აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

დღეს ბორჯომის ხეობაში ტურნირი ჯომარდობაში „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა

ტურნირი ჯომარდობაში „აფხაზეთის თასი" დასრულდა. ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევის ჰესთან გაიმართა და მასში მონაწილეობა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის ზღვის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, სოხუმის უნივერსიტეტის, კავკასიის ალიანსის, სამაჩაბლოს და საინგილოს გუნდებმა მიიღო.

ქართველებთან ერთად ჩემპიონატში აფხაზები, ჩეჩნები, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელები მონაწილეობდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების გუნდი „ლომები" გახდა. მეორე ადგილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გუნდმა „ლიახვი 2"-მა აიღო. მესამე ადგილი სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა „დეპარტამენტი" მოიპოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებსა და გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი ჯომარდობაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის განვითარება და პოპულარიზაციაა.

გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის, თბილისის სამხატვრო აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, შარდენის ქუჩაზე გობელენის მუზეუმში აფხაზეთის ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 14 ბავშვის 40-მდე ნამუშევარი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კულტურა, განათლება და სპორტი აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტთაგანია.

„ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრები ერთადაა თავმოყრილი, რაც საერთო შთაბეჭდილებას უფრო მეტად აძლიერებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი გამოფენაა. მეამაყება, რომ ჩვენი კუთხის შვილებს ასეთი ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ზნეობრივი ნორმები და საკუთარი ქვეყნის სიყვარული საკუთარ ნახატებში, მხატვრული ორიგინალობით აქვთ გადაწყვეტილი. რად ღირს თუნდაც ეს სურათი, „ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით" და „აქ ჩემი სახლია". მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები მოდიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა, როდესაც ბიუჯეტს ადგენდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კულტურა, განათლება და სპორტი მიიჩნია. დღევანდელი დღე კი იმის დასტურია, რომ არ შევმცდარვართ. ვფიქრობ, ჩვენი ვალია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. მადლობა მინდა გადავუხადო მხატვართა კავშირს ამ გამოფენისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი მხატვრების ნიჭი და ტალანტი საზოგადოების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. უღრმესი მადლობა ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს და მის მეგობრებს, რომელთაც გზა გაუხსნეს წარმატებისკენ ჩვენს ახალგაზრდა მხატვრებს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა ამერიკელი ხალხისადმი

თქვენო აღმატებულებავ,

  მაქვს პატივი, თქვენ და სრულიად ამერიკელ ხალხს, მოგილოცოთ  ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

  ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, მშვიდობასა და წარმატებებს.

  აფხაზეთის მთავრობა მადლიერების გრძნობით აღნიშნავს თქვენი ქვეყნის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. ასევე, ფრიად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების დაუღალავ ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებაში.

  პატივცემულო ელჩო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.

 

  ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი  

მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის ხელშეწყობით აფხაზეთის მთავრობაში შეხვედრა გაიმართა

2 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაისთან საქმიანი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრა „დედათა კომიტეტის" თავმჯდომარის ქეთევან ადამიას ინიციატივითა და მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედას ესწრებოდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „HEIFER"-ის დირექტორი გიორგი მურვანიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, სამეფო ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე და სხვა პირები.

სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში არსებულ პროექტებს, რომლებიც დევნილთა დასაქმებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით ფინანსურ მხარდაჭერასა და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას.

აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „Finsol"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხივრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

მოზარდები 2 თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცემათ.

პროექტი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. მონაწილეები გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის წარმომადგენლებმა და ახლობლებმა გააცილეს. დევნილი მოზარდები საქართველოში 29 აგვისტოს დაბრუნდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ.

