აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
გიორგი ბარამია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს აღსაყდრების 33 წლისთავს ულოცავს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ულოცავს მის უწმინდესობას  და უნეტარესობას,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს  აღსაყდრების 33-ე წლისთავს.

„იოლი არ არის, ღვთის წინაშე ერის სულიერი წინამძღვრის ჯვრის ტვირთვა.  33 წელი გავიდა მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი განსაცდელის მიუხედავად,  ქართველ ერს წამით არ დაუკარგავს იმის განცდა, რომ საქართველოს ჰყავს ჭეშმარიტად ღვთის სათნო ადამიანი. რომელიც საკუთარ ჯვართან ერთად მთელი ერის ჯვარს ზიდავს. ნიშანდობლივია, რომ 33-ე წლისთავზე მისი უწმინდესობა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ხდება წინამძღოლი იმ ეპარქიისა, სადაც მტკივნეულად ფეთქავს მთელი საქართველოს გული.  ვულოცავ მის უწმინდესობას ამ თარიღს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენო უწმინდესობავ! ,,მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

დევნილი ბავშვებისათვის რესტორან „მონოპოლში“ წინასაახალწლო მიღება გაიმართა

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისათვის რესტორან „მონოპოლში" წინასაახალწლო მიღება გაიმართა.

დევნილ ბავშვებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი შეხვდნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

,,ყველა ბავშვს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2011 წელი მათთვის   ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ბავშვებისათვის კეთილდღეობის შექმნა და მათთვის ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრების უზრუნველყოფა,'' - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

300-მდე დევნილი მოზარდისთვის  სამსაათიანი გასართობი შოუ-პროგრამა მოეწყო, რომელშიც  ილუზიონისტი გია ფარადაშვილი მონაწილეობდა.  ბავშვებისათვის საახალწლო სიმღერები  მარიამ კახელიშვილმა და მარიამ აკობიამ შეასრულეს. მოწვეულმა თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები გადასცა.

წინასაახალწლო მიღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიება   რესტორან ,,მონოპოლისა"  და კომპანია ,,უნიქარდის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობის თამჯდომარის განცხადება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი დაქვემდებარებას.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იყო მისი მრევლის ჭეშმარიტი მწყემსი და წინამძღვარი. 33 წლის შემდეგ, წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სასოწარკვეთილებასა და სულიერი გაუცხოების პირობებში მცხოვრები მრევლისათვის, ასევე დევნილობაში მყოფი უამრავი ადამიანისათვის, იმედის მიმცემი და მანუგეშებელია.

მისი უწმინდესობის ტიტულატურაში, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად მოხსენიება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამოციქულო ეკლესიის ერთიანობა ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საეკლესიო კანონმდებლობითაა გამყარებული. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდან დაწყებული მისი ღვთისნიერი გზა, კვლავ აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა შერიგებით დაგვირგვინდება.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც თბილისში, კალოუბნის #16-ში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მასაიოში კამოჰარას  რეზიდენციაში გაიმართა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ  იაპონიის ელჩს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

,,აფხაზეთის მთავრობისათვის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანდაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება  დევნილ მოსახლეობას კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მაღალ დონეზე მოემსახურება.  მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება იაპონიის ხელისუფლების მიმართ,"- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიამ.

იაპონიის მთავრობა ,,გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების პროექტებისთვის საგრანტო დახმარების" ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ჩაატარებს, რომელიც თბილისში მცხოვრებ 85 ათასამდე დევნილს მოემსახურება.  პროექტის ღირებულება 102,620 აშშ დოლარს შეადგენს.

აფხაზეთის მთავრობა დასაქმების პირველ მასშტაბურ ფორუმს მართავს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიხსნება. ფორუმი 18-19 დეკემბერს ჩატარდება. 

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, უმაღლესი და პროფესიული განათლების, დასაქმებისა და სტაჟირების  უამრავი შესაძლებლობა. დასაქმების მაძიებელთათვის უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება სემინარები თემებზე: „როგორ შევადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი", „როგორ გავიაროთ ინტერვიუ" და „საპრეზენტაციო უნარები".   

ფორუმის მიზანია, დევნილებისათვის უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე და გრძელვადიან ტრენინგებზე, სტიპენდიებზე, სტუდენტურ სესხებზე, გაცვლით საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებზე  ინფორმაციის მიწოდება, რაც თვის მხრივ ხელს შეუწყობს დევნილთა მოტივაციისა და ქმედითუნარიანობის ამაღლებას, რაც შემდგომში მათ საშუალებას მისცემს საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მოიძიონ სასურველი ვაკანსია სტაჟირების, დასაქმების ან მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში.

