, გახდნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ისინი უკვე არიან ჩამოყალიბებული პიროვნებები და სპორტსმენები. სპორტი, როგორც ცნობილია, ზრდის პიროვნებას, უღვივებს მას პატრიოტულ გრძნობებს. სპორტი აყალიბებს ისეთ ადამიანს, რომელიც ქვეყანას გამოადგება. სპორტისთვის და სპორტსმენისთვის საზღვრები არ არსებობს. წარმატება არღვევს ყველა ბარიერს, ყველა საზღვარს, ყოველგვარ წინააღმდეგობას, ყველანაირ ჩაკეტილობას და წამის მონაკვეთში ხდება მსოფლიოსთვის ცნობილი პიროვნება. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ასეთი სპორტული ჟინით გაჟღენთილი ახალგაზრდები ვიხილეთ. ამიტომ, მე მივესალმები თითოეულ მონაწილეს, დღეს ყოველი მათგანი გამარჯვებული იყო. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შეჯიბრების თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით საპრიზო ადგილების მფლობელებს, მადლობა ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავს ღონისძიებებს ა/რ მთავრობა მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მუშაობას სპორტის სხვადასხვა სახეობის აფხაზეთის ფედერაციებთან. შესაძლოა რამდენიმე სახეობა გამოვყოთ და პრიორიტეტულად მივიჩნიოთ. ძნელია ერთბაშად ყველას და ყველაფერს მივხედოთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ასეთი მონაცემების მქონე ბავშვები ყველა სახეობაში გამოვარჩიოთ და გზის გაკვლევაში დავეხმაროთ- დღეს მძლეოსნობა, მანამდე ჭიდაობა, შემდეგ ძიუდო; ძალიან სერიოზული მიღწევებია კალათბურთში, ფეხბურთში. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს მაცნობეს, რომ ფარიკაობაში ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე თურქეთში, აფხაზეთის წარმომადგენელმა საპრიზო ადგილი აიღო. ჩვენ მიღწევები გვაქვს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგრამ ამას ორგანიზება, მეტი ფინანსების ჩადება სჭირდება. შევეცდებით ეს ფინანსები როგორც ჩვენში, ისე მეცენატებში მოვიძიოთ, რათა უფრო მეტი შევძლოთ და გავაკეთოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტალი ბენდელიანის განცხადებით, „9, 10 და 11 მაისს გაიმართება ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ვთვლი, რომ დღევანდელი ღონისძიებით ჩვენი მიზანი შესრულებულია. ვფიქრობ, მალე გვეყოლება აფხაზეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას", -აღნიშნა ბენდელიანმა.

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრები გამართა დევნილებთან, გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა ასევე კონფლიქტის საზღვრისპირა სოფელ განმუხურში. დაათვალიერა სკოლა, სადაც გალის რაიონიდან გადმოსული ბავშვებიც იღებენ განათლებას. ვახტანგ ყოლბაია შეხვდა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, ისაუბრა მათთან ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებზე.

გალის რაიონის სამი სოფლის მოსწავლეებს, რომლებიც განმუხურის სკოლაში გადმოდიან სასწავლებლად, აპრილიდან მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამოიყო.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

24 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ვარკეთილში, ჯავახეთის #68-ში, შპს „ქვანთის" შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 40-მა ოჯახმა მიიღო, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა და ომის ვეტერანთა ოჯახებმა.

აქცია კომპანია „მეგაკო"-ს, „გაგრა +" და კომპანია „სტელას ნამცხვრები"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა ასევე აღამოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ მიიღო.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს და ჭირნახულის #16 ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ესტუმრა, მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ პრობლემებსაც გაეცნო.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია დაესწრო.

სააღდგომო საჩუქრები კომპანიებმა: „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „ნატახტარი", „ტკბილი ქვეყანა" და „ბინეხი" უზრუნველყვეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ დედებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „პრივატბანკ საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იური ყანდაუროვმა მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და სააღდგომო პასკა გადასცეს.

