მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენას, ამ საქმეში ისტორიული კავშირებისა და ქართულ-აფხაზური დიასპორის პოტენციალის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების მემორიალური დარბაზის გახსნის საკითხი,   სადაც დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი, ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფოტოების და პირადი ნივთების განთავსება.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრის ბოლოს, პროექტის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ სამუშაო ჯგუფმა წარადგინა პირველი ეტაპის შედეგები, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით, ესპანეთსა და საფრანგეთში განხორციელდა.

შეხვედრაში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯანდიერი და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზედა ეწერისა და წალენჯიხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახები მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაუწია.

ზედა ეწერში ქარმა საბავშვო ბაღის შენობა დააზიანა, რომელშიც აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირებიც ცხოვრობენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ზღვაიას“ დევნილთა ჩასახლებაში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში დაზიანდა ორივე კორპუსის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ხის დაცემის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი რომან გოგოხიას ოჯახი დაზარალდა.

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ფორმატით განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, რომელმაც 2019-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე, ამოცანებსა და უმაღლესი საბჭოს მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო ბევრად უფრო აქტიური იყო ვიდრე წინა წლებში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული იყო  უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებზეც, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია შერიგების პოლიტიკის წარმატება, აფხაზეთის დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და  საქართველოს გამთლიანება.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა და  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“ და ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდი მონაწილეობდნენ.

თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მონაწილეებმა სასწავლო კურსი დაასრულეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ აკადემია „Skillwill“-თან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის მონაწილეებმა, 3 თვის განმავლობაში, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები შეისწავლეს, როგორიცაა IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ონლაინ აკადემია „Skillwill“-ის დირექტორმა გიორგი მარიამიძემ პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარასა და მერსინში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე ორი წარმატებული კონცერტით წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, ანსამბლ „აფხაზეთს“ სპეციალური ჯილდო გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და თავშესაფარს სასურსათო პროდუქტი და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისი არენაზე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი საქართველო“ და „ვერა“ შეხვდნენ. მატჩი სოხუმის კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 97:87 დასრულდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ გიორგი გაბედავასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! ეს წელი გამარჯვებების, ახალი შესაძლებლობების და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

გასულ წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობის მიმართულებით. ეს მიღწევა და შესაძლებლობათა ფანჯარა დამსახურებულად ეკუთვნით ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებსაც.

სწორედ ამიტომ მთელი გულით და განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს, ეთნო-კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს. ქვეყნის განვითარება მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

აგრეთვე უდიდესი სიყვარულით ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრებს, რომლებიც გმირულად უმკლავდებიან ოკუპაციის შედეგად მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია ქვეყნის დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება და ნდობის აღდგენა. მჯერა ერთმანეთის მხარდაჭერისა და ურთიერთპატივისცემის გზით შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.

მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. ბედნიერი იყოს 2024 წელი თქვენთვის, ჩვენი სამშობლოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ომის ვეტერანის, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის მიერ თბილისის შემოგარენში მოწყობილი სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

საპილოტე პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს კონკურსის ფარგლებში განხორციელდა და გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები გადაეცათ.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ, ყველამ ერთად, ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი გამოსვლაში ასევე ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს შეეხო.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაა. ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში, ასევე − ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა, მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის მთავრობის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ სოციალური, ინფრასტრუქტურული, დევნილთა მხარდაჭერისა და სამოქალაქო სერვისების მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობა.

პრეზენტაციის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან ქართველ სპორტსმენს, საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელსა და კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერან ფეხბურთელს სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დიპლომით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

ბიუროს უფროსმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრზე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, სასწავლო პროგრამების შესწავლისა და მათ ქართულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მიზნით.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ სტატისტიკა, ასევე  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.