ჩვენი დროის გმირი – ჯუმბერ ბეთაშვილი

26 ივნისს აფხაზიეთის იუსტიციის დეპარტამენტში შეიკრიბა საზოგადოება, რათა მოეგონებინათ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილი, ჭეშმარიტი ეროვნული გმირი ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი. 26 ივნისი ბატონი ჯუმბერის საიუბილეო თარიღია. ის 75 წილის გახდებოდა.  საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია გამორჩეულად დახუნძლულია იმ პიროვნებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.   ნაღდი თბილისელი, სულით სოხუმელი და ჭეშმარიტად საქართველოს შვილი თავისი შეგნებული ცხოვრების მანილზე მთელი ძალისხმევით ძმათა შორის ხელოვნურად წარმოქმნილი  ნაპრალის შევსებას ცდილობდა.  ჩვენი სამშობლოს წინაშე ბატონი ჯუმბერის მიერ გაწეულ ღვაწლძე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა.  შეხვედრა თბილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.

საქართველოს ომის ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა პირველობა მინი ფეხბურთში დასრულდა

თბილისის მუშტაიდის ბაღში მდებარე „იმედის" საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს ომის ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა პირველობა მინი ფეხბურთში ფინალური მატჩით დასრულდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა და ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდები. მონაწილეთა შორის იყო აფხაზეთის როგორც ვეტერანთა, ისე ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდიც.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი „8 აგვისტო" გახდა, რომლის ფეხბურთელებსაც გამარჯვებულის თასი და ოქროს მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ამპუტანტ-ინვალიდთა გუნდმა მეორე, ხოლო ვეტერანთა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც მათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სამახსოვრო თასები გადაეცათ.

პრიზები ასევე გადაეცა ტურნირის საუკეთესო მეკარეს, ყველაზე ახალგაზრდა და ყველა ასაკოვან ფეხბურთელს.

ჩემპიონატის საზეიმო დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპრატის უფროსი ოთარ გარმელია დაესწრო, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის სპეციალური თასით ტურნირის საუკეთესო მეკარე დააჯილდოვა.

ღონისძიება თბილისის მერიის სპორტის სამსახურის, თბილისის მერიის მასობრივი სპორტის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის" ორგანიზებით გაიმართა.

სოხუმის თეატრის სპექტაკლ „ნავიგატორის“ პრემიერა გაიმართა

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორის" სპექტაკლის პრემიერა წარადგინა.

პრემიერას აფხაზეთის  ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კილტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

„ნავიგატორი" 200-ზემეტი ქვეყნის 1000-მდე პიესიდან შეირჩა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე მთავარი ჯილდო მიენიჭა. პიესა გასული წლის ზაფხულში BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

სპექტაკლის რეჟისორი დავით საყვარელიძეა, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია; მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, გიორგი გასვიანი, ნანა ხურითი, ედემ ხვიჩია, ნიკოლოზ წერედიანი, დავით ბერაძე, ბესარიონ ქარჩავა, იზოლდა ბოკუჩავა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამნისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლსითავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

დღეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცნობილი ოფთალმოლოგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის, სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, მედიცინის მუშაკებმა.

საიუბილეო სხდომა გახსნა აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ლომთათიძემ, საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტირ ჯაიანი. დამსახურებული ექიმი მოიგონეს მისმა მოწაფეებმა და ოჯახის წევრებმა.

სიმონ მიმინოშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოგონების ავტორია, მათ შორისაა დღესაც პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული ოფთალმოლოგიური მაკრატელი (მიმინოშილის მაკრატელი). სიმონ მიმინოშვილი დაკრძალულია ქ. სოხუმში.

27 ივნისს დაგეგმილია სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.