ღონისძიებას „პრივატბანკ საქართველოს" ბანკის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიმ ბანკის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ აფხაზეთში შვილდაკარგულ დედებთან შეხვედრა ყოველ დღესასწაულზე, დღეს გავაფართოვეთ და მრავალშვილიანი დედებიც მოვიწვიეთ. დღევანდელი ღონისძიება „პრივატბანკთან" თანამშრომლობით მოვაწყვეთ, რომელთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ.  მათი ფინანსური თუ მატერიალური დახმარება, არის ის თანადგომა, რომელსაც ეს ბანკი იჩენს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმათ ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში, ეს არის დევნილთა დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სააღდგომო საჩუქრები დევნილთათვის „პრივატბანკმა" უზრუნველყო.

ქალაქ გორში ჩასახლებულ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

15 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარატამენტის წარმომადგენლები ქალაქ გორში ჩასახლებულ აფხაზთიდან დევნილებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს. შეხვედრის მსვლელობისას დევნილებმა გააცნეს დეპარტამენტის წარმომადგენლებს მათ ჩასახლებებში არსებული პრობლემები.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ დევნილებს მიულოცა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და 45 დევნილ ოჯახს გადასცა სააღდგომო ნობათი.

ღონისძიება შპს „ნატახტარი"-ს, შპს „ქართო"-ს („იფქლი") და შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მეორე დღეა ტესტირება მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოცხადებულ 55 ვაკანსიაზე კონკურსის შემდეგი ეტაპი მეორე დღეა მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად გადარჩეული 100-მდე კანდიდატი დღის ბოლომდე გაივლის ტესტირების პროცესს.

14 აპრილს აფხაზეთის მოზარდებმა დედაენის დღე აღნიშნეს

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრ „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, ქალაქ თბილისში დედაენის ძეგლთან დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება პროექტის „ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში" ფარგლებში ეწყობა და მასში მონაწილეობენ აფხაზეთის #2 და #3, ბოლნისის რ-ის სოფლების: მამხუტისა და ქვემო არქევანის, მარნეულის რ-ის სოფლების: კაჩაგანისა და სადახლოს აზერბაიჯანულენოვანი, კოდის საჯარო სკოლის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები, თეთრიწყაროს რ-ის სომხურენოვანი საჯარო სკოლებისა და კახის რაიონის (ისტორიული ჰერეთის) საშუალო სკოლის მოსწავლეები. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელები.

ღონისძიების მიზანია, ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში და ინტეგრაცია.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის, თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისი ზოოპარკის მხარდაჭერით იმართება.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 12-13 აპრილს დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩუტარდა.

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, მედიკამენტებით, რომელიც დევნილებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის,  ოთარ გოგოხიას ხელმძღვანელობით  წარიმართა.

გამოკვლევების ჩასატარებლად დარჩელში გადმოვიდნენ სოფელ განმუხურში მცხოვრები დევნილებიც. როგორც დევნილები აცხადებდნენ, მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მედიკამენტების უფასოდ მიღება, „რომ აღარაფერი ვთქვათ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე".

აქციაში მონაწილე დევნილთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო 13 აპრილს, როგორც დარჩელში, ისე ზუგდიდში.

ზუგდიდში მიღებული იყო 500 პაციენტი, განხორციელდა 1500-მდე ვიზიტი, ხოლო დარჩელში - 300 პაციენტი, დაფიქსირდა 864 ვიზიტი. გასინჯულთა შორის იყვნენ როგორც ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში მცხოვრები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილები (ოტობაია, ორსანტია, ნაბაკევი, ბარღები, ხურჩა), აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობაც.

13 აპრილს, ზუგდიდსა და დარჩელში მიმდინარე დევნილთა უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ყოლბაის განცხადებით, ეს პროცესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დევნილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე. მთავარი კი ის არის, რომ ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და იგი მთელი საქართველოს მოიცავს.