ფორუმის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პარტნიორები კი -„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნა", ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", „კოალიცია სამართლიანობისათვის" და „Helping Hand" .

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში დევნილი ბავშვებისათვის აქცია მოეწყო

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში,  ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დევნილი ბვშვებისათვის აქცია მოეწყო. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, ქეთევან კაჭარავამ და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლექსო ლაგვილავამ 76 დევნილ ბავშვს  ბარბარობის  დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და მის პარტნიორ კომპანიებს - "ჰუმანა-ჯორჯია", "დიპლომატ ჯორჯია პამპერსი", სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა", კომპანია " ბაგი" და ბავშვთა გასართობი ცენტრები  "ბასტი ბუბუ" და "ბაობაბ"- ს  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მომავლში მსგავსი აქციების გამართვას ითავლისწინებს.

დევნილ ბავშვებს, ბარბარობის  ბრწყინვალე დღესასწაული  საპატრიარქოს წარმომაგდენლებმაც მიულოცეს და საჩუქრად ხატები გადასცეს.

ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

მოლაპარაკებებზე განხილული იქნება უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის საკითხები.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოში  განვითარებული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ნათლად გამოიკვეთა .

„ქართულ მხარეს საკმარისი არგუმენტები გააჩნია იმისათვის,რომ მოლაპარაკებების პროცესში უფრო პრინციპულად დააყენოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უსაფრთხოებისა და დევნილთა უპირობო დაბრუნების თემატიკას შეეხება," - განუცხადა ჟურნალისტებს ჟენევაში გამგზავრებამდე  გიორგი ბარამიამ.

ეს არის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა.
ქართულ დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია  მუხიანში 174-ე ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა სოციალურ მდგომარეობას გაეცნო და სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.

გიორგი ბარამიას განცხადებით, ეს არაა ერთჯერადი აქცია და აფხაზეთის მთავრობა მზადაა, რომ მსგავსი პროექტები  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების სხვა ობიექტებშიც განახორციელოს.

,,აფხაზეთის მთავრობამ, შიდა ეკონომიის საფუძველზე, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოუყო დაფინანსება. ანალოგიური პროექტის ფარგლებში, დევნილებისათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები სხვა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებშიც ჩატარდება," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი, სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.

აღნიშნულ ობიექტში 35-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია ჩასახლებული. 

გიორგი ბარამია: „რუსი ოკუპანტები რუსეთ–საქართველოს საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოტანას აპირებენ“

აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია გალის რ-ში სოფელ ფიჩორში რუსული  სამხედრო ბაზის გახსნას გამოეხმაურა. გიორგი ბარამიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების სამხედრო ქალაქის გახსნით, კრემლი ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის და არა საქართველოს.

„გალის რაიონში მდებარე 6  რუსული სამხედრო ბაზიდან, ფიჩორის სამხედრო ბაზას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. რადგან, სწორედ აქედან ხდება რეგიონში განთავსებული  სხვა ბაზების კოორდინაცია,  ამ პუნქტიდან იმართება ის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიმართავს,"- განაცხადა  გიორგი ბარამაიამ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპანტების ჩანაფიქრი ფიჩორის სამხედრო ბაზიდან საზღვაო აკვატორიისა და სახმელეთო  საზღვრის  მთელი პერიმეტრის,  მათ შორის ენგურზე  არსებული ყველა გადასასვლელის გაკონტროლებაა.

„ფაქტიურად,  კრემლის მომდევნო ნაბიჯი  რუსეთ-საქართველოს  საზღვრის ფსოუდან  ენგურზე გადმოტანა იქნება.  რაც კიდევ უფრო გაართულებს ადმინისტარციულ საზღვარზე გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილებას.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით  ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონის მილიტარიზაცია. რუსეთის მიზანია ოკუპირებული გალის ტერიტორიის სამხედრო დასახლებად გადაქცევა. დაგეგმილია  რუსი ოფიცრების ოჯახის წევრების ჩამოსახლება,  რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოკლე ხანში რუსეთმა შეიძლება განცხადებაც კი გააკეთოს გალის რაიონის საოკუპაციო ხაზზე საერთაშორისო ნორმების დარღვევით ცალმხრივი სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ფოტოგამოფენა -"სამშობლოსათვის მარადისობაში" გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, ფოტოგამოფენა - "სამშობლოსათვის მარადისობაში"  გახსნა.