„სიმონ მიმინოშვილი მიეკუთნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იძლევიან კეთილშობილების, მეცნიერის მაღალი პასუხისმგებლობის და სამოქალაქო შეგნების მაგალითს. მან თავისი ცხოვრება სანიმუშოდ, ღირსეულად განვლო. ის იყო როგორც სოხუმელებს უყვართ თქმა „კარენნოი სუხუმჩანინ", დაბადებული და გაზრდილი სოხუმში, დიდებულ, ტრადიციულ ოჯახში. სიმონ მიმინოშვილმა და მისმა ძმამ ძალიან დიდი კვალი დატოვეს ზოგადად კულტურულ და, რაღა თქმა უნდა, სამეცნიერო ცხოვრებაში. მედიცინაში, ოფთალმოლოგიის დარგში ბატონი სიმონის დამსახურება დაუფასებელია. იგი ყოველმხრივ განვითარებული პიროვნებაც გახლდათ, მედიცინის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გატაცება პოეზია იყო. მას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. სიმონ მიმინოშვილის სამეცნიერო დისერტაცია, რომელიც 1950-60 - იან წლებში დაიცვა, გამორჩეული იყო პრაქტიკულ მასალაზე შემუშავებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით. აღსანიშნავია, რომ მან ფეხდაფეხ დაიარა ყოველი ოჯახი აფხაზეთში, ყოველი მათგანის ავადმყოფობის ისტორია დაუქვემდებარა გამოწვლილვით კვლევას. სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით შექმნა ბატონმა სიმონმა თავისი გიგანტური ნაშრომი, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნია უამრავი ოფთალმოლოგისთვის. სიმონ მიმინოშვილის სახელით დღესაც და მომავალშიც იამაყებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. იგი იმ პლეადის ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომლითაც სოხუმელები განსაკუთრებით ამაყობენ. დარწმუნებული ვარ, მისი სახელსა და დაბადების დღეს სოხუმში ფართოდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც აღნიშნავენ, თბილად მოიხსენიებენ, როგორც მკურნალს, მეცნიერს და ბრწყინვალე დასტაქარს. მისი გონება და სულიერი ენერგიის რესურსი მუდმივად სიკეთის, სიყვარულის და ადამიანების თვალის ჩინის სიმრთელეზე ნაწილდებოდა. აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ მის სახელს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაია გვალიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს აფხაზეთიდან დევნილ გვალიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემები, სადაც 7 არასრულწლოვანი იზრდება. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საკვებ პროდუქტებთან ერთად პატარებს სათამაშოები გადასცა. უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობა გვალიების აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებასაც გამოუყოფს.

გვალიების ოჯახში იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია  და წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილებს ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა

დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და მათ ახლახან დასრულებული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე თავი მოიყარა ზუგდიდში მოქმედმა თითქმის ყველა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მე მათ გავაცანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგები, აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. დამისვეს კითხვები ყოველი ჩვენგანისთვის მტკივნეულ საკითხებზე: ემუქრება თუ არა გალის ქართულ მოსახლეობას ტოტალური გამოდევნა საცხოვრებელი ადგილებიდან, რა ბედი ელის აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ჩვენს ტაძრებს. რაღა თქმა უნდა, შევეხეთ უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ამ ბოლო დროს გალის ტერიტორიაზე გახშირებულ გატაცებებსაც უკავშირდება. ბუნებრივია, დაისვა კითხვები ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე - დევნილთა დაბრუნების თაობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიამ გალის რაიონიდან ქართველების გამოსახლების შესაძლებლობა გამორიცხა და ჟენევის ფორმატის დადებით მომენტებზეც ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთიდან გალის მოსახლეობის არავითარ მასობრივ გამოსახლებას არ უნდა ველოდოთ, ეს უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება პასპორტიზაციის საკითხებს, რა თქმა შესაძლებელია შეიცვალოს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის დამოკიდებულება გალის ელექტორალური მოსახლეობის მიმართ; რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ჟენევის ფორმატში ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომ ამ საკითხისადმი სოხუმსა და თბილისს შორის ერთიანი მიდგომა შემუშავდეს. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, არ არის გამორიცხული ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე რეალური შედეგებიც მივიღოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ხონში, წყალტუბოს და კოპიტნარში, სადაც 10 000-მდე აფხაზეთიდან დევნილია რეგისტრირებული, 21-22 ივნისს დევნილებისთვის მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩატარდა.

