აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ანზორ მარგიანმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოხსენებაში პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

„რაც შეეხება დევნილების საკითხებს.  მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. შედარებისთვის, თუ ავიღებთ 2012 წელს, რა დაგვხვდა, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ.  გაათმაგებულია დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს. ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში. დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს. ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება მომდევნო 2-3 წელიწადში“.

მთავრობის ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახორციელებს.

„შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკა. ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი  გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს  არ აქვს გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა.

მე მინდა ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად.  არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და  კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ზუგდიდში, აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.

საგანმანათლებლო სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ თანადაფინანსებით მოეწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გაიხსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბათუმში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვებიან. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 58-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ კონტექსტში აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების არსებითი მნიშვნელობა.

ასევე, აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების,  ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის გამართვა 2023 წლის 11-12 ივლისს იგეგმება.

რუსლან აბაშიძე ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრსა და ხსოვნას უკავშირდება.

ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რისი ერთ-ერთი წარმატებული მაგალითიც არის წლების განმავლობაში წარმართული ერთობლივი ქართულ-აფხაზური ძალისხმევა, შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების მოძიებისა და ისტორიული პუბლიკაციების გამოცემის მიმართულებით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი და აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიას, არქივს, პროექტის ფარგლებში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც მიმოიხილეს თითოეული გამოცემის მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობა და სამუშაო პროცესი.

რუსლან აბაშიძემ  ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ არქივისა და უნიკალური საარქივო მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ქართულ-აფხაზური პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

რუსლან აბაშიძე გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მიმართეს. სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

გაგრის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული, იქ დაბადებული და მოღვაწე ცნობილი ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და უნიკალური ფოტომასალა.

ღონისძიების ფარგლებში, გაგრის საზოგადოების წარმატებულ წარმომადგენლებს ნაყოფიერი და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის" ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მონაწილეობდა.

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გასვლითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა.

მინისტრის აპარატის პროექტში „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“ აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებიდან ორმოცამდე (15-დან 17 წლამდე) მოზარდი იყო ჩართული, რომლებმაც არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.

ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქალაქ სალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით და სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გამართა - შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსლან აბაშიძემ მიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ქართული კულტურის საღამოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სალონიკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შერვაშიძის ქუჩაზე მოეწყო, სადაც, დღეიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი იცხოვრებს.

მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.

რუსლან აბაშიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი გაიარეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დევნილ სტუდენტებს მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.

სასწავლო კურსი „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის  ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძე ღონისძიებას „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ დაესწრო

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები.  უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მოეწყო მხატვრული კითხვის კონკურსი, შესრულდა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.

„თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული.

პოლიციელებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.