ფოტოგამოფენა, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივისა და საინფორმაციო განყოფილებების ორგანიზებით  მოეწყო.

„ღონისძიების მთავარი თემა, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დოკუმენტური ფონდის დაფუძნებაა. ფონდის შექმნას მიეძღვნა დღევანდელი დღე , სადაც  უკვე 200-ზე მეტი საქმეა შესული. ამ არქივის დაკომპლექტება დღესაც გრძელდება," -  განაცხადა გიორგი ბარამიამ.

გამოფენაზე მეომართა საქმეებისა და ფოტოების გარდა წარმოდგენილიყო ფოტოხელოვან, იური მეჩითოვის მიერ გადაღებული სოხუმის ფოტოები, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ თედიაშვილის ფერწერული ნამუშევრები. გამოფენაზე ასევე წარმოგენილი იყო ომში დაღუპული მეომართა სიები.

გიორგი ბარამია იტალიის ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს კლაუდიო ჩერაის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია იტალიის ქ. პიზის მუნიციპალიტეტის მედია-დაგეგმარების, ბიზნეს კომუნიკაციების, ტურიზმისა და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს, კლაუდიო ჩერაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის, ბიზნესის ხელშეწყობის, მშვიდობის ბანაკის ორგანიზებისა და იტალიაში აფხაზეთის კულტურული დღეების გამართვის საკითხები განიხილეს. შეხვედრა იტალიური მხარის ინიციატივით გაიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა. "ეს პირველი შეხვრდრაა ქალაქ პიზის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომელიც იტალიაში საქართველოს კულტურის წარმოჩენასა და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას უკავშირდება. საკმაოდ საინტერესო წინადადებები შემოგვთავაზა იტალიის დელეგაციამ. ჩვენ მზად ვარ ვითანამშრომლოთ ყველა ევროპული ქვეყნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. მათ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი წინადადება, რომელიც დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობას წაადგება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა," - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

გიორგი ბარამიამ ნიუ–იორკში დევნილებთან შეხვედრისას გრაგნილს მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებილ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ნიუ-იორკში საქრთველოს საკონსულოში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. შეხვედრას ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული, ირაკლი ჟორდანია ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებთან ერთად ხელი მოაწერა გრაგნილს, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიმართ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართვას ასახავს. გრაგნილი რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცემა.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია დევნილების ჩართვა ყველა პროცესში. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მივიღე ამ აქციაში მონაწილეობა. ეს კიდევ ერთი მესიჯია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორცილებს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე ნებრასკას შტატის ვიცე-გუბერნატორს რიკი შიჰის შეხვდა. შეხვედრისას მხარეება განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება. ასევე, აშშ-ში შეხვედრის ფარგლებში გიორგი ბარამიამ  და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ბიატრისის სტუდენტური დაწესებულების" პრეზიდენტმა, დევნილებისათვის გაცვლითი პროგრამების საკითხი განიხილეს. აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ამერიკელ მილიარდელ ტონი დუნკანთანაც, რომელმაც საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველშო ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.

აფხაზეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, ნანა ფიფიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ნანა ფიფიას ოჯახს, არსებული პრობლემის გარკვევის შემდეგ ერთჯერადი დახმარება გადაეცა. ამასთანავე სტაციონალური მკურნალობის პერიოდში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა ჯგუფი პაციენტის მდგომარეობას მორიგეობით აკონტროლებდა.

აფხაზეთის მთავრობა  ნანა ფიფიას ოჯახს კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალშიც დაეხმარება.

გიორგი ბარამია აშშ–ის ნებრასკის შტატის ვიცე–გუბერნატორს რიკ შიჰის შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აშშ-ის ნებრასკის შტატის ვიცე-გუბერნატორს, რიკ შიჰის შეხვდა. გიორგი ბარამია ვიცე-გუბერნატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე  მთავრობის თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, ამ პროცესში სახალხო დიპლომატიის როლსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე. ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობა სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის წევრის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი გიას სახით საქართველომ დაკარგი კარგი მამულიშვილი, ბრწყინვალე მეცნიერი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი პიროვნება.