ღონისძებაში მონაწილეობდნენ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები. დევნილებს ემსახურებოდა მედიკოსთა მრავალპროფილური ორი სამედიცინო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,

ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგიის განხრით დევნილებს ექიმმა-ლაბორანტმა საკონსულტაციო, ლაბორატორიული (სისხლის ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში) და ინსტრუმენტული (ულტრასონოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია) გამოკვლევები ჩაუტარა. პროგრამის ფარგლებში დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტებიც გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები უკვე მოგვარდა, იმერეთის დევნილთა ჩასახლებებში კვლავ მრავალი პრობლემაა, თუმცა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია.

„არჩევნების წინ ჩვენ ვიყავით იმერეთის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებთან, სადაც ვერ მოესწრო დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება, მაგრამ დავპირდით, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მრავალ პრობლემას უკავშირდებოდა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევითა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით მოვახერხეთ პირობის შესრულება. გუშინ და დღეს მიმდინარეობს გამოკვლევები ხონში, წყალტუბოსა და კოპიტნარის დასახლებაში. დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესს თან ახლავს წამლების დარიგება იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელსაც ექიმები პაციენტებს უსვამენ. სასიამოვნოა, რომ ხალხი ძირითადად კმაყოფილია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პირველი ჩამოსვლის დროს ექიმებმა შეისწავლეს დევნილთა მდგომარეობა და წამლების შერჩევაც სწორედ ამის საფუძველზე მოხდა. მედიკამენტებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამ წამლების მოპოვებაში დაგვეხმარა ბევრი ორგანიზაცია, თუმცა წამლების დეფიციტი მაინც შეიმჩნევა, სამომავლოდ ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ", - განაცხადა ყოლბაიამ.

ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად ემზადება მორიგი სამედიცინო გამოკვლევებისთვის სხვადასხვა რეგიონებში.

„ცოტა მოგვიანებით, დევნილთა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი გვაქვს აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, რისთვისაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით".

მისივე თქმით, მიუხედავად სამართლიანი კრიტიკისა წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემების გამო, გაწეული დახმარებისათვის დევნილები მაინც კმაყოფილებას გამოთქვამენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობები დევნილთა მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ.

„იმერეთში ჩვენი წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად ვიყავი ობიექტებზე ხონში. საგულისხმოა, რომ დევნილების დადებითი რეაქცია მოჰყვა ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ვიზიტს ხონში. იგრძნობა ისიც, რომ წლების მანძილზე მოუგვარებელი პროცესები ადგილიდან დაიძრა. მიუხედავად ჩვენ მიმართ სამართლიანი კრიტიკისა, ხონში ჩასახლებული დევნილები მაინც მადლიერნი არიან გაზმომარაგების პროექტის მიმდინარეობის, კულტურის სახლისა და ჯანდაცვის ობიექტების სამომავლო რეაბილიტაციის გამო; იმის გამოც, რომ კალაძის მიერ გაცემულ დაპირებებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა დევნილთა სამინისტრომ; დევნილებში კმაყოფილება იგრძნობა, რომ კეთდება ის, რაც წლების მანძილზე არ გაკეთებულა. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემურია წყალტუბო, სადაც დევნილები 16 სანატორიუმში არიან გადანაწილებული. აქ ყველაზე მძიმე პრობლემა საკანალიზაციო ქსელთან არის დაკავშირებული; მას შემდეგ, რაც აღდგა წყლის ყოველდღიური მიწოდება, წყლის წნევამ პრობლემები შეუქმნა გაყვანილობას, ჩამოედინება ფეკალური მასები, რაც ანტისანიტარიას და დაავადებების საფრთხეს ქმნის. ეს პრობლემა არ ახალია, ძველია; საერთო ძალისხმევით, ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. იმედი მაქვს, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად დაინტერესდებიან დევნილთა პრობლემებით. დღემდე გაურკვეველია სანატორიუმების კუთვნილების საკითხი, მოუგვარებელია გადამისამართების საკითხი; ბევრი დევნილი წყალტუბოდან წასულია, ზოგი ბათუმში ცხოვრობს, ზოგი ფოთში და ა. შ. ეს ხალხი ირიცხება წყალტუბოში, ბათუმში ან სხვაგან ცხოვრება კი თავისთავად პრობლემებს ქმნის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ამ საკითხებსაც მოევლება. რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობა ამ პროცესებში თავის წვლილს შეიტანს.

