აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრებ 500-ზე მეტ მოზარდს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცა

24 მარტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბელა კოპალიანი და ბესიკ ოდიშარია სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოსა და ხონში დევნილების ჩასახლებულ ცენტრებს ეწვივნენ. მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას და კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღს საჩუქრად სასკოლო ნივთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს. ასევე საჩუქრები მიიღეს ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დევნილმა  მოსწავლეებმა.

აქცია სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამქორის (UMCOR) მხარადჭერით მოეწყო. სასკოლო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები 500 - ზე მეტმა მოსწავლემ და საბავშო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.

ვიზიტის დროს ყველა ცენტრში მრგვალი მაგიდის შეხვედრები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს. შესწავლილ იქნა პრობლემები, გამოვლინდა უპირველესი საჭიროებები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი ესაუბრა პედაგოგებს და მოსწავლეებს, მან შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად აუხსნა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებში მაქსიმალური ჩართვის შესაძლებლობები და ასევე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის პერსპექტივები.

დასავლეთ საქართველოში გამართულ შეხვედრებს იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბახტაძე, ხონის  განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობაში საზოგადოებრივ სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საზოგადოებრივ სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამართლებრივ საკითხებში მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხევდრაზე განხილული იყო რიგი სამართლებრივი ანალიზისა და სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე დებულებებში ცვლილებების მომზადების საკითხი, რომლებიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. საუბარი ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს.

ახალგაზრდული ასამბლეის ზამთრის სესიებში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს სერთიფიკატები გადაეცათ

21 მარტს, "შერატონ მეტეხი პალასში" ახალგაზრდული ასამბლეის ზამთრის სესიებში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ და არადევნილ 25 დელეგატს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატები  გადაეცათ.  

პროგრამის ფარგლებში პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ორგანიზაციამ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მადლობის სიგელი გადასცა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ბელა კოპალიანს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა (გია) გავაზავას, მადლობის სიგელები მიიღეს ასევე, იმ სასწავლებლებმა და კომპანიებმა,  რომლებმაც პროექტის განხორციელებას შეუწყვეს ხელი. 

ახალგაზრდებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ნიკოლ ჟორდანია, აშშს-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი მაია ლიონსი, სამთავრობო, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 „აქ წარმოდგენილი ახალგაზრდობა არის  ის მომავალი, რომელთა ხელში ხვალ იქნება საქართველოს მომავალი. მე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ  რიტა პროკოპენკოს, რომელმაც დიდი შრომა ჩადო ამ პროექტში,  ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ნიკოლ ჟორდანიას, რომელსაც  განსაკუთრებული სიტყვა  ეთქმის  ამ ქვეყნისთვის. საოცარი სიამაყის შეგრძნება მეუფლება ამ ბავშვებს რომ ვუყურებ. მინდა  მადლობა ვუთხრა იმ პედაგოგებს  რომლებიც ასწავლიან ამ ახალგაზრდებს. ხერხდება ის,  რომ ჩვენი ბავშვები საერთაშორისო არენაზე გადიან და იქ აღწევენ წარმატებას. ჩვენი ვალდებულებაა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდობას, ნიჭს, სწავლის მისწრაფებას", - ვახტანგ ყოლბაია.

ნიუ-იორკში მდებარე გაეროს შტაბ-ბინაში ქართველი ახალგაზრდები  მიმდინარე წლის 3 თებერვალს  გაემგზავრნენ.  

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიო მასშტაბით და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულობას და დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას.

აღნიშნული პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით ტარდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა გასართობმა ცენტრმა - „ბროწეულის სახლი“ უმასპინძლა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი მოზარდთა ინტეგრირებული ჯგუფი ბავშვთა გასართობ ცენტრს „ბროწეულის სახლი" ეწვია.

მოზარდებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აქცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა მოზარდებისათვის" ფარგლებში მოეწყო. ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წახალისება, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ინტეგრირება.

ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მთავარი პრობლემა არის სოციალური აქტივობის უქონლობა რაც, ზოგადად იწვევს როგორც ურთიერთობის პრობლემებს, ასევე ფსიქიკურ და ემოციურ აღზნებულობას, სიბრაზესა და გაღიზიანებას.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დასავლეთ საქართველოში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობაში გაიმართა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და რიგ საკითხებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე, შეთანხმდნენ რომ  დასავლეთ საქართველოში არსებულ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით პოლიკლინიკის წარმომადგენლები ორგანიზებას გაუწევენ სამედიცინო, მრავალპროფილური გამოკვლევების ჩატარებას.