„უკვე მეორე დღეა, დარჩელსა და ზუგდიდში მიმდინარეობს დევნილთა უფასო გამოკვლევა, თუმცა მოდიან ადგილობრივებიც, რომლებსაც ასევე ვემსახურებით. წელს, ჩვენს ჯანდაცვის ბიუჯეტში, საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებიდან გამომდინარე, საკმარისი რაოდენობის თანხაა და გადავწყვიტეთ მისი ხარჯვა უფრო პრაქტიკული, პრაგმატული და მიზნობრივი გამხდარიყო. მისი დიდი ნაწილი სწორედ ასეთი აქციებისკენ მივმართეთ. აქციას არ ატარებს ერთჯერად ხასიათს; ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხებით, ამ ღონისძიებათა რიცხვი დაგეგმილი ექვსის ნაცვლად რვამდე გაიზრდება და მოიცავს თბილისს, სამეგრელოს, აჭარას, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს. არსებულ თანხებს მაქსიმალურად  გამოვიყენებთ, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში მივაწვდინოთ დახმარება. მადლობა მინდა გადავუხადო ღუდუშაურის ცენტრს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, კლინიკა „ენმედიცის", ტატიშვილის კლინიკას, მათ ხელმძღვანელებს, რომლებმაც გამოკვლევებისთვის წამყვანი პროფესორები გამოგვიგზავნეს. ისინი ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე გვეხმარებიან როგორც მატერიალურად, ისე ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გავზარდეთ უფასო წამლებისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, ოთხი ათასის ნაცლად ამჟამად 90 ათასი ლარის მობილიზება შევძელით. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ტენდერების შედეგად დაზოგილ თანხებს აუცილებლად მივმართავთ უფასო მედიკამენტებისკენ, რადგანვ ვხედავთ, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროა, რომ წამლები მაინც არ არის საკმარისი და ყველა დაავადებას ვერ აუდის. დიაგნოზის დასმის შემდეგ, გართულების მქონე პაციენტები გადამისამართდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საოპერაციო შემთხვევაც. გუშინ ერთ მათგანს უკვე გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. ვფიქრობ, ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. მიხარია, რომ ხალხი კმაყოფილია და მადლიერებასაც გამოხატავს. ასევე მადლობას ვუხდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელთაც ღონისძიებათა ჩასატარებლად სრულფასოვანი ბაზა შეგვიქმნეს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სამედიცინო გამოკვლებებზე მისული დევნილები ვახტანგ ყოლბაიას სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარების თხოვნითაც მიმართავდნენ. მთავრობის ხელმძღვანელი ყველა მათგანს გაეცნო და უახლოეს პერიოდში მოგვარება აღუთქვა, ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა კი ადგილზევე დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.

ვახტანგ ყოლბაია და თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრი ვასილ ხორავა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. 

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

12 აპრილს აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები და დაურიგდათ მედიკამენტები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზუგდიდსა და დარჩელში 13 აპრილსაც გაიმართება და პროცესს დაესწრება აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

პროექტი „საქმიანი არდადეგები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა"
პროექტისაქმიანი არდადეგები"

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა ტურისტულ კომპანიაში „ნიუკაზი" გაიარონ სპეციალური ტრენინგ-კურსი, შეისწავლონ კონკრეტული მიმართულების/მარშრუტის გიდის/გიდის თანაშემწისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შედეგად საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩაერთონ სხვადასხვა ტურისტული მიმართულების მუშაობაში შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით და მიიღონ ფინანსური სარგებელი.
 
პროექტში მონაწილეობის წესიდა პირობები:
.  პროექტში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 8-11 კლასის მოსწავლეები;
.  აუცილებელი უნარ-ჩვევები:
·  უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
·  მაღალი აკადემიური მოსწრება;
·  კომუნიკაბელურობა;
·  გუნდური მუშაობის უნარი;
·  მაღალი მოტივაცია;
·  სიახლეებისადმი ადვილად შეგუების უნარი.

იხილეთ სრული ინფორმაცია
იხილეთ ანკეტა