დღეს მოვინახულე საავადმყოფოში მწოლიარე რამდენიმე დევნილი. ასევე შევხვდი გულრიფშიდან დევნილ ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს ნუკრი ფარღალავას. მინდა გითხრათ, რომ მისმა ნამუშევრებმა ნამდვილად გამაოცა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. მე მას აღვუთქვი დახმარება პერსონალური გამოფენის მოწყობაში", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალ ის დევნილებს ზუგდიდში შეხვდება.

„ხვალ შეხვედრა მაქვს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დევნილებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ტრადიციისამებრ, ანგარიშს ჩავაბარებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ფინალური შეჯიბრი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, გლდანის სპორტულ კომპლექსში აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ფინალური ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სპორტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს რეგიონების ზონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლების ნაკრებმა გუნდებმა. ნორჩი სპორტსმენები ერთმანეთს მძლეოსნობაში, მინი-ფეხბურთში, ძალისმიერ ტურნირსა და ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრნენ.

შეჯიბრის მონაწილეებს აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები, სპორტული კეპები და მაისურები გადაეცათ, ხოლო სახეობების მიხედვით გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები შესაბამისი სახის დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

„ეს არის სპორტული ჟინი, აქ ჩამოსულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალგაზრდობა, ჩვენი სკოლები, აქვეა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც, ეს არის უზარმაზარი სიხარული, ეს არის სიყვარული, ეს არის სპორტი. რასაც ვაკეთებთ ფიქრი ერთისკენაა მიმართული - ფიქრი იმაზე, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში და მზად ვართ, რომ არ დავბრუნდებით ცარიელი ხელებით. მთავარია დაბრუნება იყოს და სპორტშიც, ხელოვნებაშიც, თატრშიც, მუსიკაშიც, მეცნიერებაშიც თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის აფხაზეთი, მე ყველას ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვები ამერიკულ რესტორან „ვენდი“-ს სტუმრობდნენ

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ  ბავშვებს რესტორანმა „ვენდი"-მ უმასპინძლა.

მოზარდებს რესტორანში ჰამბურგერებითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდნენ. მათთვის დღეს სპეციალურად გამოიყო სათამაშო ზონა თანამედროვე სათამაშო მოწყობილობებით, სადაც ბავშვები სასიამოვნოდ გაერთნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და რესტორანი „ვენდის" მხარდაჭერით მოეწყო.

დევნილ ბავშვებს „ჯინო პარადაისმა“ უმასპინძლა

ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობისა და „ტრიო ბრაოს" ორგანიზებით,  აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  40-მდე დევნილ ბავშვს შ.პ.ს. „ჯინო პარადაისის" აკვა პარკმა უმასპინძლა.

მრავალფუნქციურმა აკვა პარკმა ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ღია და დახურულ აუზებში სხვადასხვა სიმაღლის ტალღები წარმოიქმნება, რაც ზღვის ატმოსფეროსა და ხალისიან გარემოს ქმნიდა.

ღია და დახურული აუზების გარდა, „ჯინო პარადაისის" კომპლექსში სხვადასხვა წყლის ატრაქციონებზე დევნილმა ბავშვებმა მთელ დღე ხალსიანად გაატარეს.

აღნიშნული პროექტი „მშვიდობის ექსპრესი"-ს ფარგლებში და „ჯინო პარადაისის"  მხარდაჭერით ჩატარდა.