მთავრობის წევრებმა შეხვედრები გამართეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ბახტაძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილთან. შეხვედრაზე დევნილთა მიმართულებით სამომავლო თანამშრობლობის გზებზე და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

იმერეთის რეგიონში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ქეთევან ბაკარაძე და ვასილ ხორავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამარ კორძაიას შეხვდნენ.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და ინგლისური ენის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და თბილისში არსებულ ინგლისური ენის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ და ქართულ-ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ნინო გერგედავამ, ინგლისური ენის აკადემიის დირექტორმა ლუკა გურგენიძემ, „THE ELC" - ინგლისური ენის ცენტრის დირექტორმა მაია ყიასაშვილმა, „ELLC" - ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის დირექტორმა სოფიო ქავზინაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი 26 დევნილი ბავშვისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების საგანმანათლებო დონის ამაღლება.

კურსის დამთავრების შემდეგ ბავშვებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვიტალი ბენელიანი, აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ომარ მარგიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ გელენავა, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლადო ხოჯოლავა, აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვაჟა კვარაცხელია, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.

ასევე განხილულ იქნა ზემოაღნიშნული ფედერაციების წარმატებები შესაბამის სპორტის მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ  ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად მოეწყო.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გიორგი ფერაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და ვეტერანებმა, 15-16 მარტს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა (გია) გვაზავამ, გიორგი ფერაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა ასევე გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და კიდევ ერთხელ გამოხატეს თანადგომა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ.  დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ვაზის უბნის დასახლებაში, გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნას ასევე გიორგი მარტიაშვილის დედა ნაზი მარტიაშვილი და აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედები დაესწრნენ.

„ორივე მხარეს გლოვობენ დედები, გლოვობენ თბილისში, სოხუმში, გუდაუთაში... ჩემი სურვილია ესეთი დედები შეხვდნენ ერთმანეთს, მოეფერონ ერთმანეთს და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რათა მსგავსი მოვლენები ავაცდინოთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გიორგი მარტიაშვილი, 1992 წელს სოხუმში დაიჭრა და მას შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. იგი  წარდგენილია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე.

გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთში გასვლითი სხდომა გამართა

გუშინ, 13 მარტს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში, ხონსა და კოპიტნარში გასვლითი სამუშაო სხდომა გამართა. სხდომას ხელმძღვანელობდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ვახტანგ ყოლბაია:  „თქვენ შეგიძლიათ გახსნილად, თამამად გვკითხოთ, დაგვავალოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩასვლისთანავე შევუდგებით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენც აფხაზეთიდან დევნილები ვართ"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა ხონის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. შეხვედრა ხონის კულტურის სახლში შედგა. ვახტანგ ყოლბაია დაწვრილებით გაეცნო კულტურის სახლის სავალალო მდგომარეობას და განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს პრობლემის მოგვარება დაავალა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ მოსახლეობას გააცნო ახლად დანიშნული მინისტრები; ასევე გააცნო ის პროექტები, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მინისტრებისთვის დაესვათ კითხვა და კონკრეტული პასუხები მიეღოთ. მოსახლეობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს შორის იყო ამბულატორიის უქონლობა, ბინების დაკანონებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, გაზიფიცირების პრობლემა, თვითმმართველობისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხი.  დევნილთა ინფორმაციით, ბინების პირველი განაწილება კანონდარღვევით მოხდა. როგორც აღნიშნეს, მათ იმის გაგებაც  ვერ მოახერხეს, ვის საკუთრებაშია შენობა,  რომ დახმარებისთვის შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიემართათ. დევნილებმა ასევე,  უხარისხოდ გარემონტებული ბინების, ახალგაზრდობის  დაუსაქმებლობის, მედიკამენტების უკმარისობის პრობლემები წამოჭრეს. 

ვახტანგ ყოლბაიამ შეკრებილ ხალხს დეტალურად გააცნო მთავრობის სამოქმედო გეგმები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ პირველად გხვდებით. მინდა ბოდიშის მოხდით დავიწყო, რადგან ამ შემადგენლობით პირველად ვართ თქვენთან. შეიძლება თვენგან ვინმე დადიოდა სხვა შეხვედრებზე და გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ თქვენ იმდენად სულგრძელი ხალხი ხართ, რომ კიდევ გაქვთ ჩვენი მთავრობის იმედი, კიდევ შეგწევთ ძალა, რომ მოგვისმინოთ. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა რაღაც საკითხებში წინ წავიწიოთ. მთავრობის შემადგენლობით ასეთი გასვლა ჩვენ წლის დასაწყისში, სამეგრელოში,  კერძოდ ზუგდიდში გვქონდა. მეორე გასვლა ამ შემადგენლობით გადავწყვიტეთ აქ, იმერეთში და დავიწყეთ ხონით.  ჩვენ ბევრი რამით ვერ დავიკვეხნით, ისიც არ მინდა, რომ ვიღაცას რაღაც დავაბრალო. ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოფრენილი ხალხი, ჩვენ თქვენთან ერთადვართ,  ჩვენც აფხაზეთიდან  დევნილები ვართ.  ის პრობლემები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ზოგადად ვიცით, მაგრამ კონკრეტულად არ ვართ ჩახედულნი, თუმცა ეს ჩვენ არ გვამართლებს. მინდა თქვითკრიტიკული ვიყო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ აქამდე ვერ ჩამოვაღწიეთ თქვენთან, რათა ელემენტარული საკითხები მოგვეგვარებინა.

ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ჩვენი თვალით გვენახა პრობლემები, გვინდოდა თქვენთან შეხვედრა, გვინდა, რომ პრობლემების მოგვარების პროცესი ადგილიდან დავძრათ.  აქ არიან მინისტრები და გზადაგზა შევეხებით ისეთ საკითხებს, რაც უშუალოდ მათ კომპეტენციაშია. თქვენ შეგიძლიათ გახსნილად, თამამად გვკითხოთ, დაგვავალოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩასვლისთანავე შევუდგებით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროსთან,  ჩვენ ერთად განვიხილავთ რაღაც საკითხებს. ძალიან ბევრი რამ გააკეთა სამინისტრომ ამ მოკლე ვადაში, განსაკუთრებით ბინების მშენებლობისა და გადაცემის საკითხში. რა თქმა უნდა პრობლემა ძალიან ბევრია და ამას არავინ არ მალავს, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ უსერიოზულესი საკითხები კიდევ გადასაწყვეტია და ამას არავინ მალავს, მეტნაკლებად ვფლობთ სიტუაციას. წელს ბიუჯეტი რომ დავამტკიცეთ, შევეცადეთ ძირითადი თანხები გამოთავისუფლებული და გამოყენებული ყოფილიყო იმ მიმართულებით, რაც რეალურ შედეგს მოგვიტანდა. გავზარდეთ თქვენთვის უფასო წამლების მოცულობა, ვაპირებთ უფასო გასვლით აქციებს სხვადასხვა დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ჩვენთვის შეღავათიან და თქვენთვის უფასო გასინჯვებზე შევთანხმდით.   ძალიან გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელთანაც ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. თუმცა, კმაყოფილნი ვიქნებით მაშინ, როდესაც ჩვენს ტერიტორიებს,  ჩვენს სახლებს დავუბრუნდებით.

რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების საკითხს, მე ჟენევის მოლაპარაკებებში  ვმონაწილეობ. უკვე რამდენიმე მოლაპარაკებაში მივიღე მონაწილეობა. ვერ ვიტყვი, რომ  ყველა რესურსი ამოწურულია. ჩატეხილი ხიდის  აღდგენას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება.  შევცვალეთ რიტორიკა და ვცდილობთ სიტუაცია გამოვასწოროთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებთან შეხვედრაზე ხონში.  

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დევნილებს ამბულატორიის გახსნა, უფასო გამოკვლევები და 100 ლარის ფარგლებში უფასო წამლების გაცემა აღუთქვა. ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს გააცნო ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი პუნქტიც, რაც ომის დროს დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანების საფლავზე მათი მშობლების ჩასვლის საკითხის მოგვარებას შეეხება და შესაბამისი დახმარებაც აღუთქვა.

„პირველ რიგში, მინდა შევუერთდე ბატონ ვახტანგს და მეც მინდა ბოდიში მოგიხადოთ მთელი ჩემი გუნდის სახელით. ეს შეხვედრა პირველად მოხდა ჩვენსა და თქვენს შორის. ჩვენ დავდივართ პერმანენტულად, ვხვდებით დევნილ საზოგადოებას სხვადასხვა ცენტრებში, თუმცა ასეთი შემადგენლობითა და მასშტაბით ჯერ არ მომხდარა შეხვედრა. თქვენ გაინტერესებდათ წამლების თემა, მესმის, ქართულ ბაზარზე რეალურად წამლების, ფარმაცევტული ბიზნესი კატასტროფულია, მაგრამ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ამჯერად განხორციელების სტადიაშია. ვამზადებთ და მთელი გუნდი მუშაობს მედიკამენტების პროგრამაზე, რაც გულისხმობს ბენეფიციარისთვის ასი ლარის ფარგლებში ჩამონათვალის მოწოდებას, შემდეგ უფასო წამლების გაცემას. დაახლოებით 152 დასახელების წამლებია წარმოდგენილი, ჩვენ სერიოზული კონსულტაციები გავიარეთ წამყვან სპეციალისტებთან და მათთან კონსულტაციებით შევაჯერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი  და მოთხოვნადი წამლების ნუსხა. ეს პროგრამა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ამოქმედდება. გარდა ამისა, გვაქვს ამბულატორიული კვლევების პროგრამა, ეს არის კომპიუტერული  და  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ჩვენთან უფასოდ ჩაგიტარდებათ. აპრილის ბოლოდან დაგეგმილი გვაქვს გასვლით ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს მრავალმხრივ კვლევებს პორტატული აპარატებით.  რამდენიმე კოლექტიურ ცენტრს  სპეციალისტებთან ერთად შევადგენთ და ჩავატარებთ გამოკვლევებს, ამასთანავე ეს გასვლითი ღონისძიება მედიკამენტების გაცემასაც გულისხმობს", - განუცხადა დევნილებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა ვალერი ბასარიამ დევნილებთან აგრარული სექტორის განვითარების შესაძლებლობასა და დასამქების პირობების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

„პროექტების ერთად განხორცელების შემთხვევაში, დევნილთა დასაქმების პირობების გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია. დიალოგი გვქონდა ცენტრალურ მთავრობასთან.  სახელმწიფოს გააჩნია იმის საშუალება, რომ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დაასაქმოს. ამ სამი თვის განმავლობაში, რაც აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა შეიქმნა, ჩვენ პრაქტიკულად შევძელით ცენტრალური ხელისუფლებისგან დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთებისა და სხვა აქტივების ჩვენს განკარგვაში აღება. მიდის საუბარი სამეგრელოს მიწებზე, მუშაობა მთელი რიგი პროექტების თანადაფინანსებაზე, რაც სამთავრობო სხდომებზეა გატანილი. ამასთანავე, აღებული გვაქვს 86 000 კვადრატული მეტრი  სასათბურე კონსტრუქციები, ეს  ყველაფერი არის იმისათვის, რომ მოხერხდეს თქვენი დასაქმება.  მაგრამ ეს მიწის ნაკვეთები არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული გვაქვს დაპირება, რომ თუ დევნილთა კომპაქტურ დასახლებასთან ახლოს არსებობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ცენტრალური მთავრობა ამ მიწებს ჩვენ გადმოგვცემს", - განუცხადა დევნილებს  ვალერი ბასარიამ.

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების მინისტრმა ლელა გულედანმა ახალგაზრდებს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აქტიურობისკენ მოუწოდა  და იქვე საყვედურიც  გამოთქვა, რომ მსგავსი აქტივობა ჯერ არ შეიმჩნევა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის კიდევ ერთი შეხვედრა კოპიტნარში ჩასახლებულ დევნილებთან გაიმართა. დევნილებმა მთავრობის წევრებს სასმელი წყლის მოწესრიგების, ქუჩებში სადრენაჟო სისტემის გამართვის, ანტისანიტარიისა და დასაქმების პრობლემების გზების სწრაფი გამონახვის წინადადებით მიმართეს.

აფხაზეთის გარემოს დაცვის მინისტრმა მათ სათბურების გაშენებასა და დასაქმებაში დახმარება აღუთქვა. პროგრამები გააცნო ჯანდაცვის მინისტრმაც. ადგილზე გადაწყდა კოპიტნარის საბავშვო ბაღების პრობლემის მოგვარება. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ შეხვედრების აუცილებლობას და ხალხს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, იგივე აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში.

კოპიტნარის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა ქუთაისში ასოციაცია „მშვიდობიანი საქმიანი კავკასიის" ქარხანა მოინახულეს. ეს ქარხანა რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა და იქ მონღოლური ჩაის წარმოება მიმდინარეობს.ქარხნის მესვეურთა ცნობით, ქარხანა გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს და მაისში ქართული ჩაის ფაბრიკაც გაიხსნება; ამჟამად ფაბრიკაში 20 დევნილია დასაქმებული.

მოგვიანებით, იგივე ფორმატით გაიმართა შეხვედრა ქუთაისში ჩასახლებულ დევნილებთან, წყალტუბოს, ქუთაისისა და ბათუმის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი დევნილების პრობლემები. ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს მადლობა გადაუხადა „იმ მოთმინებისთვის, რაც ამდენი წლის მანძილზე გამოიჩინეს" და პირობა მისცა, რომ „თვე-ნახევარში, მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე დაბრუნდება და ანგარიშს ჩააბარებს. მათი კონკრეტული პრობლემების მოგვარება კი, რომელიც დღეს  დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წინაშე წამოჭრეს დაუყოვნებლივ დაიწყება".

ვახტანგ ყოლბაია შეხვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოებულებს

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, განათლებისა და კულტურის მინისტრის მთვარი მრჩეველი ნატო კორსანტია, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა გურამ ყურაშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ვეზდენ ოკუჯავას ხელმძღვანელობით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დავით საყვარელიძეს ხელმძღვანელობით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საპატიო სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ  სალომე ჯიქია, ნინა უსტინოვა და  მიმოზა შელია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოებულებს, მიულოცა მათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოება, გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის მადლობა და განსაზღვრა სამომავლო მუშაობის პერსპექტივები.

მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის - ხუტა (არველოდ) კვარაცხელიას გამოფენა მოეწყო

დღეს, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ხუტა (არველოდ) კვარაცხელიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ხუტა (არველოდ) კვარაცხელია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ამჟამად მოღვაწეობს ქ.ფოთში. ის არის არაერთი გამოფენის ავტორი და მისი შემოქმედება  თემატურად მრავალფეროვანია, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა აფხაზეთისადმი მიძღვნილი ნამუშევრები.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეები და საზოგადოების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარს მიულოცა საიუბილეო თარიღი და დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა მის შემოქმედებაზე.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქ.ფოთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აბაშის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და "USAID"-ის მხარდაჭერით აბაშის რაიონში, კერძოდ ნორიოს თემის „აბაშისპირის" სკოლაში, აბაშის რუსულ სკოლაში, #2 ბაგა-ბაღში, გეზათის ამბულატორიაში, "სამკერვალოს" ჩასახლებაში,"აბანოს" ჩასახლებაში, სათნოების სახლში, პროფსასწავლებლის პირველსა და მეორე კორპუსში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება  გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული მართვის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან, მინისტრის მოადგილე ზურაბ ლომია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლეთან ერთად დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

აქციის ფარგლებში დახმარება 160-მა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო. დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული მართვის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა.

მსგავსი ტიპის აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება. 

ვახტანგ ყოლბაია რუსთავში ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

ეროვნული გმირის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის მსახიობებმა და სახელგანთქმულმა ანსამბლმა „რუსთავი", რომელსაც ხელმძღვანელობენ ანზორ ერქომაიშვილი და ფრიდონ სულაბერიძე.

მოწვეულმა სტუმრებმა და თეატრის მსახიობებმა გაიხსენეს ჟიული შარტავას ცხოვრების ეპიზოდები და ზოგიერთი მათგანი თეატრალიზებულად წარმოადგინეს.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა.

საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, დავით საგანელიძე, დავით ბერძენიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მინისტრების მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები,­ ჟიული შარტავას მეუღლე ქალბატონი ლია შარტავა, ოჯახის ახლობლები, მეგობრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს ქალთა დღე მიულოცა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედების მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დიდი მადლობა მობძანებისათვის და ნდობისთვის, იმისთვის, რომ გაქვთ ჩვენთან მოსვლის და მოსმენის სურვილი. შეიძლება თქვათ, რა დროს 8 მარტია, რა დროს შეხვედრაა ამ დღესთან დაკავშირებით, როდესაც უდიდეს ტკივილს ატარებთ, ყოველდღიურად გლოვობთ დაკარგულებს, რომ სითბო გაკლიათ ბევრი რამის გამო, მაგრამ ასეთი შეხვედრები ჩვენ გვაახლოებს ერთმანეთთან და უფრო მეტს ვიგებთ თქვენს მდგომარეობაზე. შევეცადეთ ცოტაოდენი სითბო და ყურადღება გეგრძნოთ ჩვენგან. გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა თქვენი ტკივილი, ეს იყო ძირითადი მიზანი და მიზეზი ამ შეხვედრის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მთავრობის თავმჯდომარე ყველას ინდივიდუალურად გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და შ.პ.ს. „გაგრა+"-ის, „ბაგრატიონის", „ბარამბო"-ს, „გრანდ ქენდის", „სმარტ დისტრიბიუშენის", შ.პ.ს. „კანტის" მხარდაჭერით მოეწყო.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.